Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 სექტემბერი. See content from before

სამშაბათი, 14 სექტემბერი 2010

ისინი იდგნენ.

იდგნენ ვაკეში, ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ და გადმოღმა – მიწისქვეშა გადასასვლელთან, მაღაზიების წინ.

ბევრნი იდგნენ პირველ კორპუსთან – გაღმაც, გამოღმაც და მიწისქვეშაშიც, ორ ადგილას.

იდგნენ დელისის მეტროს წინ, მეორე, უკაცურ ამოსასვლელთან.

ისევ დელისთან, ვაკე საბურთალოსკენ რომ ჩაუხვევდი, ორნი ჰყიდდნენ წიგნებს, ცალკ-ცალკე იდგნენ. ერთი 4 ნომრის გაჩერებასთან, მეორე ქვემოთ, გადასასვლელთან. ერთი მეიაფე, მეორე მეძვირე.

ასევე ქვემოთ, ვაჟას ჩაყოლებაზე იდგნენ, სამედიცინოს მეტროსთან. წიგნები ზედ მიწისქვეშა გადასასვლელის გრანიტის ფილებზე ჰქონდათ გაშლილი. აქაც ორნი იყვნენ – ქართველი და რუსი.

წიგნები იყო პეკინის დასაწყისშიც.

ერთი სტელაჟი დოლიძის ქუჩის დასაწყისთან ახლოსაც იდგა.

ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაღმართზეც იდგნენ, ტელევიზიასთან, იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელს ერთი მხრიდან უზარმაზარი “სტუდენტური სახინკლე” დაჰყურებს, მეორე მხრიდან კი “გეპეის” სტალინური კორპუსი.

ისინი იდგნენ თავისუფლების მოედნის ქვეშ, დაბალჭერიან გადასასვლელში, ძლივს ეტეოდნენ, აქ ხანდახან 10-მდე წიგნით მოვაჭრეც კი გროვდებოდა ხოლმე.

ამოვიდეთ მიწის ზედაპირზე. აქაც ბუკინისტები იდგნენ, ყველაზე მეტი კი ბანკთან, პუშკინის ქუჩის დასაწყისში.
იდგნენ კოლმეურნეობის მოედანთან, გაფანტულად.

ქაშუეთის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ქალი იდგა, ძალიან კარგად შენახულ ძველ წიგნებს ყიდდა. ყოველ მეორე წიგნს რაიმე დამაინტრიგებელი ფაქსიმილე ამკობდა. მეძვირე იყო, მაგრამ აკლებდა ხოლმე.

იდგნენ პირველ საშუალო სკოლასთან.

თბილისი ”მერიოტის” მოპირდაპირე მხარესაც იდგნენ.

ოპერის წინ, გადაღმა და მიწისქვეშაშიც იდგნენ.

ზემელზეც ყველგან იდგნენ, მიწისქვეშაც, და მიწის ზემოთაც. ხანდახან სრულიად უცნობი გამყიდველები გამოჩნდებოდნენ და შემდეგ ისევ ქრებოდნენ.

გამომცემლობა “სამშობლოს” წინ. აქ წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იყო მთელს ქალაქში. აქ იდგნენ თუ იდგნენ.
ვერაზეც იდგნენ რამდენიმე ადგილას.

მარჯანიშვილის მეტროს ამოსასვლელთან, რამდენიმეგან.

ასევე მარჯანიშვილზე – მაკდონალდსის გასწვრივ იდგნენ.

გლდანში, ახმეტელის მეტროს წინ 3 დიდი დაფა იდგა განცალკევებით.
დინამოს სტადიონის წინ.

ვაგზალზე.

ოკრიბის ავტოსადგურზე...

ვინმე შეიძლება შემომედავოს - “იდგნენ კი არა, ისხდნენ”-ო, რაზეც ვუპასუხებ: არა, ისინი იდგნენ, როცა მიხვიდოდი – დგებოდნენ, ყოველთვის ფეხზე გხვდებოდნენ. იდგნენ რაღაცის სადარაჯოზე, ირჩენდნენ თავს, არჩენდნენ პატარა ოჯახებს, იდგნენ სხვების განათლების სადარაჯოზეც, თავიანთი განათლებისთვის ვერ იცლიდნენ. მხოლოდ ერთეულები იცლიდნენ წასაკითხად. ხანდახან ჩამოჯდებოდნენ თავიანთ პატარა ჯორკოებზე, მეთევზის გასაშლელ სკამებზე. ზოგს საერთოდ არც ჰქონდა სკამი, ცივ გრანიტზე იჯდა, ან აგურებზე, აყრილ ქვაფენილზე, წიგნებზე...

ზოგიერთი მათგანი დღეს ალბათ ცდილობს, სხვა საქმეს მოეკიდოს. ზოგი ყოველ დილას უბრუნდება ძველ ადგილს, უბრუნდება წიგნების გარეშე. წიგნების გარეშე მას ვერავინ ცნობს - სახე დაკარგა წიგნების გარეშე. თავის შვილთან ერთად შეჭედილი სტელაჟის წინ ის პიროვნება იყო, ახლა ის აღარავინაა, უჩინმაჩინია. ამათგან ზოგიერთი შესაძლოა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ვიღაცამ კარდაკარ დაიწყო სიარული, ბევრი, ალბათ, სახლში ზის, მიშტერებია წიგნების სვეტებს, წიგნებითვე გამოტენილ გიგანტურ ჩანთებს, კარებთან დატოვებულ შეკვრებს.

ზოგი, ალბათ, ისევ იქ ინახავს წიგნებს, სადაც ინახავდა. იცით ალბათ, რომ წიგნით მოვაჭრეს თავისი საქონელი სახლში არ დააქვს, არამედ მეზობლად ქირაობს მცირე “საწყობს”...

უკვე კვირაზე მეტია ქალაქი წიგნებისგან დაცარიელდა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წიგნებისგან გაასუფთავა ქალაქი. დღეს თბილისში უკვე აღარაფერი გაგახსენებთ წიგნებს. აღარც არტურაა, აღარც გია, აღარც ავთო, ვაგანა, ალიკა, როინი და ალექსანდრე. არ ჩანან ქალბატონებიც. ორი დღის წინ ზოგიერთი მათგანი საკრებულოს საიტზე ”გამოჭიმეს”, როგორც გარემოვაჭრეები. უბრალოდ, გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და ესაუბრნენ. ფოტოზე ყველა ვიცანი, აბსოლუტურად ყველა, ზოგის სახელი გავიხსენე, ზოგის ვერა. ფოტოებზე ხანდახან იღიმიან, ხანდახან იმედი აქვთ. არ უნდათ ნესტიან და ყველასგან დავიწყებულ ადგილას გადასვლა. იციან, იქ არავინ მოვა, იქ მათ ვეღარავინ იცნობს, იქ შეიცვლებიან, იქ ძველი ნაცნობები ვეღარ მიაგნებენ, ყველაზე ერთგული მყიდველი დაიკარგება იმ ადგილამდე სანამ მივა. მათ ქალაქში უნდათ ყოფნა, ხალხთან, ისინი ქალაქის მარილი არიან, ზოგი მეძვირე, ზოგიც მეიაფე.

ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით. ძვირიანი კალენდრები, პლაკატები, კალმები, ფლომასტერები, ჭრელი მარკერები. და რაც მთავარია - ნამცხვრები, ნამცხვრები, ნამცხვრები! სხვანაირად ვერ იტყუებენ იქ ადამიანებს.

ქუჩის ბუკინისტებთან კი წიგნებისთვის მიდიოდა ხალხი და არა გასაგრილებლად და კალორიების მისაღებად. ქუჩის ბუკინისტებთან წიგნის მოყვარული ნევროზს მკურნალობდა, მკურნალობდა წიგნებით და არა უზომო რაოდენობის ტკბილეულით. დღეს ასეთი ბიბლიონევროზით დაავადებულნი საკვების გარეშე დარჩნენ. 3-4 მაღაზია ეყოფათ მათ? თანაც ძვირია წიგნები ამ მაღაზიებში და ლამის 50%-მდე ავიდეს მაღაზიის ფასნამატი.

წიგნებით მოვაჭრე ძველ თბილისში
ახლა კი საქმეზე.

არა მგონია დედაენის ძეგლთან ბუკინისტების გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, მკითხველები არ დავთანმხმდებით, ადამიანები, რომლებიც შეიძლება პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე კი ვცნობთ ერთმანეთს, რადგან არტურასთან გვინახავს ერთმანეთი, გიასთან გვინახავს ერთმანეთი, ავთოსთან, ვაგანასთან და სხვებთან, მეძვირეებთან თუ მეიაფეებთან. ჩვენ არა ვართ თანახმა. ეგრე არ გამოვა. თუ მაინცდამაინც ერთად გინდათ მოაყუჩოთ ქუჩის ბუკინისტები, რატომ ტაბიძის ქუჩას არ დაუთმობთ, ზედგამოჭრილი როა წიგნებისთვის! გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აი იმას, თავისუფლების მოედნიდან რომ აუდის საკრებულოს შენობას. დაუთმეთ ის ახალი, გარემონტებული მონაკვეთი წიგნებს, მათ შორის იმ ნამცხრებიან წიგნების მაღაზიებსაც. დავარქვათ იმ ადგილს “წიგნის უბანი”, ანდა რაც გინდათ ის დავარქვათ, უბრალოდ ნუ გადახვეტავთ ქალაქის ქუჩებიდან წიგნებს! ნუთუ ტყუილად იდგნენ ისინი ამდენი წელი?! ნუთუ არ არიან ღირსები უფრო ამაყად დადგნენ, ახალ დახლებთან, ისევ ქალაქში, ისევ ყველას თვალწინ, ისევ ნაცნობებთან, ძველ მუშტართან ერთად, ან სრულიად უცნობ ყმაწვილებთან ერთად, მორცხვად რომ იქექებიან მტვრიან წიგნებში, შინაურდებიან.

ხომ დგას პრესის ჯიხურები?

ხომ დგას საშაურმეები? სადაც ათწლეულების წინ განაყინი ხორცის წვით ამყრალებენ ქალაქს.

რატომ არ შეიძლება წიგნებსაც ჰქონდეს ამ ქალაქში თავისი ადგილები, ან ერთი დიდი კარგი ადგილი.

ნუთუ არ გინახავთ წიგნის ქუჩები, წიგნის უბნები ლონდონში, პარიზში, ბუენოს-აირესში, რომში... არ გსმენიათ მაინც ამ უბნებზე, სადაც იდგნენ და ახლაც დგანან წიგნით მოვაჭრენი, ბრიტანელები, ინდოელები, არაბები, არგენტინელები, იტალიელები, განსხვავებული გაგების, განსხვავებული პრინციპების ადამიანები, რომლებსაც ხშირად წიგნის წაკითხვის დროც კი არ რჩებათ მკითხველის გადამკიდე.

ჩვენებმა რაღა დააშავეს, ჩვენმა წიგნით მოვაჭრეებმა, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე იდგნენ! ჩვენ კი მათი წიგნებით გვედგა სული!

ისინი იდგნენ.

იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.

ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით!
კომედიით დაიწყო ყველაფერი: რამდენიმე კაცს მოეჩვენა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ თბილისში. არა, მოდით, სიტყვა „მოეჩვენა“ სხვა სიტყვით შევცვალოთ.

მოკლედ, რამდენიმე კაცმა გაიაზრა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ საქართველოში. „გაიაზრა“ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს ევროპის ქალაქებში მოწყობილი აღლუმის კადრები. სხვათა შორის, ეს კადრები „კურიერ პოსტსკრიპტუმშიც“ მოხვდა ჟურნალ „მეს“ გამოსვლასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ერთი წუთი დაუთმო ახალი ჟურნალის გამოსვლის ფაქტს, სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი კი „აღლუმის“ სრულიად ეგზოტიკური კადრებით შეავსო. ინტერვიუც ჩართო თეო ხატიაშვილთან, რომელიც ასე გაგვაცნო: „თეო ხატიაშვილი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ თანაუგრძნობს უმცირესობებს“.

ამ იდიოტური და, მე თუ მკითხავ, მავნებლური სიუჟეტის ნახვის შემდეგ, მაყურებელს ჟურნალ „მე“-ზე წარმოდგენა ნამდვილად არ შეექმნებოდა. მაგრამ რაღაც გაიაზრა ეჭვიანმა ქართველმა კაცმა, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი წელია ატყუებს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები; რომელსაც გარდამავალ ასაკში – როცა სხეულში სისხლი ახლებურად იწყებს ჩუხჩუხს – მშობლები არ უხსნიან ჩუხჩუხის მიზეზებს; და ბოლოს, რომელმაც იცის: თუ ამ ქვეყანაში მორალზე ბევრს ილაპარაკებ, ხალხსაც „მორალურად მდგრადი“ ეგონები – ქუჩაში გაგაჩერებენ, კარგი კაცი ხარო, გეტყვიან, სუფრაზე ჯიგრულად გადღეგრძელებენ და არც მოძღვართან გექნება პრობლემები...

მოძღვარი! ჰო, მედიასაც ჰყავს თავისი მოძღვრები. ამიტომ ჟურნალი „მეს“ ანონსში ჟურნალისტი, კარგადაც რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი, ვერ დაიწყებდა იმის ახსნას, რომ ჰომოსექსუალიზმი (იქ, სადაც მეცნიერება კარგადაა განვითარებული), დიდი ხანია არ ითვლება არც ავადმყოფობად, არც ცოდვად, არც კანონის დარღვევად.. და, სხვათა შორის, არც „არჩევანია“, როგორც ამტკიცებენ ხოლმე ის ქართველი ლიბერალები, რომელთაც, როგორც ჩანს, ასევე რაღაც დააკლდათ მშობლებისგან „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდში.

მოკლედ, გავაერთიანოთ ეს ყველაფერი – მოწყენილობა, უსაქმურობა, საშუალო განათლების კატასტროფული დონე საქართველოში, პოლიტიკოსები, რომლებიც მუდამ იტყუებიან, მოძღვრები... შიშსა და მარტოობაში ჩავლილი „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდი და მივიღებთ ყველაფერსა და ყველაზე გაბოროტებულ კაცს, რომელმაც ტელევიზორში ნახა დასავლეთში მოწყობილი „გეი-პრაიდის“ კადრები და მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც მზადდებოდა.

კომედია სწორედ ამის მერე დაიწყო. სადღაც ითქვა, აპირებენო, და ატყდა ერთი ამბავი: მედიამ, რომელსაც, როგორც უკვე შევთანხმდით, ჰყავს თავისი მოძღვრები, ერთი თვე უტრიალა ამ თემას; „დანიშნა“ გეი-აღლუმის თარიღი, ჯერ თბილისში, მერე – ბათუმში და 26 აგვისტოს მაინც მოაწყობინა აღლუმი – „სიძულვილის აღლუმი“, რომელიც უკვე ნამდვილად აღარ იყო სასაცილო.

რა გამოდის? თუ ეს კვაზიგამონათებები, კვაზიხილვები ნორმალურია საზოგადოებაში, რომლის წევრებს საკუთარი ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, მაშინ „სიძულვილის აღლუმიც“ ნორმალური და ბუნებრივი ყოფილა?

არა, ბატონო! არც ამდენი „გავუგოთ“ ივარგებს.

იმას კიდევ გავუგებთ, სხეულის ჰიგიენის ნაცვლად, პატრიოტულ ლირიკას რომ ასწავლიდნენ „სისხლის ჩუხჩუხის“ ასაკში. მაგრამ არ მოვთხოვოთ პასუხი ამ ინსტიტუტებს, ფული და ძალაუფლება რომ აქვთ და „სიძულვილის აღლუმის“ პროვოცირებას რომ უწყობენ ხელს? თუნდაც საპატრიარქოს, რომელმაც ბათუმის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, თავად შეუწყო ხელი ჭორის გავრცელებას და რამდენიმე კაცის ხილვაზე მთელი „კონცეფცია“ ააგო; ხელისუფლებას მოუწოდა, მიეღო ზომები! არც ხელისუფლება ჩამორჩა: 26 აგვისტოს აქციაზე ბათუმელმა ჩინოვნიკებმა სახალხოდ დაიფიცეს, რომ მათ ქალაქში არ დაუშვებდნენ ასეთ აღლუმებს.

სამაგიეროდ, „სიძულვილის აღლუმი“ დაუშვეს – მუქარით, წყევლით (თანაც, სხვათა შორის, მარხვის დღეებში). არ ვიცი, რას იტყოდნენ მერე ამ ორი ძლევამოსილი ინსტიტუტის წარმომადგენლები, გაბოროტებულ მასას შემთხვევით რომელიმე ცნობილი ბათუმელი ჰომოსექსუალი რომ შეენიშნა ქუჩაში და ჩაექოლა. ან იმას რომ ჩაევლო შემთხვევით, და ამ ხალხის დანახვაზე გული გასკდომოდა...

რას იტყვიან ეს ინსტიტუტები, თუ გაირკვევა, რომ "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ამ კადრების დანახვაზე უამრავ ჩვენს თანამემამულეს მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა – სიძულვილის ხილვამ დააავადა! ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში უმეცრების, სიბნელისა და ზიზღის მასშტაბების კატასტროფული ზრდისთვის, თუ არა ის ინსტიტუტები, რომელთა ხელშია ძალაუფლება: ხელისუფლება, პოლიცია, ეკლესია, მედია?!

უკვე მთლად ვირტუალური, გამოგონილი რეალობის მართვა რომ გიხდებათ, ვერა გრძნობთ? მართლა „მოდელირებული“ რომ გახდა ეს ქვეყანა, ამას ვერ ხედავთ? და თქვენ თუ არა, სხვებს რატომ უნდა რცხვენოდეს ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც უყვარს? რატომ უნდა რცხვენოდეს, რომ უყვარს „მოდელირებული ქვეყანა“ – მთელი თავისი ინსტიტუტებით და ადამიანებით, რომელთაც უკვე მაშინ, როცა სისხლი უჩქეფთ, როცა სიყვარული და სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდათ, „სხეულის ჰიგიენის“ ნაცვლად, ცოცხალ არსებათა სიძულვილს ასწავლიან?..

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG