Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 მაისი. See content from before

სამშაბათი, 12 მაისი 2009

თავადაც ვერ მივხვდი, ისე ავუწიე ხმას. ლამის ვყვიროდი. გვერდითა მაგიდიდან მოიხედა ვიღაცამ, რა ხდებაო. არაფერიც არ ხდებოდა - ჟურნალისტურ ეთიკაზე თუ რაღაცა მსგავსზე ვკამათობდით - ზუსტად არც მახსოვს. ალბათ ჟურნალისტის და ხელისუფლის ურთიერთობაზე. ყოველ შემთხვევაში საჩხუბარი და საყვირალი არაფერი იყო. მით უმეტეს, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ.

კონტექსტი კი ასეთია: პოლონეთში, ქალაქ გდანსკში ვართ ხუთი ქართველი ჟურნალისტი. ლეხ ვალენსასთვის ნობელის პრემიის გადაცემის საიუბილეო ღონისძიების გასაშუქებლად წაგვიყვანეს. მესამე თუ მეოთხეა დღეა იქ ვართ და სასადილოდ ვსხედვართ რესტორანში. რაღაცნაირ სოსისებიან სუპს ვჭამთ და ვმსჯელობთ, როგორ გავერთოთ საღამოს. სხვათა შორის, გემრიელი სუპია. შიგ სამნაირი სოსისი ტივტივებს და, მოკლედ, ასე რომ ყვები დიდი არაფერი, მაგრამ მოულოდნელად კარგია.

საუბარმა მოიტანა და თბილისის ამბებსაც ვიხსენებთ - სამსახურში ვისთან რა ხდება, ვინ როგორ უნდა მუშაობდეს, ჟურნალისტებს რა პრობლემები აქვთ, ცენზურა, მთავრობა და ეგეთები. ჰოდა, რაღაცეებში, არ დავეთანხმე ნათია კობერიძეს, რომელსაც ამ მგზავრობისას დავუმეგობრდი. თემას, როგორც ვთქვი, არა აქვს დიდი მნიშვნელობა, ჟურნალისტიკასთან და პოლიტიკასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული რაღაცა იყო. და ასე მომივიდა - წესიერად კამათიც არ გვქონდა დაწყებული, რომ სრულიად სამარცხვინოდ ავყაყანდი. მართალია, მალევე დავწყნარდი, მაგრამ პირში უსიამოვნო გემო მაინც დამრჩა.

გეტყვით, რატომაც მახსოვს. ერთი შეხედვით დიდი ამბავი, მერე რა მოხდა... სულ ხუთი წუთი გრძელდებოდა კამათი, მერე გავჩერდით ორივენი. თან, მართლა კი არ გვიჩხუბია. არც ზედმეტები გვითქვამს. მაშ, რატომ მახსოვს ლამის ერთი წელია უკვე?

აი, რატომ. შორიდან დავიწყებ. ცუდად მახსოვს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს კამათი. არ შემიძლია ეს დიალოგი, თუ რაც ჰქვია - რომ ზიხარ და კონსტრუქციულად მსჯელობ. გაცილებით მირჩევნია, აი, რომ დაეტაკები პირისპირ და ცდილობ შენი გაიტანო. თავისი წელსქვევით დარტყმებით, დემაგოგიით, საკუთარი სიმართლის განცდით, გინდაც ხმამაღალი ლაპარაკით და გინდაც პიროვნულზე გადასვლით.

მაგრამ, ამავე დროს, არ მიყვარს, როცა არ ვუსმენ და არ მისმენენ. არ მიყვარს, როდესაც ეს კამათი ერთგვარი თამაშის ფარგლებს გასცდება და „სერიოზულში“ გადადის. ერთდროულად რომ ვიწყებთ ლაპარაკს, უფრო სწორად ყვირილს და ბრაზი რომ მაწვება და ნერვები მეშლება - ხომ ასეთ შეურყეველ სიმართლეს ვამბობ და როგორ ვერ ხვდებაო. როდესაც მართლა, გულით ცდილობ რამის მტკიცებას და არ გამოგდის. როდესაც აზრიან პასუხს ვეღარ სცემ და „აუ, კაი რა, კაი რას“ გაიძახი.

არ მიყვარს, როდესაც კამათისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ. როდესაც ცუდ გუნებაზე ვდგები იმის გამო, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებას ვქადაგებ და ის კიდევ სულელია და არ ესმის. იმიტომ რომ სულელი არავინაა. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც აი, სრულიად მართლები ვართ. არ მახსოვს, რას ამბობდა მაშინ ნათია, ალბათ არც ახლა დავეთანხმებოდი, მაგრამ სისულელე ნამდვილად არ იყო.

ჰოდა, იმ სოსისებიანი სუპის ჭამისას მივხვდი, რომ პოლიტიკაზე კამათი სრულიად აღარ შემიძლია. ყველაფერ სხვაზე - იცოცხლე! მუსიკა? კი, ბატონო! კინო? მოდი, დავიწყოთ! თეატრი? ცხოვრებაში ჰა-ჰა 10 სპექტაკლზე ვიყო ნამყოფი და საერთოდ, არ მიყვარს, მაგრამ იყოს, გავერთოთ. პოლიტიკა? მინდა, მაგრამ აღარ გამომდის.

აღარ გამომდის იმიტომ, რომ თუ ასე, 5 წუთში არ გაირკვა, რომ მოსაუბრესთან ძირითადად საკითხებზე ვთანხმდები, მოსმენაც კი აღარ მინდება. ვატყობ, რომ არც ის მისმენს. ორივენი ძალიან მართლები ვხდებით. იმის მაგივრად, რომ დახვეწილი ფრანგი დიდებულებივით რაპირებით ვუტრიალოთ ერთმანეთს და მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები გამოვნახოთ, ქვის ხანის წინაპრებს ვემსგავსებით და განსაკუთრებული დამიზნების გარეშე, უმიზნოდ ვიქნევთ კომბლებს.

თან ამ პოლიტიკაზე ლაპარაკისას ადამიანობას კარგავ ადვილად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ეგრე ვარ. რატომ მარტო მე, სხვებიც! იმ სუპის ჭამის მერე და რამდენიმეჯერ ასეთივე ჩაის სმის შემდეგ პოლიტიკაზე და საერთოდ მიმდინარე მოვლენებზე იშვიათად ვლაპარაკობ. მაგრამ ფორუმებს ვკითხულობ ხოლმე და „ფეისბუკზე“ კითხვა-პასუხს ვეცნობი. დროდადრო მინდება დისკუსიაში ჩავება. აი, ძალიან მინდება, იმიტომ რომ კამათი მიყვარს. მაგრამ ვცდილობ, თავი შევიკავო.

იმიტომ, რომ კამათს აზრი აღარა აქვს. ყველას სანგარი აქვს გათხრილი და იქიდან ისვრის. თუ რამე გინდა, ვინმეს სანგარში უნდა ჩახტე ან შენი გათხარო. და მერე, როგორც მგონია, მოწინააღმდეგეს ადამიანად უკვე ვეღარ აღიქვამ. და სრულიად მართალი ხდები. და მოდის და მოდის: რომ აი იმან, შეიძლება თვითონ არა, მაგრამ მისიანმა, 15 წლის ბიჭი აწამა. აი იმ მეორემ კი სადარბაზო აგიყროლა; და საერთოდ, ათი კაცია და რა უფლებით კეტავენ ტელევიზიის წინ გზას; კანონს იცავდნენო ვითომ და მიშა მიშას კი გაჰყვიროდნენ; ამასთან, ეს გრეჩიხები ხომ გასათრევები არიან; ამასთან, ვანო მაგარი კი არა უმაგრესია; ამასთან, ვინც სამმართველოდან ბიჭების გამოყვანას არ ცდილობდა, მოღალატეა და უმაქნისი; ღამე კიდევ ოპოზიციონერებს ურტყამენ სასტიკად და „მიშისტები“ არ იმჩნევენ; ესენი ილანძღებიან; ისინი ჭკვიანური სახით აღიზიანებენ; კიდევ უფრო ისინი მაღალი თეთრი კოშკიდან მოძღვრავენ სხვებს; და უცნობი? უცნობი? და სააკაშვილი? ეგ ხომ ადამიანი არ არის საერთოდ; გაიტანეთ ესენი და გაათრიეთ ისინი!

მოდი და იკამათე!

იმ რეკლამისა არ იყოს - არადა, როგორ მიყვარს. ხან ვახერხებ თავის შეკავებას, ხან - ვერა. მიყვირია, მიჩხუბია და მერე, სახლის გზაზე, გადასარევი არგუმენტები მომიფიქრებია. გენიალური არგუმენტები! ხვალ დავურეკავ, ან შევხვდები და ყველაფერს ვეტყვი! მივახვედრებ! რომ აი, ასეთი მართალი ვარ! მე ვარ მართალი და არა ის! მისნაირები ღუპავენ ქვეყანას!

მერე დილას ვიღვიძებ და პირში ისევ აი, ის გემო მაქვს, სოსისებიან სუპს რომ მოჰყვა. ვიცი კიდევაც, რისი გემოა. აქამდეც მიგრძვნია, მაგრამ გდანსკში გავაცნობიერე პირველად. მაშინ მივხვდი, რომ სუპთან ერთად სხვა რამეს ვჭამდი. სულ ცოტას, ერთ ბეწოს, მაგრამ გემოს მაინც ტოვებს. მას შემდეგ, პოლიტიკაზე რომ ვიჩხუბებ, თავს მახსენებს ხოლმე. ჰოდა, აღარ მინდა! მინდა, ვიკამათო პოლიტიკაზე - გულით, ყვირილით, დემაგოგიით, ინტერესით ვიკამათო. მაგრამ ისე, რომ მეორე დილით პირში ქაქის გემო არ მქონდეს.

სულ ”როკო და მისი ძმები” მახსენდება. ჩირო რომ გაიქცევა პოლიციაში თავისი ძმის დასაბეზღებლად.

ამ ჩიროზე - მეოთხე ძმაზე, ააწყო ფილმი ლუკინო ვისკონტიმ . ”ალფა რომეოს” ქარხნის მუშით დაასრულა სურათი, რადგან სჯეროდა, რომ იტალიას ნათლიდედებისა და ნათლიმამების კულტისგან სწორედ ჩირო - მიწიერი სამოთხისთვის მებრძოლი იტალიელი კომუნისტი გაათავისუფლებდა.

მაგრამ ჩირო მეტისმეტად უფერული გამოვიდა. ხალხს როკო დაამახსოვრდა - მორწმუნე ”იდიოტი”, რომელმაც ძმის (”მოყვასის”) გადასარჩენად საკუთარ ბედნიერებაზე თქვა უარი... ის როკო, ფილმის ერთ ეპიზოდში თვალი რომ გაგვისწორა და გვითხრა: ”მე არ მჯერა ადამიანების მიერ მოგონილი კანონების, არ მჯერა ადამიანების მიერ მოგონილი სამართლის”.

60-იან წლებში, ნათლიდედებისა და ნათლიმამების სამყაროში როკო-დელონის კულტი დამკვიდრდა; იტალიაში ჯერ მხოლოდ იწყებოდა ბრძოლა მაფიის წინააღმდეგ. ეს მაფიოზები კვირის წირვებს არ აცდენდნენ, ტაძართან რომ ჩაივლიდნენ, პირჯვარს გადაიწერდნენ ხოლმე და უფალს შენდობას სთხოვდნენ. როკოს მსგავსად, არც მათ სჯეროდათ ადამიანების მიერ მოგონილი კანონების. უმაღლესი სამართალი მათთვის მხოლოდ ზევით იყო, სასუფეველში... და, რა თქმა უნდა, კათოლიკურ ტაძარში, სადაც თავიანთი მოძღვრისგან ათასნაირ დარიგებას ისმენდნენ.

70-იან წლებში პადრე ოგოსტინო კოპოლას ათი წელი მიესაჯა მაფიასთან თანამშრომლობისა და ადამიანის გატაცებაში მონაწილეობისთვის. სასულიერო პირებს იყენებდნენ გატაცებულთა ოჯახის წევრებთან მოლაპარაკებებისთვის და არც თუ ისე იშვიათად, ”ჰონორარსაც” უხდიდნენ ამაში.

იტალიამ დიდი და სისხლიანი გზა განვლო 1982 წლამდე, როცა ცოლ-ქმარ დალაკიეზას მკვლელობის შემდეგ, პალერმოს არქიეპისკოპოსმა სალვატორე პაპალარდომ ჩაატარა მესა, რომელსაც იტალიელებმა ”ანტიმაფიოზური” შეარქვეს. პაპალარდო პირველი იყო, ვინც ხმამაღლა გამოაცხადა ცოდვილად ყველა, ვინც მაფიასთან თანამშრომლობდა, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ძალადობასთან. პაპალარდოს წირვაში არავითარი ”ერთის მხრივ, მეორე მხრივ” არ ყოფილა, არავითარი ”ასეა, მაგრამ...”, არავითარი ტკბილ-ტკბილი სიტყვები საყოველთაო მშვიდობაზე... კარდინალი მკაცრი და პირდაპირი იყო. ამბობენ, რომ ”ანტიმაფიოზური წირვის” დასრულების შემდეგ დანაშაულის რიცხვი სამხრეთ იტალიაში მკვეთრად შემცირდა.

ეს ”ასეა, მაგრამ...” მუდმივად გვესმოდა ამ დღეებში ხელისუფლებისგან, ოპოზიციისგან. ”ოპოზიციის პრეტენზიები მისაღებია, მაგრამ...”; ”არავინ უკრძალავს ოპოზიციას აქციების გამართვას, მაგრამ...”; ”გეთანხმებით, სპეცრაზმი ცუდად მოიქცა, როცა ”მიშა, მიშას” გაიძახოდა, მაგრამ...”; ”რა თქმა უნდა, ცუდია ჟურნალისტის ცემის ფაქტი, მაგრამ...”; ”გეთანხმებით, საშინელებაა, როცა ხელკეტებს ურტყამდნენ ნიკა ავალიანს, მაგრამ”... ინტონაცია იმდენად ერთნაირი იყო, რომ ინგა გრიგოლიამ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ მიახალა ნინო ბურჯანაძეს, თქვენ თითქმის იმავეს აკეთებთ, რაშიც ხელისუფლებას ედავებითო.

ჰოდა, აბა ”ერთნაირინტონაციიანი” ხალხის შერიგებაზე ადვილი რა არის?!

აი, საპატრიარქომ ხომ შეძლო იმ ახალგაზრდების შერიგება, რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს რომ დაერივნენ? უფრო სწორად, დაერივნენ ნიკა ავალიანს, რადგან ნიკა ერთი იყო, ისინი კი, ვინც უკან მოსდევდა, ”მრავალნი”... ყველამ ვიხილეთ ეს ამაზრზენი დევნა, რომელიც ისე უნდა დავგმოთ, რომ არავითარი ”მაგრამ” არ მივაყოლოთ. სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ იმის ამსახველი კადრები, თუ როგორ სცემენ, თუ ”გაუპატიურებით ემუქრებიან” დაპატიმრებულ ახალგაზრდებს. მაგრამ ხელისუფლებას საზოგადოების ერთ დიდ ნაწილში ისე აქვს გატეხილი სახელი, რომ ამის დასაჯერებლად ”დამამტკიცებელი კადრები” არც გახდა საჭირო.

გახსოვთ ნიკა ტაბატაძე და ზაზა შენგელია რომ მიიყვანეს 2002 წელს ტაძარში და ”რუსთავი 2”-ისა და პირველი არხის ”მტრობას” რომ ბოლო მოუღეს?

კარგია ეს. ეკლესია მტრობის, სიძულვილის, შურისძიების ვნების წინააღმდეგ უნდა გამოდიოდეს. არ მესმის იმ ლიბერალების, პატრიარქის სიტყვამ რომ გააღიზიანა - ვოცნებობ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ციხეებიო... ეს ხომ ბუნებრივია? რატომ არ უნდა ოცნებობდეს ამაზე ადამიანი, რომლისთვისაც ღვთაებრივი სამართალი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანების მიერ მოგონილი?

ძვირფასო ქართველო ლიბერალებო, რატომ გაღიზიანდით საპატრიარქოზე, რომელმაც ხელისუფლებას იმ სამი ახალგაზრდის განთავისუფლება სთხოვა? რატომ გაღიზიანდით, როცა პანტომიმის თეატრს მოსთხოვეს (თუ სთხოვეს), არ დაედგა სპექტაკლი ”სახარების თემაზე”?

რატომ ხელისუფლებას არ მოსთხოვეთ პასუხი, როცა ასე ადვალად დამორჩილდა საპატრიარქოს თხოვნას? ანდა პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელს, ამირან შალიკაშვილს რატომ არ ჰკითხეთ, ბატონო ამირან, საპატრიაქროს რომ სთხოვთ, მობრძანდით და ჩაიბარეთ ჩემი სპექტაკლი... საპატრიარქო ცეკას პოლიტბიურო ხომ არ გგონიათო? ანდა, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი რომ მოხსნა, რატომ არ გაახსენეთ, რომ ჩვენ ჯერჯერობით სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეკლესიას არა აქვს კულტურის ”დისკრიმინაციის” უფლება?

ვისი გეშინიათ, ქართველო ჟურნალისტებო, რეჟისორებო, არტისტებო, პოლიტიკოსებო, სამართალდამცავებო? კანონის თუ ნათლიმამებისა და ნათლიდედების?

როკო მოგწონთ?

მაგრამ როკომ ხომ ყველაფერი დათმო ძმის (მოყვასის) გადასარჩენად? სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი და ”ჩინ-მედლები”... პირადი ცხოვრება და კეთილდღეობა შესწირა.

თუკი ნათლიმამებსა და ნათლიდედებს შორის ასეთი ”როკოები” გეგულებათ, თუკი მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც უხერხულად გრძნობს თავს, როცა წმინდანებს ადარებენ და როგორც ხატს, ისე ეამბორებიან, მაშინ კიდევ არის საშველი. კიდევ არის იმის იმედი, რომ საქართველოშიც ჩატარდება ოდესმე ”ანტიმაფიოზური წირვა”, რომელზეც ავაზაკებს კანონის მორჩილებას და კონსტიტუციის პატივისცემას მოსთხოვენ.

თანაც ისე, რომ არავითარ ”მაგრამ”-ს არ მიაყოლებენ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG