Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 თებერვალი. See content from before

შაბათი, 13 თებერვალი 2010

ჩვენი თამაში, სახელად „ალტერნატიული ტფილისი“, გრძელდება. დღეს ტფილისური რესტორნების ჯერია, თუმცა სანამ უშუალოდ ამ თემაზე გადავალთ, მინდა ერთი სიმპათიური ოჯახი გაგაცნოთ, თანამედროვე გასტრონომიული კულტურის ორი კორიფე, ბრიტანელი ცოლ-ქმარი, ჯენსის რობინსონი და ნიკ ლენდერი – ადამიანები, რომელთაც ფართოდ გაუთქვეს სახელი ქართული ღვინისა და სტუმარ-მასპინძლობის კულტურას. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს წინაშე თავიანთი ღვაწლით ისინი თამამად შეგვიძლია და-ძმა უორდროპებს გავუტოლოთ.

დღესდღეობის ჯენსის რობინსონი მსოფლიოს ღვინის დედოფლად ითვლება, მისი მეუღლე ნიკ ლენდერი კი რესტორნების რისხვად. ადამიანი, ვინც წლების მანძილზე თავად იყო რესტორატორი (ლონდონური რესტორანი L’Escargot მისი საკუთრება იყო), ახლა „Financial Times“-ის მესვეტეა, და იქიდან ემსახურება საყვარელ საქმეს (ჯენსის რობინსონიც იქვე ბეჭდავს თავის სვეტებს).

ნიკი და ჯენსისი
ჯენსისს სახელოვანმა ჰიუ ჯონსონმა შეაყვარა საქართველო, ჯონსონმა, ვინაც ოთხმოციანებში ყველა გააოგნა, როცა ერთ თავის ცნობილ წიგნში დაწერა: „Georgia has produced the earliest evidence of wine selection and hence the emergence of the cultivated variety: Vitis vinifera sativa. Carbon-dating puts this change to domestication at about 5,000 BC.“. იმავე პერიოდში გვასტუმრა ჯონსონმა თავისი მოსწავლე საქართველოში, გააცნო ლევან ჭილაშვილს, რომელმაც თავის დროზე ჰიუ ჯონსონს აჩვენა ლეგენდარული ვიტის ვინიფერას ათასწლეულებისწინანდელი წიპწები.

ჯენსისს მაშინ სულ ახალი ჩაბარებული ჰქონდა „Master of Wine“-ის გამოცდები, თავის პირველ შვილზე სწორედ ტფილისში იმშობიარა და როგორც ერთ მოგონებაში აღნიშნავს, პირველ დიდ წარმატებებსაც ტფილისში მიაღწია. გასაგები მიზეზების გამო, იგი დალევით საერთოდ ვერ სვამდა და დეგუსტაციებზეც, მხოლოდ ყნოსავდა და აფურთხებდა. თუმცა, საქმე ისაა, რომ ფეხმძიმობის გამო მას ძალზე გამძაფრებული ჰქონდა ყნოსვა-პირის გემო და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც სწორედ მაშინ გააკეთა ღვინის შესახებ, რითაც აღაფრთოვანა ჟიურის წევრები – ჰიუ ჯონსონი, გოგი თუშმალიშვილი, მაიკლ ბროდბენტი და სხვ.

არანაკლებ სახელოვანი წარსული აქვს ნიკოლას ლენდერსაც, ამჯერად მის ბიოგრაფიას არ მოვყვებით, უბრალოდ შემოგთავაზებთ ფრაგმენტებს ლენდერის ძალიან ცნობილი სტატიიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა Financial Times-ში. მომავალში კი ჯენსის რობინსონის ნაწერსაც გავეცნობით ქართული ღვინის შესახებ.

მოკლედ, სჯობს თავი დავანებოთ შესავლის უსაშველოდ გასუქებას (რომელმაც წარმოუდგენელი ზომები შეიძლება მიიღოს, რადგანაც ძალიან ბევრი რამაა სათქმელი ამ სახელოვანი ცოლ-ქმრის შესახებ) და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.


ნიკოლას ლენდერი
ქართული ნადიმის პოეზია

მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ანდრე სიმონი უწოდებდა ქართულ სამზარეულოს პოეტურს, მის თვალში ქართული კერძები ხან ბობოქარ ბლეიკს ემსგავსებოდა, ხანაც მალარმესა და ვალერის ლექსივით გრილდებოდა, ტფილისური სამზარეულო ხან ფრანსუა ვიიონსავით თავხედობდა, ხანაც ელიოტივით მკაცრობდა. მაშინ, შორეულ 50-იანებში მხცოვან გურმანსა და მსოფლიოს Wine&Food Society-სა და ჟურნალ Wine&Food-ის დამაარსებელს, ქართული სიტყვის ოსტატი, უბადლო პოეტი, გურმანთ-გურმანი გიორგი ლეონიძე მასპინძლობდა. სწორედ „გოგლამ“, როგორც მას სიყვარულით უწოდებდა ხალხი, აჩვენა სიმონს მთელი მშვენება და ხიბლი ქართული ნადიმისა და პოეზიისა. ის რესტორნები, სადაც ეს ორი ლომი დადიოდა, დღესაც არსებობს და ატკბობს, ათბობს და აძღობს მუცელღმერთებისა თუ უბრალოდ, დახვეწილი სამზარეულოს მოყვარულთა თვალს, გულსა და ვნებას. დღეს რამდენიმეს შესახებ მოგითხრობთ.


რესტორანი „გრიგოლ ორბელიანი“

გასცდებით თუ არა დაუვიწყარ აბანოთუბანს, მშვენიერ ხეივანში, ქალაქის ძველი გალავნისა და კარიბჭის სიახლოვეს შენიშნავთ ულამაზეს ორსართულიან, აივნებიან სახლს, რომელიც გარშემო საოცარ სინათლეს აფრქვევს, დღითაც და ღამითაც. ეს რესტორანი არაფრითა ჰგავს უკვე ძალიან გაცვეთილ ტფილისურ, მტკვარზე გადაკიდებულ „ძვირიან დუქნებს“. აქაური ინტერიერი ძლიერ ახალიცაა და ტრადიციულიც, დასავლურიცაა და აღმოსავლურიც. შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს ლეგენდარული „ეფემიას ბუფეტი“, რომელიც გრიგოლ ორბელიანის დას ეკუთვნოდა და რომელსაც 90-იან წლებში რესტავრაცია ჩაუტარა ცნობილმა კარლო კომენჩინიმ. ამ ბუფეტთან ადგილს რამდენიმე კვირით ადრე უკვეთავენ ხოლმე.

რესტორანში რამდენიმე დარბაზია, ძველებური საზაფხულო კაფეს ყაიდაზე მოწყობილი „ნინოს დარბაზი“, დარბაზი „სადღეგრძელო“, „შამილას დარბაზი“, ასევე სარდაფში გამართული დუქანი „მუშა ბოქულაძე“.

ახლა კი სამზარეულოშიც შევიხედოთ და შეფმზარეულის, ჩვენი მთავარი მასპინძლის, ალე აბაშიძის რამდენიმე ნახელავს გავეცნოთ.


"მე და შამილა"
„მე და შამილა“


საომრად შეჯვარებული ხმლებივით მრისხანე ეს კერძი ბატკნის ხორცისგან მზადდება. ქონდარში და შავ პილპილში, ცოტაოდენი ქვევრში დაყენებული ქისის თანხლებით შემწვარ ამ საკვირველებას ე.წ. ნამდვილი ღომის არაჩვეულებრივ სალათს ამატებენ, რომელიც წიწაკით, პიტნითა და პომიდვრითაა შეგემებული. ღომისა და ცხვრის ხორცის ეს ნაზავი დასავლურ და აღმოსავლურქართული სამზარეულოების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქორწილია, რაც კი ოდესმე ყოფილა. კარგი იქნება, თუკი ამ კერძთან დაძველებულ კახურ საფერავს, რონულ Châteauneuf-du-Pape-სა და რიოხას ასევე დაძველებულ ღვინოებს მივაყოლებთ.


„ორაგული სავარძელში“

იგი რესტორნის კიდევ ერთი მშვენებაა. კერძმა შეუძლებელია რამე გაგახსენოთ, რადგან იგი მთლიანად მომავალს ეკუთვნის და ყოველთვის, როცა შემწვარ ორაგულს მოგართმევენ, შესადარებლად თქვენ მუდამ გაიხსენებთ ქორჭილას, ანაკლიური მოლუსკებისა (აი, ისევ დასავლეთი-აღმოსავლეთი) და სვანური ზისხორას სავარძელში ამაყად გადაწოლილ ამ ორაგულს, რომელიც კარდენახულ ზეითუნის ზეთშია (დიახ, კარდენახში საუცხოო ზეითუნის ზეთს აწარმოებენ) შემწვარი. გრან კრუს ბურგუნდიულ პინო ნუარზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ „სავარძლისთვის“. ასევე ბურგუნდიული შარდონე და რკინისებური, მაგრამ დახვეწილი ახმეტური ქისი.


"წიპწებიანი კაკლუჭები"
„წიპწებიანი კაკლუჭები“


ეს გახლავთ კლასიკური „ორბელიანთა კაკლუჭების“ თანამედროვე, ნოვატორული ვერსია. ჩვენთვის კარგად ცნობილი მეთოდით დამზადებულ კაკლუჭებს მინანქრის ნაცვლად თაფლში აფუებულ ყურძნის წიპწებში ავლებენ და ისე მოაქვთ სუფრასთან. თავად ხვდებით, რომ ასეთ რამესთან ვერაფერი შეედრება „Château d'Yquem“-ს ან სხვა საუკეთესო ტკბილ „სოტერნებს“. სხვათა შორის, კეთილშობილ ობშეყრილი ყურძნიდან არაჩვეულებრივ ღვინოებს ამზადებენ კახეთშიც, ასე რომ, გასინჯეთ „Gavazi“, ან “Jikaani“.

Financial Times, 2003, 24 ნოემბერი


კოტე ბარისაშვილი
„ანონაში“ არბიტრი ბობოქრობს

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ტფილისში იმყოფება გამოჩენილი ამერიკელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი. ისიც გეცოდინებათ, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში იგი ფილმს იღებს, „პალეოგენური პერიოდის ბაღნარს“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ, პროფესორ ბენდუქიძის როლში, ჯუმბერ ლომინაძეც თამაშობს. ამ ფილმზე ისედაც ბევრი დაწერეს სხვადასხვა გამოცემაში, ჩემი საქმე კინო არაა, ჩემი საქმეა სპილბერგის კერძო ცხოვრებაზე გიამბოთ, უფრო ზუსტად კი მის მიერ გაშლილ „პურ-მარილზე“ მეფურ რესტორან „ანონაში“ (რუსთაველის გამზ. N17).

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "ანონა" ძალიან გაძვირდა. რესტორანში ახალი, ფრანგი მმართველი შევიდა თავისი ბიძაშვილი შეფმზარეულით და ამ ორმა მოცლილმა ყირაზე დააყენა მთელი სამზარეულო. ქართველი მზარეულები გაოგნებულები დარჩნენ ამ "რეფორმებით" (ბევრმა პროტესტის ნიშნად სამსახურიც კი დატოვა), არადა მუშტრის პრობლემა არასდროს ჰქონია "ანონას".

სწორედ ასეთ დროს მოუწია სპილბერგსა და მის ორ მეგობარს რესტორანში სტუმრობა. სუფრა საკმაოდ მწირი გაიშალა, თან, რაც მთავარია, სამივე სტუმარმა ერთი და იგივე არჩევანი გააკეთა (მე მგონი რაღაც დღესასწაული იყო):

საპასექო ბორშჩი
ხორცის რულეტი "ტოლედურად"
ხაჭოს მაჭკატები
მაცის ბისკვიტი

დასაყოლებლად გალილეური კაბერნე-სოვინიონი მოითხოვეს, მაგრამ "ანონას" სარდაფებში ასეთი ღვინო არ აღმოჩნდა (ყური მოვკარი, რომ რესტორნის მთავარ სომელიეს, არბიტრ სამჭკუაშვილს წამოსცდა მაშინ: "სად ვუშოვო მაგ ჩემისებს ახლა მე გალილეური ღვინო? ქრისტე ღმერთი კი არა ვარ, სამჭკუაშვილი ვარ"-ო) და დიდი რეჟისორი და მისი სტუმრები იძულებულნი გახდნენ, რაჭული, ალექსანდროულიდან დაწურული ქოშერული ღვინო დაელიათ.

Makhata Star, 1997, 15 დეკემბერი
აი, ვის აქვს ”რეალ ტივიში” მომუშავეებზე მეტი სინდისი:

- მევახშეებს და ქორვაჭრებს
- მატერაცის
- ყოფილი საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს
- კატა ბაზილიოს და მელა ალისას
- უსინდისო რამაზს (ჩემი მოგონილი ტიპია, რომელიც უსინდისობით არის ცნობილი)

***

რამდენი უნამუსო სიუჟეტი გაუკეთებიათ და სტატია დაუწერიათ საქართველოში, მაგრამ ”რეალ ტივისებურად” ამაზრზენის ნახვა ამაზრზენი სიუჟეტების მკვლევარ პროფესორებსაც კი გაუჭირდებათ. მეცნიერული ფაქტია, რომ ”რეალ ტივი” ხელს უწყობს გლობალურ დათბობას - თითოეული სიუჟეტის ეთერში გასვლისას 12 ანგელოზი კვდება და თოთო ბავშვების უმანკო სიცილს 6 ერთეულით აკლდება უმანკოება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ”რეალ ტივის” სიუჟეტების ყურება ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას. ბოროტი ამერიკული კორპორაცია მომავალში ”რეალ ტივის” გამოიყენებს პლანეტა პანდორაზე იმ მანათობელი ხის გასახმობად.

***

ორიოდე სიტყვა მათთვის, ვინც ბედნიერ, ვარდისფერ სამყაროში ცხოვრობს, ბაბუაწვერებს უვლის და ამ არხის შესახებ არაფერი გაუგია. ქალაქში რომ ბილბორდები იყო, რომელსაც ტიტველი კაცი ეხატა და ”დაინახე შიშველიო”ეწერა, სწორედ ”რეალ ტივის” რეკლამა იყო. არხს გურამ დონაძე ხელმძღვანელობს და, როგორც ამბობენ, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და ან კიდევ სარუმანს. ”რეალ ტივის” საინფორმაციო გამოშვებას ჰქვია ”ტაიმ ნიუსი”, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „დრო ახალი ამბები“, ან, უკეთეს შემთხვევაში - „დროის ახალი ამბები“. ეს შესაფერისი სახელი იქნებოდა მომავლის რომელიმე საინფორმაციო გამოშვებისათვის, როდესაც ადამიანებს უკვე შეეძლებათ დროში მოგზაურობა და ეს გადაცემაც სწორედ დროში გადაადგილების თემას მიეძღვნება. ასე კი „ტაიმ ნიუსი“ უბრალოდ სულელურად ჟღერს.

თუმცა „რეალ ტივი“ ”ხელი გავიქნიე ფეხი” ინგლისურის გამო არ არის აღსანიშნავი. ”რეალ ტივიზე”, ძირითადად, ოპოზიციის ლანძღვას ნახავთ. ამაში თავისთავად არც გასაკვირია რამე და არც მაინცდამაინც საშინელი. განსაკუთრებულია ”რეალ ტივის” მიერ ამ საქმისადმი ახლებური და შემოქმედებითი მიდგომა. ტიპური სიუჟეტი ამ არხზე ასეთია: აჩვენებენ ირაკლი ალასანიას საარქივო ჩანაწერებს და ყვებიან, რომ ის დილას ჩაისთვის წყლის ნაცვლად ობოლი ბავშვების ცრემლებს ადუღებს და საერთოდაც, ცუდი ადამიანია. თუმცა მხოლოდ ალასანიას არ სჯერდებიან. აი, ვთქვათ, გადაცემა აქვთ ეგეთი, „რეალური ზღაპარი“ ჰქვია, ანიმაციაა, რომლის ერთი სერიის სიუჟეტი ასეთია - სააკაშვილი ლომია და კარგი ნაძვის ხე აქვს. ოპოზიცია კი რაღაც ჩუხანი ცხოველების სასტავია, რომლებსაც ასევე ჩუხანი ნაძვის ხე აქვთ და ამიტომ გადაწყვეტენ, კარგი მოიპარონ. მოიპარავენ და უხარიათ. ამ დროს კი ლომი სააკაშვილი მაგიურ სიტყვებს წარმოთქვამს და ახალი, კიდევ უკეთესი ნაძვის ხე გაჩნდება.

ჭირი იქა, ლხინი აქა...

ერთხელ კიდევ ”რეალ ტივიზე” ასეთი სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტმა ზოოპარკში სტენდი დადგა, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები იყვნენ გამოსახული. გამვლელებს ეკითხებოდა, რომელი ლიდერი რომელი ცხოველს ჰგავსო. ეს რომელიმე მიმდინარე ამბავთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ უბრალოდ იმისთვის იყო, რომ ჟურნალისტს გემრიელად გამოეთქვა, ბესელია გველია, კუკავა კი მაჩვიო. სხვათა შორის, რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რომ იღებდნენ. მე ვინ მითხრა? არავინ, უბრალოდ შეხედეთ სიუჟეტს (თუ ვერ შენიშნეთ, ორი ხაზით მაღლა არის ბმული).

ამას გარდა, მანამდეც არიან შემჩნეულნი მსგავს კაიკაცობაში.

***

”რეალ ტივის” ამ სიუჟეტზე კომენტარის გაკეთება ექსპერტ არსენა ბუნალიშვილს ვთხოვე. არსენა ბავშვობაში ჩემი წარმოსახვითი მეგობარი იყო. ის არის ასაკით უფროსი, ყველაზე ძლიერია და ჰყავს მანქანა ”მუსტანგა”. ზოგადად, გადასარევი კაცია და, როგორც წარმომიდგენია, იდეალური კომენტატორი იქნება.

- გამარჯობა, არსენა. როგორ ხარ, რას შვრები, სად დაიკარგე...
- გაგიმარჯოს, ნიკო. მეც მომენატრე. დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, რომ ბავშვობაში რომ მშობლებს სთხოვდი, სათამაშო შუქნიშანი მიყიდეო და გამყიდველმა რომ თქვა, გაფუჭებულიაო, გატყუებდნენ. ძვირი ღირდა ალბათ.
- მადლობა, არსენა. მეც სულ ამას ვეჭვობდი, მაგრამ არა უშავს. ის წითელი სათამაშოც მშვენივრად მიწევდა შუქნიშნის მაგივრობას. მოდი საქმეზე გადავიდეთ. რომელ ცხოველს შეადარებდი ამ სიუჟეტის ავტორს?
- ვირთხას.
- გარეგნული თვისებების გამო?
- არა, მისი ქცევის გამო.
- რას გულისხმობ?
- ნიკო, საქმე ისაა, რომ სიუჟეტის ავტორი აკრძალულ ილეთებს იყენებს. ჯერ ერთი, საერთოდ არაფერი აქვს სათქმელი. უბრალოდ, უნდა რომ საზიზღრობები ილაპარაკოს, მაგრამ ვითომ სინამდვილეში თვითონ არ აკეთებს და გამვლელებს ეფარება. თითქოს პასუხისმგებლობას ირიდებს თავიდან - აი, მე კი არ ვზივარ და ვიფურთხები, არამედ გამვლელებიო. დაახლოებით ისევე იქცევა, როგორც ახლა შენ. თან, თუ ამას დავუმატებთ, რომ გამვლელებმა, სავარაუდოდ, საერთოდ არ იცოდნენ, რომ უღებდნენ...
- მოიცა, ისევე, როგორც მე? მე რა შუაში ვარ?
- ნიკო, აბა, აღიარე, რაში დაგჭირდი ახლა? 27 წელზე მეტია, არც გაგხსენებივარ, ახლა კი უცებ „რეალ ტივიზე“ მეკითხები რაღაცას. თან ზუსტად იცი, რასაც ვიტყვი. შენც იმავეს აკეთებ, რასაც ისინი. ლანძღვა გინდა და მე მეფარები, თითქოს შენ კი არ უწოდებ ჟურნალისტს ვირთხას, არამედ მე.
- კი, მაგრამ, მე ხომ იუმორით...
- კიდევ, იცი რა? რა „რეალ ტივი“ აგიტყდა? რა, ახალს ამბობ რამეს? ვინმემ არ იცის, რა ნეხვიცაა? მაგრამ ადვილია, ხო? თავს უკეთესად გრძნობ, არა? დაახლოებით ისე, უცებ ყველა ნოღაიდელს რომ მიასკდა.
- მოიცა, ნოღაიდელი რა შუაშია?
- ნოღაიდელი კი არა, სხვის ხარჯზე თავის დამკვიდრებაა შუაში. ”რეალ ტივის” ლანძღვა ისევე ადვილია, როგორც ნოღაიდელისა. რაც არ უნდა ცუდი იყო, სულ რომ ბაგა-ბაღის წინ სუბუტექსს ყიდდე, გახედავ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და იტყვი, აი ასეთი ხომ ნამდვილად არაფერი მიქნიაო.
- არსენა, დედას გეფიცები, თავის დამკვიდრება არ მინდა. შენ ხომ მიცნობ, არა? საკუთარი თავივით არ მიცნობ? უბრალოდ მაგათი გალანძღვა მინდა.
- ვისი, ნიკო, მერაბიშვილის თუ დონაძის?
- არც ერთის! ვინც მანდ მუშაობს იმათი. დონაძე არ მჯდარა იქ ჭკვიანური სახით, ალასანიას ფიტულისგან ინტერვიუს რომ იღებდნენ. მერაბიშვილს არ ედგა იქ სტენდი და გამვლელებს ის არ ატყუებდა. ვინც მაგას აკეთებდა, პასუხი არ უნდა მოეთხოვოს? საზიზღრობებს არ აკეთებენ? ყოვლად გულისამრევი არ არის?
- შენ კიდევ სახალხოპასუხისმომთხოვნი მყავხარ და სინდისიერების ეტალონი!
- არა, უბრალოდ მეწერინება და, მგონია, რომ სასაცილო გამოდის.
- არ გამოდის სასაცილო. გირჩევნია წახვიდე და უაზრო ისტორიებს მოჰყვე, ან მუსიკაზე იანგლო.
- არსენა, გემშვიდობები, ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო ამოგვეწურა. სასიამოვნო იყო შენი ნახვა.
- ეგეთი სასიამოვნო რომ ყოფილიყო ამ 27 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დარეკავდი. ჩემთან დარეკვას არც ბალანსის შევსება სჭირდება და არც ქსელში ჩართული ტელეფონი. ისედაც კარგად ვპასუხობ ხოლმე. ხოდა, იცი რას გეტყვი? წატი შენი...

***

ალასანიას ფიტულთან ინტერვიუს, რომელიც ცოტა მაღლა ვახსენეთ, აი აქ ნახავთ. თუ ფსევდოლიბერალური ღირებულებები ბმულზე მიწკაპუნების უფლებას არ გაძლევთ, მოკლედ გეტყვით, რა ხდება. ჟურნალისტი თამარ დარსაველიძე მანეკენის წინ ზის (ჟურნალისტი მეტისმეტი მომივიდა. მაგრამ ზის), მანეკენს სახეზე ალასანიას ფოტო აქვს აკრული. თამარი ეკითხება - რა დონის პოლიტიკოსად მიიჩნევთ საკუთარ თავსო. ალასანია მრავლისმეტყველად დუმს.

მე ინტერვიუს ეს ტექნიკა ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე მიმებაძა. ამიტომაც ავიღე წარმოსახვითი ინტერვიუ თავად თამარ დარსაველიძისგან. აბა, კარგი იყო, უარი რომ მტკიცა ინტერვიუს მოცემაზე? მართალია, არც მითხოვია, მაგრამ, მაინც...

სხვათა შორის, თავს უფლება მივეცი და ეს ტექნიკა კიდევ უფრო განვავითარე. ჩემი რესპონდენტი არ დუმს და კითხვებზე პასუხსაც ვაცემინებ.

- თამარ, რა დონის ჟურნალისტად მიიჩნევ თავს?
- არა მგონია, რომ რამე ისეთს ვაკეთებდე, „იმედსა“ და „რუსთავი 2-ზე“ რომ ვერ ნახავ. ჩვენ დღე და ღამე მოღალატეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რა, ვახო სანაიას „ქართველები ქართველების წინააღმდეგ“ უკეთესი იყო? ყოვლად უნიჭო მულტფილმიც გვაქვს, სადაც სააკაშვილი ლომია, მოსახლეობა ჭიანჭველები და ოპოზიცია კიდევ რუსეთის აგენტი ვირთხები, მაგრამ რა, იმავე იმედზე სააკაშვილის სახოტბო სიუჟეტები არ გინახავს? იმათ რა, სინდისი აწუხებთ თუ ჩვენსავით პროპაგანდისტი ანტიჟურნალისტები არ არიან? უბრალოდ ისინი უფრო გამოცდილები არიან და შეფუთვაც უკეთ იციან.
- კი, მაგრამ სინდისი არ გაწუხებს ხოლმე ან შენ, ან შენს თანამშრომლებს? თქვენ ხომ ასეთი... როგორ ვთქვა... ცუდები ხართ.
- იცი, არ მაწუხებს. საქმე ისაა, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც მართლები ვართ. რუსული ოკუპაციის პირობებში, როდესაც დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით...
- კარგი რა, რა შუაშია აქ საოკუპაციო ჯარი.
- არ არის შუაში?
- არა!
- მოდი, ასე გეტყვი. საქართველო არის დაყოფილი ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი ჩვენიანები არიან და მეორე ცუდიანები. მთავრობის მხარდამჭერებიც ასე ვაკეთებთ და ოპოზიციონერებიც ასე შვრებიან. ზოგი ამას უფრო ჭკვიანურად გამოხატავს, უცხო სიტყვებს იშველიებს, ან კისინჯერს დაიმოწმებს და ან კიდევ დერიდას. „ფეისბუკიც“ აქვთ და ბლოგებიც. ჩვენ კიდევ ამას უფრო უხეშად ვაკეთებთ და შეიძლება უფრო საზიზღრადაც, მაგრამ აზრი მაინც იგივეა. რომ ვართ თეთრები და ისინი არიან შავები და ამიტომ ჩვენი ქაქი არ უნდა შევიმჩნიოთ და იმათი კიდევ კედელზე წავუსვათ. ჩვენ, ”რეალ ტივი” ვართ ჩირქი. ადვილად დასანახები ვართ და ცოტა გულისამრევები. მაგრამ, ჩვენ უბრალოდ რეაქცია ვართ ინფექციაზე. ჩვენ რომ გავქრეთ სხვა გაჩნდება. დაავადება კი დარჩება.
- დიდი მადლობა წარმოსახვითი ინტერვიუსთვის.
- წატი შე სამშობლოს მოღალატე...

***

რაც შეეხება სამშობლოს მოღალატეობას... დამეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ყველა ამ სიტყვებს გაიძახის, ცოტა მოუხერხებელი ტერმინია. გრადაციის საშუალებას არ იძლევა. ანუ, ვთქვათ, დავიწყეთ ნოღაიდელისგან და შევთანხმდით, რომ სწორედ ის არის მოღალატე. მერე გადავედით პავლიაშვილზე. მერე ჩამოვედით ცოტა ქვემოთ და ნანი ბრეგვაძეს ვუწოდეთ მოღალატე. მერე? მერე უკვე იმათზე გადავალთ, ვინც რუსულ პოპს უსმენს და, საერთოდ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებს. და ცოტა ხანში იმდენ მოღალატეს ვნახავთ, რომ ან საბჭოთა კავშირს დავემსგავსებით და ან კიდევ 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოს. იმიტომ, რომ მოღალატეების ძებნას კარგი არაფერი მოაქვს. ვინ არის და ვინ არ არის მოღალატე? თუ დიდხანს გააგრძელებ სამშობლოს გამყიდველების ძებნას, გამოვა, რომ მართალია, განსხვავებულ მოსაზრებას შემწყნარებლურად უნდა შეხედო, მაგრამ თუ ძალიან განსხვავებული გახდება, ეს უკვე სამშობლოს ღალატია. არსენა, რატომ დაბრუნდი, დაგრჩა რამე?
- არა, უბრალოდ ეს ბოლო ფრაზა მომეწონა. შენ მოიფიქრე?
- არა, ვუდი ალენმა.
- ეგრეც ვიცოდი. წავალ მე, მაინც აღარ გჭირდები, მაგრამ ერთს გკითხავ. ყველაფერს თავისი სახელი არ უნდა დავარქვათ? გაქვს “მოღალატეზე” უკეთესი ტერმინი?

მაქვს! უფრო სწორად, სხვის მოფიქრებულ ტერმინს განვავრცობ. ჩმორებიო, პრეზიდენტმა რომ თქვა. აი, სად გამოგვადგება კრიმინალური ტერმინოლოგია! თან გრადაციის საშუალებასაც გვაძლევს! ცოტა დახვეწა სჭირდება, მაგრამ სამუშაო ვარიანტი ასეთი იქნება - ყველაზე ცუდები იქნებიან ჩმორები. ასევე ცუდები, მაგრამ ოდნავ უკეთესები - განდილები ან სირჩოები. მერე მოდიან არიფები და ამათ მერე ძალათ კაიბიჭები. თან, მსგავსი ნომენკლატურა საშუალებას მოგვცემს, ავს ავი ვუწოდოთ და თან კარგსაც დავარქოთ სახელი. ესენი იქნებიან, კარგიდან უკეთესებისკენ - პატიოსანი ბიჭები, კაი ბიჭები, ძველი ბიჭები, განაბები და, ბოლოს ქურდები. ეს მხოლოდ სამუშაო ვარიანტია. ქურდული ჟარგონის ექსპერტი არა ვარ და შეიძლება ზოგ სიტყვას არასწორ დატვირთვას ვაძლევდე. ალბათ, ჯობს გივი თარგამაძეს ვთხოვოთ დახმარება. თან იდეოლოგიურად სწორად აზროვნებს, თან ქურდულიც იცის!

***

აი, ვისა აქვს მეტი საერთო ჟურნალისტიკასთან, ვიდრე ”რეალ ტივის”:

- პიარ ტექნოლოგებს
- ასენიზატორებს
- ბოზებს

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG