Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 4 თებერვალი. See content from before

ოთხშაბათი, 3 თებერვალი 2010

ამერიკაში გამგზავრების წინ ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ისევ ბლოგთან და ფეისბუკთან იქნებოდა დაკავშირებული, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. პირიქით, ვფიქრობდი, წავალ, ცოტას დავისვენებ ამ 24 საათიანი ბლოგური რეჟიმისგან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მედიაექსპერტებს მოვუსმენ, ნიუ-იორკს თვალს შევავლებ და განტვირთული დაბრუნდები-მეთქი.

ღია საზოგადოების ინსტიტუტმა სწორედ ნიუ-იორკში მოუყარა თავი მედიისა და საინფორმაციო პროგრამების კოორდინატორებს მრავალი ქვეყნიდან, რათა მათ მედიის ახალ პრიორიტეტებზე, ახალ ტენდენციებზე ემსჯელათ. ჰოდა, სამუშაო შეხვედრებზე იმდენჯერ ახსენეს სიტყვები „ბლოგი“, „ფეისბუკი“ და „ტვიტერი“, რომ ჩემმა კოლეგამ, ირაკლი ცერცვაძემ, ბოლოს მკითხა – ნეტავ, პროფესიული მედია კიდევ ვინმეს თუ სჭირდებაო?

როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო მედიის ყველაზე პროგრესული მიმართულება საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ჩართულობაა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისტემებში. ამერიკელი ექსპერტები (და არა მხოლოდ ისინი) მედიის მომავალს სწორედ სამოქალაქო ჟურნალიზმის განვითარებას უკავშირებენ.

ამერიკაში – ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია, ხოლო ინფორმაციის გამოქვეყნებას პრეზიდენტის გადადგომაც კი შეიძლება მოჰყვეს – მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოქალაქე, საზოგადოების წევრი ჩაერთოს ახალი ამბების მოპოვება-გავრცელებაში და საჯარო დისკუსიებში.

მაგალითად, ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ხელმძღვანელებს გამჭვირვალობად მიაჩნიათ არა საზოგადოების მიერ გაღებული თანხის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ან ზოგადად რადიოს ფინანსური გამჭვირვალობა, – ეს საერთოდ არ არის პრობლემა. როგორც გვითხრეს, გამჭვირვალობა ახლა ნიშნავს რადიოს მსმენელებისთვის რაც შეიძლება მეტი სადისკუსიო პლატფორმის შეთავაზებას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მონაწილეობას საჯარო განხილვებში. აი, ეს არის ღიაობა და გამჭვირვალობა ამერიკულად.

რა არის პროფესიული მედიის ამოცანა ახალი ამბების კუთხით? ამერიკაში ამ კითხვაზეც მკაფიო პასუხი არსებობს: მედიის ამოცანაა, არა მხოლოდ თავად მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, არამედ, ის ახალი ამბები, რომლებიც უხვად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, გადაარჩიოს, გამიჯნოს მნიშვნელოვანი და ყველაფერი დანარჩენი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაამოწმოს და შესაბამისი კონტექსტით მიაწოდოს საზოგადოებას.

ფაქტობრივად, პროფესიული მედია აღარ არსებობს საზოგადოებასთან თანამშრომლობის გარეშე. საზოგადოება კი რაც შეიძლება აქტიურად მონაწილეობს საჯარო ცხოვრებაში. მიმდინარეობს მოქალაქეების ტოტალური ჩართვა საჯარო–საინფორმაციო სივრცეში, მასობრივი გაჟურნალისტება. ეს არის თანამედროვე მედიის N1 ტენდენცია, რომელიც ამერიკაში დაიბადა და რომელსაც მთელი მსოფლიო ისე უწყობს ფეხს, როგორც შეუძლია.

ახლა ვიკითხოთ: რატომ გაუჩნდათ ამერიკელებს მედიის ტრანსფორმაციის მოთხოვნა? ამ კითხვის პასუხი უმოკლესი გზით მიგვიყვანს ქართულ თუ სხვა ქვეყნების მედიასთან. პროგრამაში, რომელიც ღია საზოგადოების ინსტიტუტმა შეხვედრის მონაწილეებს მოგვიმზადა, წერია, რომ ამერიკული ჟურნალიზმის ტრანსფორმაცია ერთმა გამოწვევამ და მისი დაძლევის ერთმა უნიკალურმა შესაძლებლობამ განაპირობა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი ამერიკაში პრესისთვის ფინანსურად რთული პერიოდი იყო, რის შედეგადაც არაერთი გაზეთი დაიხურა კიდეც. ამ ვითარებაში, ამერიკელების ხედვით, მედიამ შესაძლოა სრულად ვეღარ შეასრულოს თავისი უპირველესი მოვალეობა – ხელისუფლების „ვოჩდოგობა“ (მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია, კონტროლი). ეს არის გამოწვევა. მისი დაძლევის შესაძლებლობა კი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროგრესს – ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ მთავრობა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ აკონტროლოს, ჟურნალისტებთან ერთად.

როგორც კი ამერიკულმა საზოგადოებამ იგრძნო საფრთხე, რომ მედია შეიძლება სრულფასოვნად ვეღარ გაუმკლავდეს ხელისუფლების საქმიანობის კონტროლს – როგორც ფედერალურ, ისე ადგილობრივ დონეზე – მაშინვე, ჟურნალისტებთან ერთად, თავად ჩაერთო ახალი ამბების მოპოვება-გავრცელებაშიც და პროცესების შეფასებაშიც. სამოქალაქო ჟურნალიზმი არის სოციალური ქსელებისა და ბლოგების განვითარების არსებითი მიზეზი და მიზანი.

ახლა საქართველოს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რამდენად შეზღუდულია მედიის შესაძლებლობები, მოიპოვოს რეალური ინფორმაცია და საჯარო დისკუსიების მეშვეობით შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენთან ხომ ყველაფერი ყირამალაა: მედია კი არ აკონტროლებს ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აკონტროლებს მედიას. ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საქართველოს თითოეული მოქალაქის აქტიურობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების კუთხით; აგრეთვე, ფასდაუდებელია თითოეული საჯარო დისკუსია ჩვენს ქვეყანაში თუ მის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე. ამერიკაში ვცდილობდი, გამეხსენებინა, ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენი დამალული ინფორმაცია გამჟღავნდა ფეისბუკზე, ან რამდენ „დახურულ“ თემაზე ვიმსჯელეთ იანეთში. და ამ გახსენება-გახსენებაში სულ გამჭვირვალედ, აი, რა დავინახე:

ის, რასაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, აკეთებთ იანეთში და ფეისბუკზე, აგრეთვე, იმ ქართულ ბლოგებზე, რომლებიც უხვადაა ინტერნეტში, – მსოფლიო მედიაში ყველაზე პროგრესული ნაკადის – სამოქალაქო ჟურნალიზმის (Citizen journalism) – ორგანული ნაწილია. რამდენადაც შერცხვენილები ვართ ჩვენ, პროფესიონალი ჟურნალისტები, იმდენად პირნათლები ხართ თქვენ – სამოქალაქო ჟურნალისტები; რამდენადაც შებოჭილები ვართ ჩვენ, იმდენადვე ლაღები – თქვენ; რამდენადაც მაჩანჩალები ვართ ჩვენ, იმდენად მოწინავეები ხართ თქვენ; რამდენადაც არასაშიშები და უხერხემლოები ვართ ჩვენ, იმდენადვე საშიშები და ხერხემლიანები ხართ თქვენ.

თქვენ ნაღდად ვერავინ მოგერევათ.

ეს არის ყველაზე ღირებული და ძვირფასი, რაც დავინახე ამერიკაში – საოცრებებით დახუნძლულ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც საშუალება მომეცით, ამ დაუმარცხებელ საქმეში მეც ვმონაწილეობდე.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ სელინჯერი გარდაცვლილა.

ახალი ბლოგი უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა, როცა ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი ამ ამბავს. შევედი Facebook-ზე. ფრენდებს უკვე აეჭრელებინათ კედელი, ცოტა ხანს მეც ჩავერთე ამ ამბავში. ზოგი წუხდა, ზოგი ხუმრობდა, სხვები ამბობდნენ: “ღმერთმა აცხონოს”, ნაწილი კი იმაზე დარდობდა, რომ მის არქივს კიდევ 50 წელს არ გახსნიდნენ და ვერ ვნახავდით მთელი ამ განდეგილობის მანძილზე დაწერილს, ჩანიშნულს თუ დაჩხაპნილს.

ფორუმზეც დიდი ამბები იყო! ერთმა ისიც თქვა, მოდით ყველამ ავატარებად სელინჯერის ფოტოები დავიყენოთო. რაზეც მეორე შეეხუმრა, მაგას ჭვავის ყანის ფოტო ჯობიაო.

იანვარი ყველაზე გაუმაძღარი თვე გამოდგა. იანვარს ყველაზე მეტი დიდი მწერალი გადაყვა, შეეწირა: ჯეიმს ჯოისი, ანდრეი პლატონოვი, ტომას ელიოტი, ალბერ კამიუ... მარტო დღევანდელ დღეს, 28 იანვარს, უილიამ ბატლერ იეიტსის, იოსიფ ბროდსკისა და ასტრიდ ლინდგრენის გარდაცვალების დღეა. სხვებიც არიან იანვრის მსხვერპლნი.

დღეს ვერაფრით ვერ დავარქვი სახელი ჩემს განცდას, რომელიც ამ ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა. ეს არ იყო წუხილი, არც “უი, საწყალი!” გამივლია გულში და არც “რა კაცი წაიქცა!”. სელინჯერი ხომ ისედაც დიდი ხნის წინ წავიდა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ბიოგრაფია მოგვისპო გულებში, რათა უფრო მნიშვნელოვანისთვის მიგვეძღვნა გულიც და ფიქრიც. გვენაღვლა, გვესევდიანა, გვეოცნება.
სელინჯერის ქალიშვილის, მარგარეტის მემუარების გარეკანი

ჩვენ ვხედავდით, როგორ ჭაღარავდებოდა და ბერდებოდა ჯონ აპდაიკი, კურტ ვონეგუტი და სხვები, და მათი გარდაცვალების შემდეგ ვამბობდით: “გუშინ ვნახე, იცინოდა!”: ისინი “New York Times”-ის საიტზე გამოდებულ ვიდეოზე იცინოდნენ, “CNN”-ზე იცინოდნენ, “Guardian”-ის ბლოგზე იცინოდნენ. სელინჯერზე ვერ იტყოდი, “გუშინ ვნახე, იცინოდა”. ეს კაცი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არავის თვალით არ უნახავს, მით უმეტეს - გაცინებული.

დღეს ვფიქრობდი და აღმოვაჩინე, რომ “ჰარი პოტერის” ავტორის შემდეგ, სელინჯერი მეორე მწერალი იყო, რომელიც Yahoo-სა და Google-ის საძიებლებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ისაა, რომ 50 წლის განმავლობაში არ გახსნიან სელინჯერის არქივს და ისე წავალთ ამ ქვეყნიდან, ვერასდროს გავიგებთ, რითი ცხოვრობდა ეს ადამიანი, თანამედროვე კულტურის ყველაზე გამოუცნობი გმირი.
მისი არქივის გახსნის დროს გაგანია გლობალური დათბობა იქნება, ალბათ... თუმცა, ერთი ვარიანტიც არსებობს, ყველანაირი 50-წლიანი ლოდინის გარეშე. 2012 წელს, როცა უკვე გარდაუვალი იქნება კომეტის დედამიწასთან შეჯახება, ალბათ ყველა დალუქული არქივიც დაკარგავს აზრს, მათ შორის სელინჯერისაც. და დედამიწის გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვა ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში წაიკითხავს მის უკანასკნელ მოთხრობას.

P.S.: დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ძალიან ბევრი მოიკითხავს მაღაზიებში სელინჯერს. ასე რომ, თამრიკო ლებანიძე, ჩამოყარე ახალი ტირაჟი!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG