Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩვევია, მყისიერი და ელვისებური გადაწყვეტილება მიიღო და 6 მაისი საქართველოს პოლიციის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება ან შესაბამისი საკანონმდებლო აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. არსებობს მხოლოდ „24 საათში“ გამოქვეყნებული განმარტება, რომელსაც პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს.

„აქამდე არსებობდა ორი თარიღი 10 ნოემბერი - პოლიციის დღე და 30 ნოემბერი - უშიშროების თანამშრომლის დღე. ორივე თარიღი სრული ანაქრონიზმი იყო, რადგან ერთი საბჭოთა მილიციის, მეორე კი საბჭოთა ჩეკას შექმნას აღნიშნავდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ახალი დღის შერჩევა. 6 მაისი საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება. ჯერ ერთი, გიორგობაა და ამასთან ერთად ეს ის დღეა, როდესაც აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის რეჟიმისაგან. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, სწორედ 6 მაისი ავირჩიოთ“, - წერს საგაზეთო კომენტარში ივანე მერაბიშვილი.

არგუმენტირებული განმარტებაა, ოღონდ - დაგვიანებული.

საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, ოპიზიციის ნაწილში 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ „უსიამოვნო ემოციები“ აღძრა. რადიკალური ოპოზიციის ერთ ნაწილს (ნინო ბურჯანაძეს, ეკა ბესელიას, ლევან გაჩეჩილაძეს) გაახსენდა 2009 წლის 6 მაისი, როდესაც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისულ მომიტინგეებს (რომელთა ნაწილი აგრესიული ფორმით მოითხოვდა დაპატიმრებული სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას) პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა; ხოლო ოპოზიციის უფრო ზომიერი ფრთა (ირაკლი ალასანია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია) მიიჩნევს, რომ „პოლიციის დღის აღნიშვნა რელიგიურ დღესასწაულს არ უნდა ემთხვეოდეს.“

პირდაპირ ვიტყვი: მკრეხელურს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ პოლიციის დღე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვევა. მით უფრო, ისეთი წმინდანისას, როგორიც წმინდა გიორგია, რომელიც თავადაც ჯარისკაცი იყო. საქართველოს პოლიცია დღეს მარტო კრიმინალს არ ებრძვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განტოტვილი და რთული სტრუქტურა აშკარად წააგავს გასამხედროებული ორგანიზაციისას, რომელიც - საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში - საზღვრის დაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის ფუნქციებს ითავსებს.

თანაც, ამ საკითხში ჯერჯერობით ცნობილი არ არის საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. ამიტომ კონკრეტული თარიღების ამგვარი მიუღებლობა ნებისმიერ ოპონენტს „რომის პაპზე უფრო კათოლიკედ“ წარმოაჩენს.

არც ისაა გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილი, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი ხშირად საყვედურობს მებრძოლ ათეისტობასა და მართლამადიდებელი ეკლესიის როლის უგულებელყოფას - გულწრფელად ესწრაფოდეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის კეთილგანწყობის მოპოვებას. მარტში, რუსეთის გაზეთ „კომერსანტში“გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, რომელშიც მერაბიშვილი ორაზროვნად საუბრობს საქართველოს პატრიარქისა და კრემლის ურთიერთობებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების წინ, შესაძლოა, ცუდი სამსახური გაუწიოს ხელისუფლების ფავორიტ გიგი უგულავას. რომელიც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ „ეკლესია, ხელისუფლება და ხალხი“ განუყოფელია.
სამი თვეა, ბლოგისთვის არაფერი დამიწერია. ახლა მოგიყვებით, თუ რატომ გამოვიდა ასე და რას ვაკეთებდი ამ დროს. მშვენივრად მესმის, რომ შეიძლება არ დაგაინტერესოს. ამიტომაც დავიწყე ასე. მერე რომ არ თქვა, აბა, რაში მაინტერესებდა, რატომ მომაცდინეო. თავს როგორ მიეცი უფლებაო. მივეცი, იმიტომ რომ, რავი, მაინც ბლოგი ჰქვია და არა... თუმცა, ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ.

თავიდან დავიწყებ. ზოგმა იცით, რომ რადიო თავისუფლებაში ნინო გელაშვილთან ერთად მიმყავს დილის პროგრამა. ცხრიდან ათამდე გადის ყოველდღე, ”მწვანე ტალღაზე”. თუ დაგაინტერესებს, მაღლა მანდ ბმულია, ”აუდიოარქივი” აწერია და შეგიძლია მოისმინო. მესამე წელია ამ გადაცემაზე ვმუშაობ (ნინო მეტს - მისთვის მეხუთე წელი დაიწყო) და ძალიანაც კმაყოფილი ვარ. დილას ადგომა მიწევს, რასაც მეგონა, რომ ცხოვრებაში ვერასოდეს მოვახერხებდი, მაგრამ სხვა მხრივ გადასარევი საქმეა. ერთი ეს იყო, რომ გადაცემა ყოველთვის კარგი არ გამოდიოდა. იყო დღეები, როდესაც ჩვენ თვითონ მოგვწონდა, სხვა დროს კი ნინოც და მეც ვხვდებოდით, რომ ცოტა მოსაწყენი გამოდიოდა. წამყვანისთვის ცოტა მოსაწყენი კი მსმენელისთვის შეიძლება სულაც გაუსაძლისი იყოს.

ჰოდა, გადავწყვიტეთ გადაცემისთვის ცოტათი ფორმატი შეგვეცვალა, რომ ცოტა უფრო შეკრული, მწყობრი და საინტერესო გამოსულიყო. მგონი გამოგვივიდა (”მწვანე ტალღა” გადის 107.4-ზე. ინტერნეტშიც კი მოისმენთ, მაგრამ, დილით სულ სხვაა). ახლაც ვამატებთ და ვაკლებთ რაღაცეებს. მაგრამ ამ მიმატება-გამოკლებას დიდი დრო მიაქვს. ჯერ ერთი, ახალ ბადეს მიჩვევა უნდა. მერე, ამ დამატებულ რამეებს მეტი მომზადება სჭირდება, ვიდრე ფორმაში ჩადგები, ასე შემდეგ...

მოკლედ, პირველი მიზეზი ის არის, რომ დილის პროგრამაზე ვიყავი გადართული. მეორე კი ის არის, რომ მთლად კარგად ვერ ვხვდებოდი, რაზე უნდა დამეწერა.

საქმე იმაშია, რომ ბლოგი ბევრნაირი არსებობს და დროთა განმავლობაში ფორმას იცვლის. ამ საიტზე თვითონ ავტორი წყვეტს, რა გააკეთოს და როგორ. ამიტომაც გვაქვს განსხვავებული ტიპის და შინაარსის სტატიები (რა ვქნა, მიჭირს ”პოსტების” წერა. დავძლევ ალბათ მალე თავს). ჩემი დაიწყო, როგორც სალაღობო, მოპირადულო ბლოგი და ნელ-ნელა რაღაც ნაკვესებისმაგვარი კრებულის სახე მიიღო.

თავისთავად ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ, რადგან ყველა პოსტი (აჰა, დავნებდი მეც) უფრო საჟურნალე სვეტს დაემსგავსა, ახლის მოფიქრება უფრო და უფრო გამიჭირდა. ხომ იცი, გეწყება მერე, რომ აბა, ეხლა რაზე დავწერო, აგერ, მოდელირებული ქრონიკა და მერე კიდევ ”იმედის” სხვა უმსგავსობები და მერე ფიქრობ, რომ რაღაც შტატიან მლანძღველად გადაიქეცი და სულ არ არის ეგ კარგი და ამასობაში აღარც არაფრის დაწერა გინდება.

ამასთან, სულ არ მგონია, რომ რასაც ვწერ, ყველაფერი გადასარევია, მაგრამ მე თვითონ მომწონს ხოლმე. აბა, ისე რა აზრი აქვს. ჰოდა, ვიწყებდი და მერე არ ვიყავი კმაყოფილი და ასე... ისე, ერთი ილუსტრაცია მოვიფიქრე და რადგან თავად სტატია აღარ გამოვიდა, ბარემ აქ ჩავსვამ. თან ცოლიც ვამუშავე ფოტოშოპში, ეგეთები ჩემზე კარგად იცის და რატომ დავუკარგო შრომა. მიხვდებით რომ ძველია. მინაწერი ასეთი უნდა ჰქონოდა - ”არის აქ რამე გაუგებარი?”

მოკლედ, ამ განცდებში ვიყავი, რომ უცებ ვიფიქრე. ბლოგია და ჩემია. თუ სტატიის დაწერა მომინდება, სტატიას დავწერ. თუ არა და, მოვბოდავ რასაც მომინდება. აი, მოვბოდე...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG