Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 7 მაისი. See content from before

პარასკევი, 1 მაისი 2009

”ნახე ”ცხელი შოკოლადის” ახალი ნომერი? საშინელი ყდაა. ქვეყანაში რა ხდება და ესენი რას ბეჭდავენ?...”

ასეთი შეტყობინება მივიღე ჩემი ოპოზიციონერი მეგობრისგან.

კი, ვნახე; გიგი თევზაძე და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პედაგოგები. რაღაცნაირი, სალონური, ”ენჯეოშნიკ-სვეტსკური” ყდა - პროფესორები, რომლებიც, თითქოს, მართლაც არ იმჩნევენ, რა ხდება ქუჩაში.

”ცხელი შოკოლადის” ავტორებს რომ არ ვიცნობდე, მეც გავღიზიანდებოდი. მაგრამ ხომ ვიცი, როგორი კონცეფტუალისტები არიან? სწორხაზოვნებას ისევ გაურბიან; მაისის უზომოდ გათხელებული და დაპატარავებული ჟურნალის ყდაზე არა ქუჩაში დადგმულ საკანს, არამედ გაღიმებული და კმაყოფილი პროფესორების კოლექტიურ პორტრეტს გვთავაზობენ.

ვიცნობ ”შოკოლადელებს” და ვიცი, რისი თქმა უნდათ; ”ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”.

ამ დალოცვილ ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია, მეც იმათშიო... წერს ილია და გვახსენებს, ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიანო.

თბილისი ”საკნების ქალაქად” იქცა. ხელისუფლება ამბობს, რომ დიალოგზე თანახმაა, თუმცა პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე ვასილ სანოძეს ამართლებს, ”წუწაობდაო” გვარწმუნებს... სცემენ ჟურნალისტებს. ისვრიან ფეკალურ მასებს. ნომერი პირველი ”პრიალა” ჟურნალი კი თითქმის მთელ ნომერს განათლებას უძღვნის.

ვიღაცისთვის ეს არაადეკვატურობაა. ვიღაცისთვის კონფორმიზმი. ვიღაცისთვის მეტიჩრობა.

ჩემთვის - პოზიცია. თუ გნებავთ, რჩევა. მიმართვა მთელ ქართულ საზოგადოებას - ”არ დაგვავიწყდეს განათლება, რადგან კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო იარაღი ფიქრის უნარია!”

ერთი გაყვითლებული რვეული მაქვს, მერაბ მამარდაშვილის ლექციების ჩანაწერებით. ”რუსეთი შეიძლება გამოფხიზლდეს, შეიძლება ღირსების გრძნობაც გაეღვიძოს, მაგრამ რუსულ სივრცეში ძნელად იბადება აზროვნების სურვილი.”

რუსეთზე თქვა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ საქართველოც იგულისხმა. ილიას სიტყვები გაიმეორა.

ახლაც ასე არაა? ”ღირსება, ღირსება...” ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად იმეორებდნენ ქუჩაში, 1989 წლის აპრილში, 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დღეებში... ამ სიტყვებს იმეორებენ დღესაც.

ღირსებაც გვაქვს. რწმენაც. უწმინდესს ვუჯერებთ. მაგრამ ამპარტავნობას ბოლო არ უჩანს - კრიზისი გრძელდება და უკვე ისეთ ფორმას იღებს, რომ განათლების თემაზე მსჯელობაც კი ”არაადეკვატურად” აღიქმება.

არ ვიცი, გაიმეორებდა თუ არა დღეს ”ქართული აკადემიის” აქტიური წევრი, ნინელი ჭანკვეტაძე თავისი გმირის, თამრიკოს სიტყვებს: ”უშნო ქართველებო, ქეიფების და პანაშვიდების ხალხო! მეზიზღებით! მეზიზღებით”... ამას გვეტყვის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში ”ცხელი ზაფხულის სამი დღე”. ეკრანიდან თვალს გაგვისწორებს და პირდაპირ ჩვენ მოგვმართავს მას შემდეგ, რაც დაინახავს, როგორ დამარცხდა მისი მასწავლებელი, არქეოლოგი სულხანი ”უშნო ქართველებთან” ბრძოლაში.

სულხანი - დიალოგის, ფიქრის, განათლების მომხრე იყო. მისი სტუდენტი თამრიკო კი აქტიური ბრძოლის, მოქმედების, უკომპრომისობის. სულხანი მზად იყო დაეთმო ის, რასაც თამრიკო ”ღირსებას” უწოდებდა... თუკი ეს დათმობა ნგრევას შეაჩერებდა.

და დათმო კიდეც. შეეწირა უსამართლობას.

გამარჯვებით შეიძლება ვერ გაიმარჯვა. მაგრამ ის კი გააგებინა თავის ძალიან გულახდილ, ძალიან ემოციურ, მაგრამ თავის თავში მეტისმეტად დაჯერებულ უმცროს მეგობარს, რომ სანუკვარი სიმაღლის ასაღებად ფიქრია საჭირო, აზროვნების სურვილი, ”დაანგარიშების” უნარი. ამ უკანასკნელს რაღაც განსაკუთრებული შემართებით ებრძოდა დარდიმანდი ქართველი - ”ვაჭარს”, ”სოვდაგარს”, ”სოლომონ ისაკიჩს” ეძახდა იმას, ვინც გათვლასა და დაგეგმვაზე ააწყო თავისი ცხოვრება.

ეზარებოდა. სტუმარი მხოლოდ იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა... ჰოდა აბა ფიქრი და ანგარიში არ დაეზარებოდა?

”ვიცი, რომ ჩემდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს” - წერს ილია და უსამართლობას ეწირება.

მსხვერპლმა გაამართლა. ღირსების გრძნობამ გაიღვიძა ქართველებში. ღირსეული საზოგადოება ილიას სურათებით ქუჩაში გამოვიდა.

1989 წლის აპრილში. 2009 წლის აპრილში.

ყველაფერი ლამაზად დაიდგა. ”ჯიგრულად”. ერთი-ორი პროვოკატორის საქციელს თუ არ ჩავთვლით, ხალხი მშვიდად იდგა. მაღაზიის ვიტრინებს არ ამტვრევდნენ და მანქანებს არ წვავდნენ. უსმენდნენ ოპოზიციის ლიდერებს და კმაყოფილი შეძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. სიტყვები ”არავითარი დიალოგი! არავითარი დათმობა!” ხალხს განსაკუთრებით გამოაცოცხლებდა ხოლმე.

”ოპოზიციის ლიდერებიდან რომლის იმედი გაქვს?” - ვკითხე ჩემს მეზობელს, ოთხი ღამე რომ გაათენა საკანში რუსთაველზე.

”მე უფლის იმედი მაქვს. უკან არ უნდა დავიხიოთ, მოვითმინოთ და აუცილებლად გადადგება ეს გველეშაპი.”

ჰო... უფლის იმედი დამავიწყდა. უამრავი ქართველის ცხოვრების სტილის, ”ესთეტიკის” შემქმნელი - გქონდეს ღირსების გრძნობა, არ უღალატო შენს რწმენას... და აუცილებლად დასაჩუქრდები... ფიქრი, ანგარიში, შრომა, განათლება?... ეს მერე. ”გველეშაპისგან” როცა განთავისუფლდები... როცა ის პროფესორები, ცოტა არ იყოს, ირონიულად რომ გიღიმიან ”ცხელი შოკოლადის” მაისის ნომრის ყდიდან, ვეღარაფერს დაგაძალებენ, ვეღარ გეტყვიან, ცუდად დგომას ცუდად შრომა ჯობიაო.
მგონი, ოპოზიციის საქმე ვერ არის კარგად. მართალია, ლიდერები, ძირითადად, ისევ მიხეილ სააკაშვილის გადადგომაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ასეთი ცვლილებისთვის ქვეყანა მზად არ ჩანს. მიტინგი ძალას ვეღარ იკრებს, ღიად გამოჩნდნენ მოლაპარაკებაზე წამსვლელებიც და ისიც მენიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა უცნობს მიშასთან შეხვედრა და საკნის დატოვება ურჩია.

მომკალით და არ მჯერა, რომ საქართველოში პრეზიდენტი 2013 წელს, არჩევნების გზით შეიცვლება. ძალიან კარგი კი იქნება, როცა ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც პრეზიდენტები არჩევნებით მოვლენ და წავლენ. მაგრამ ამაზე – როგორ წავა, არჩევნებით თუ ქუჩის აქციებით – პრეზიდენტმა ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე დღიდან უნდა იზრუნოს. თუ გახსოვთ, რას ამბობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ: დიდი სიახლეა სახელმწიფოს ცხოვრებაში, რომ ქუჩის პროტესტით ხელისუფლების შეცვლის პრაქტიკა დასრულდაო. მაგრამ გავიდა დრო და ხალხი ისევ გამოვიდა რუსთაველის გამზირზე. თუ მიხეილ სააკაშვილი მინიმალური ცვლილებებით გადააგორებს დღევანდელ საფრთხეს, გავა დრო და ყველაფერი თავიდან დაიწყება. და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პრეზიდენტი იქნება თუ სხვა, საკუთარი სიტყვისა და ხალხის პატივისცემას არ ისწავლის.

2009 წლის გაზაფხულზე ძალიან გვიანია მოწოდება, რომ, თურმე, პრეზიდენტი არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არა ქუჩის აქციებით. ამაზე ფიქრი მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციის დღიდან უნდა დაეწყო. ასევე უნდა მოიქცეს მომავალი პრეზიდენტიც – მოსვლის დღიდან წასვლის დღეზე უნდა იფიქროს. როდესაც გამწარებული და მოთმინებადაკარგული ხალხი ქუჩაში გამოვა, უკვე გვიან იქნება კონსტიტუციაზე მითითება. სამართლიანი არჩევნები და დამოუკიდებელი მედია ის ორი ინსტიტუტია, რომელიც კონსტიტუციური ვადების დაცვასაც უზრუნველყოფს და კიდევ ბევრ რამეს, რაც ქვეყნის პირველ კანონში წერია. მაგრამ როცა ქვეყანაში არც წესიერი არჩევნებია და არც თავმოყვარე მედია, პრეზიდენტს ყოველდღე იმაზე უწევს ფიქრი, ტყვიით დაამხობენ, ვარდებით თუ საკნებით.

ასე რომ, კონსტიტუციური ვადების დარღვევაში – თუკი ასე მოხდება – ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ზუსტად ისევე, როგორც ვარდების რევოლუციის მთავარ შემოქმედად თავი ედუარდ შევარდნაძემ უნდა მიიჩნიოს და არა მიხეილ სააკაშვილმა. ქუჩის პროტესტით ხელისუფლების შეცვლა მაშინ, როცა თავად ხელისუფლება საკუთარ ხალხს უღირსად ექცევა, საქართველოში ნორმად ჩამოყალიბდა და ეს ნორმა, ალბათ, მაშინ შეიცვლება, როცა პრეზიდენტების ქცევა შეიცვლება ქვეყნის და ხალხის მიმართ.

ჰოდა, რაკი მახსოვს რუსთაველის ნათქვამი, ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობსო, მაინც ასე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს, დღეს იქნება თუ ხვალ, გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, ამ წელში თუ იმ წელში – წასვლა არჩევნების გარეშე მოუწევს.

პირადად მე რევოლუციების ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ძალადობა ახალ ძალადობას შობს და ამ მანკიერი წრიდან ვეღარ გამოვდივართ. ვარდების რევოლუციიდან წლების შემდეგაც ისმოდა შეკითხვა: როდის დამთავრდება რევოლუცია? და ამ კითხვის პასუხს ექსპერტები მთელი სერიოზულობით ეძებდნენ. ხელისუფლების ძალადობით შეცვლას თან სდევს ამ ძალადობის განმახორციელებელი ადამიანების ღვაწლი, რაც მუდმივ ტვირთად აწვება ახალ ხელისუფალს და შემდეგ მთელ ქვეყანას. სწორედ ამ ღვაწლის გამო ვერ ელევა მიხეილ სააკაშვილი ვასილ სანოძეს და დათა ახალაიას, ვანო მერაბიშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამიტომ დღესაც, როცა შინ მჯდომი ადამიანი ტელეეთერში ხედავს მიტინგის ტრიბუნაზე მდგომ პოლიტიკოსებს და მათ თანმხლებ პირებს, თავში სულ ის ფიქრი უტრიალებს, ვის რა თანამდებობა უნდა მომავალ ხელისუფლებაში: პრეზიდენტობა, მინისტრობა, მერობა თუ გენერალური დირექტორობა. ამგვარ ფიქრს კი ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებელი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ პროტესტის მთავარი შინაარსი თანამდებობების განაწილების სურვილია და არა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. რაგინდ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ამგვარი ფიქრი სანახევროდ მაინც ასახავს სიმართლეს, რაშიც ვარდების რევოლუციამ და რევოლუციური ღვაწლის მქონე პირების შრომითმა ბიოგრაფიამ დაგვარწმუნა.

მაშ, რა გამოდის? ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უკვე იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე (ანუ 2013 წლამდე) ვეღარ მიაღწევს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი; მეორე მხრივ, ქუჩის აქციებით მისი შეცვლა თანამდებობებზე ისეთ ადამიანებს მოიყვანს, რომლებიც, პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში, ამ თანამდებობებზე ვერც კი იოცნებებდნენ (რადგან სრულიად შეუფერებლები არიან, როგორც, ვთქვათ, სანოძე, ახალაია და ბევრიც სხვა).

ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, რას იტყვით, როგორ გავხსნათ ეს ჩაკეტილი წრე? როგორ ვაიძულოთ პრეზიდენტები, ღირსეულად მოექცნენ საკუთარ ხალხს და ქვეყანას? როგორ დავამთავროთ რევოლუციები და როგორ ამოვიდეთ ღვაწლმოსილი რევოლუციონერების ვალიდან? სად მოვძებნოთ პრეზიდენტი, რომელიც არა მხოლოდ მოვა, არამედ – წავა კიდეც არჩევნებით?

აი, რა ყოფილა ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG