Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი და მშვიდობა კლოუნის თვალთახედვით


ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!

ბერტოლდ ბრეხტი
„კავკასიური ცარცის წრე“

წელს ბიოლის დაბადების ასი წლისთავია...

ჰაინრიხ ბიოლი არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი მწერალი. არც იქნება. და მაინც, სხვა არც ერთი მგოსნის სახელი ისე არ მითბობს სისხლს, როგორც მისი.

კელნთან ახლოს მდებარეობს სოფელი ლანგენბროხი, რომლის ცენტრშიც დგას ერთი სახლი, სადაც ბიოლმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. იგი აქ დაბერდა და მოკვდა, ჩემი ქალიშვილი კი - ჩაისახა და დაიბადა. შეიძლება, ეს სენტიმენტალური ესტაფეტა ერთობ პრივატული ხასიათისაა, თუმცა ჩემთვის მთელი პოეტური პარადიგმაა.

ამ ლანგენბროხზე ჩემს „ტურისტის საუზმეში“ უკვე ვწერდი. ერთსღა დავამატებ. დიდი მაზალო სოფელია. აქ თითქმის ყოველი სახლის ფასადზე ჯიხვის რქები ან ტახის თავია მიჭედებული. ცხადია, ეს მხოლოდ დეკორაციაა, აქ არავინ ნადირობს. თუმცა ეს მარტო ლანგენბროხული ამბავი არ არის, რეგიონის თავისებურება უფროა. გერმანიის ამ მხარის ხალხს განსაკუთრებულად უყვარს ტაქსიდერმული დეკორი. ეგაა, სასიამოვნო ამაში ბევრი არაფერია. მით უფრო, როცა ხვდები, რომ სადღაც აქვე თვით ტაქსიდერმისტიც უნდა ცხოვრობდეს - ვიღაც ხომ აჭრის იმავე ტახებს თავებს, შიგნავს და ნამჯით ტენის?

ბიოლზე საუბრისას პირადად მე მუდამ მახსენდება მისი ალბათ საუკეთესო რომანი „ბილიარდი ათის ნახევარზე“ - წიგნი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ომი არ დამთავრებულა.

და არ დამთავრდება, სანამ იქნება ადამიანი.

ადამიანი არის სიტყვა. ყოველი სიტყვა კი უკვე კონფლიქტია - ქაოსი, კონკურსი, ბრძოლა. რა მნიშვნელობა აქვს, რით იბრძვი, მომწამლავი გაზით თუ საპნის ბუშტით. ისიც უმნიშვნელოა, რისთვის იბრძვი, მშვიდობის მოსაპოვებლად თუ მოსასპობად - ომი ომია.

მე ვარ ადამიანი, შესაბამისად, მე ვარ მეომარი. მერე რა, რომ ავტომატით არ ვხვრეტ მოხუცებს და დანით არ ვჭრი ბავშვებს ყელს, სამაგიეროდ, სიტყვებით ვსარგებლობ - რაც თავისთავად ნიშნავს ომს.

სანამ იქნება ადამიანი, უთუოდ იქნება სიტყვა და, შესაბამისად, იქნება ქაოსი და ომი. ანუ არ იქნება მშვიდობა. მხოლოდ იქნება შედარებით აქტიური და პასიური, კონსტრუქციული და დეკონსტრუქციული ომები, და ა.შ. სრული მშვიდობისას სიტყვები არაა საჭირო. აქ მაინცდამაინც არ არის აუცილებელი ორუელისეული ახალმეტყველებიდან ცნობილი ციტატის მოტანა იმის საგრძნობად, რომ თვით სიტყვა „მშვიდობას“ ომის სურნელი გასდევს.

სრულ მშვიდობას ალბათ ხელოვნური ინტელექტიღა დაამყარებს - უნივერსალური სუპერკომპიუტერი, რომელსაც არა მარტო არ დასჭირდება ემოციები, თვითრეფლექსია, წარმოსახვა და ქცევის კოდექსი, ანუ ადამიანობის განმსაზღვრელი ფუნდამენტები, არამედ არ დასჭირდება, პირველ ყოვლისა, სიტყვები. ადამიანი კი სულ რომ უკაცრიელ კუნძულზე დაასახლო, იქაც იომებს, თუნდაც საკუთარ დემონებთან. მთავარია, გული გულობდეს, თორემ შინაგან კონფლიქტს ჯაკუზიშიც მოახერხებ კაცი. აქ არც „მაინ კამპფის“ ციტირებაა საჭირო იმის გასაგებად, რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ სიტყვის ანუ ადამიანის გაქრობის შემთხევაშია შესაძლებელი. ოღონდ ასეთ დროს სიტყვა „მშვიდობის“ მნიშვნელობაც თავისთავად გაქრება.

მაიაკოვსკის ერთგან აქვს: „ჩვენ ვამბობთ ლენინი - ვგულისხმობთ პარტია“. ჩვენც ასე ვართ, ვამბობთ ომი - ვგულისხმობთ მშვიდობა.

აი, ახლაც, ვამბობ ბიოლი, ვგულისხმობ ჩემი შვილი...

ვუყურებ ჩემი სამი წლის ქალიშვილს შინ თუ გარეთ, აბაზანაში გასაპნულს თუ საბავშვო ბაღში „ლეგოსთან“ ჩაცუცქულს, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ასე იყო და ასე არის ხეოფსის პირამიდიდან მასლოუს პირამიდამდე. ადამიანის ყოველი დღე ქაოსი, კონფლიქტი, კონკურსი და ბრძოლაა... და მაინც, ვუყურებ ჩემს ქალიშვილს და სისხლი საამოდ მითბება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG