ეროვნული უშიშროების საბჭომ გაიზიარა თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება და კვლავაც უცვლელად დატოვა საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა. შესაბამისად, 2016 წელს საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 37 ათასს არ გადააჭარბებს, რასაც ექსპერტთა ერთი ნაწილი არაადეკვატურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, ბოლო წლების გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით.
თუკი პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, 23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა როგორც „ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი“ საფრთხეები – კონკრეტული სცენარები, ასევე ამ საფრთხეებზე „საპასუხო ქმედებების სპექტრი“. საუბარია “საქართველოს საფრთხეების შეფასების“2015–2018 წლებისთვის გამიზნულ (საბოლოოდ მთავრობის მიერ დასამტკიცებელ) დოკუმენტზე, რომელიც საიდუმლოა და, შესაბამისად, საჯაროდ არ კონკრეტდება მისი დეტალები. თუმცა ფაქტია, რომ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით, საჭიროდ არ ჩაითვალა საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის შეცვლა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განმარტებით, 23 სექტემბერს დოკუმენტმა ბოლომდე ვერ გაიარა პროცედურა, რომელიც პარლამენტისთვის გადაგზავნამდე იყო აუცილებელი. საქმე ის არის, რომ, უშიშროების საბჭოს 11 მუდმივი წევრიდან ოთხშაბათის სხდომაში 7 წევრი მონაწილეობდა და, შესაბამისად, წარმოდგენილი არ იყო წევრთა 2/3, რაც დოკუმენტის დამტკიცებისთვის კვორუმით არის განსაზღვრული:
„(სამხედრო ძალების) რაოდენობა იქნება იგივე გადაგზავნილი პარლამენტში, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით... თუმცაღა მე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, დამევალა ამ გადაწყვეტილების უკვე პროცედურულად გაფორმება და როცა 8 წევრი მოაწერს ხელს, მაშინ გადაეგზავნება პარლამენტს“.
ჩვენ უნდა შევძლოთ მინიმალური პოზიციური თავდაცვითი ზღუდეების შექმნა, რომ აგრესია შევაკავოთ მინიმალურ დონეზე მაინც და შემდგომში უკვე, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის ფორმატში, მოვახდინოთ ომის შეკავება...ვახტანგ მაისაია
თუკი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელად დარჩება, – რაც პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია და ამ გადაწყვეტილებას, ძალიან დიდი ალბათობით, აღარაფერი დაუდგება წინ, – 2016 წელს საქართველოს ისევ 37 ათასამდე სამხედრო ეყოლება. თუ საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ დადგენილებას გადავხედავთ, წელს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არაუმეტეს 37 000 კაცს ითვლის და ეს მაჩვენებელი, უკვე ბოლო 8 წელიწადია, არ შეცვლილა.
სამხედროების ეს რაოდენობა - მით უმეტეს, რომ აქ მხოლოდ უშუალოდ ბრძოლებში ჩასართავად გამოსადეგი ძალა არ იგულისხმება, – არასაკმარისად მიაჩნია ექსპერტს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად გაზრდილია – იქნება ეს რუსეთისგან, ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან თუ უშუალოდ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ წამოსული საფრთხე – და ამ პირობებში, ექსპერტის გათვლით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 50 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს. ექსპერტს, შედარებისთვის, მეზობელი ქვეყნების მაგალითებიც მოჰყავს:
„ჩვენ უნდა შევძლოთ მინიმალური პოზიციური თავდაცვითი ზღუდეების შექმნა, რომ აგრესია შევაკავოთ მინიმალურ დონეზე მაინც და შემდგომში უკვე, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის ფორმატში, მოვახდინოთ ომის შეკავება... სომხეთის შეიარაღებული ძალები, უშუალოდ რეგულარული არმიის ნაწილების სახით, მუდმივი მზადყოფნის დონეზე, ითვლის 70 ათას სამხედრო მოსამსახურეს და პლუს მთიანი ყარაბაღის ე. წ. რესპუბლიკის შემადგენლობაც ასევე შედის სომხეთის შეიარაღებული ძალების მთლიან შემადგენლობაში... აზერბაიჯანის შეიარაღებული ჯარების შემადგენლობაში არის თითქმის 120–130 ათასი ადამიანი და ამაში არ იგულისხმება გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც მოქმედებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ვთქვათ, შინაგანი ჯარი, პოლიციისა და უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმები და ასე შემდეგ“.
როდესაც რაოდენობა მეტია, ეს მეტი ოპერატიული მოქმედების საშუალებას აძლევს გენშტაბს. მაგალითად, რაც უფრო მეტი ბრიგადაა სხვადასხვა მიმართულებით დისლოცირებული, უფრო უკეთესად შეიძლება დაიცვა რომელიმე ტანკსაშიში მიმართულება, რომ მოწინააღმდეგემ შემოგიტიოს...ირაკლი ალადაშვილი
საქართველოს ჯარის სასურველი რაოდენობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, თუმცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამხედრო ძალების რაოდენობას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „განსაკუთრებულად საშიში მიმართულებების ჩასაკეტად“ . ირაკლი ალადაშვილის თქმით, საქართველოს, შემოტევის თვალსაზრისით, რამდენიმე სახიფათო მიმართულება აქვს და ესენია: ოკუპირებული ტერიტორიები, შავი ზღვის აკვატორია და სამხრეთისმიმართულება (რადგანაც სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრში, განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა):
„როდესაც რაოდენობა მეტია, ეს მეტი ოპერატიული მოქმედების საშუალებას აძლევს გენშტაბს. მაგალითად, რაც უფრო მეტი ბრიგადაა სხვადასხვა მიმართულებით დისლოცირებული, უფრო უკეთესად შეიძლება დაიცვა რომელიმე ტანკსაშიში მიმართულება, რომ მოწინააღმდეგემ შემოგიტიოს... დღევანდელ ჩვენს სიტუაციაში ძალიან უცნაური რამე ხდება. კი, უშიშროების საბჭომაც მოიწონა წინადადება, რომ იგივე დარჩეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა, მაგრამ ეს არის საშტატო რაოდენობა. რეალურად კი, შეიარაღებული ძალები ამ დონემდეც კი არ არის დაკომპლექტებული. როდესაც არ არის, ვთქვათ, ბრიგადაში, ბატალიონში, ასეულში ბოლომდე ყველა საშტატო თანამდებობა დაკავებული, დაკომპლექტებული, ეს, რა თქმა უნდა, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარკვეულ პრობლემებს შექმნის“.
ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ სამხედრო ძალების დიდი რაოდენობა, ცხადია, ყოველთვის არ ნიშნავს მის ხარისხობრივ უპირატესობას. ამჟამინდელ ვითარებაში მისთვის, მაგალითად, მიუღებელია, რომ თავდაცვის სფეროს ბიუჯეტის 80 %–ზე მეტი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სოციალურ პროექტებზე იხარჯება, ხოლო 20 %–ზე ნაკლები რჩება უშუალოდ თავდაცვითი მიზნებისთვის, მაგალითად, ახალი შეიარაღების შესყიდვისა თუ სამხედროთა სწავლებისთვის.