27 იანვარს, PACE-ს ზამთრის პლენარული სესიის პირველ სხდომაზე, ეჭვქვეშ დადგა: თეა წულუკიანის, მარიამ ლაშხის, გივი მიქანაძისა და ეკა სეფაშვილის უფლებამოსილება - დელეგაციის ძირითადი შემადგენლობიდან და ასევე, რატი იონათამიშვილის, ლევან მაჭავარიანისა და ზვიად შალამბერიძის უფლებამოსილება - სათადარიგო სიიდან.
საბოლოო გადაწყვეტილებას, პლენარულ სხდომაზე, 29 იანვარს მიიღებენ.
„გაყალბებული არჩევნები“, „ძალადობა, ცემა, წამება, მასობრივი დაკავება“, „ინსტიტუციების მიტაცება“ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და უფლებადამცველები ხედავენ საკმარისზე მეტ მიზეზს, რის გამოც „ქართული ოცნების“ დელეგაციის მანდატები ძალაში არ უნდა შევიდეს.
27 იანვარს, დღის ბოლოს, PACE-ს სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშიც მოისმინეს. მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ დარღვევებს შორის ჩამოთვალა: ამომრჩევლის მოსყიდვა, ხმის განმეორებით მიცემა, ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის დაშინება თუ დევნა. ითქვა, რომ დარღვევების მასშტაბმა „ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმაცია“ და გააჩინა შეგრძნება, რომ „დიდი ძმა [რუსეთი - რ.თ.] გიყურებს საქართველოში“.
რატომ გასაჩივრდა „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება?
„საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული პარლამენტია, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ "ქართული ოცნება". ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში“, - „ქართული ოცნების“ დელეგაციის მანდატების გასაჩივრების საკითხი, ევროპის სახალხო პარტიის [EPP] სახელით, შვედმა დეპუტატმა ორიანა ობერგმა წამოაყენა. საკითხი წამოჭრილია არა პროცედურული, არამედ - არსებითი საფუძვლით, რეგლამენტის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
არსებით საფუძველს ქმნის, მათ შორის: ევროსაბჭოს საბაზისო პრინციპების სერიოზული დარღვევა, ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობა თუ ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში თანამშრომლობის დეფიციტი.
საკითხის გასატანად 5 ქვეყნის დელეგაციების სულ მცირე 30 წარმომადგენლის მხარდაჭერა იყო საჭირო. თანხმობის ნიშნად, ფეხზე წამოდგა 30-ზე მეტი დეპუტატი. დათვალეს და საკითხი გავიდა.
გასაჩივრებული მანდატების საკითხი კომიტეტებს გადაეცათ. პროცედურები ასეთია:
- მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს სპეციალური ანგარიში - 24 საათის განმავლობაში; ხოლო მოსაზრების მომზადება წესების კომიტეტს ევალება.
- საკითხის განხილვა და კენჭისყრა შედგება PACE-ს სხდომაზე - 29 იანვარს, ოთხშაბათს.
ასევე ნახეთ PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა
რეგლამენტის თანახმად, ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
- მოხდეს უფლებამოსილების რატიფიცირება,
- არ მოხდეს რატიფიცირება,
- მოხდეს რატიფიცირება, მაგრამ გარკვეული პირობით - „ასამბლეისა და მისი ორგანოების მუშაობაში დელეგაციის წევრების მონაწილეობის ან დასწრების ზოგიერთი უფლების ჩამორთმევით ან შეჩერებით“.
ოფიციალური განცხადების თანახმად, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ, თუმცა მათ ეკრძალებათ კენჭისყრაში მონაწილეობა საკუთარი უფლებამოსილების საკითხზე.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის დელეგაციის უფლებამოსილებაც ეჭვქვეშ დადგა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 27 იანვარს, უპრობლემოდ აღიარა ყველა სხვა ქვეყნის ყველა წარმომადგენლის მანდატები.
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ - სტრასბურგში იმყოფებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართეს მოწოდებით - არ დაედასტურებინათ „ქართული ოცნების“ პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება.
ოპოზიციური პარტიების წერილები სამმა პარტიამ ერთად გაგზავნა, ხოლო ცალკე გაიგზავნა - მიმართვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სახელით. შინაარსი მსგავსია.
ამ ეტაპზე ყველასთვის ძნელი სათქმელია, თუ როგორ დასრულდება პროცესი „ქართული ოცნების“ დელეგაციისთვის.
„ეს უკვე პოლიტიკური პროცესის ნაწილიც არის. გააჩნია, როგორ ჩამოყალიბდება კონსენსუსი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც სტრასბურგში დავუკავშირდით. ცქიტიშვილი თვლის, რომ არსებობს სრული საფუძველი „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების შესაჩერებლად:
„პირდაპირ ბმაში არ არის PACE-ში მანდატებთან, მაგრამ როდესაც არჩევნები ყალბდება, ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი დარღვევა დემოკრატიული პრინციპების, რაც ევროსაბჭოს დამფუძნებელი პრინციპია.
ასევე არის სხვა საკითხები: ["ქართული ოცნების" მიერ] ინსტიტუციების ხელში ჩაგდების საკითხი - ცესკოს, სუსის, პოლიციის თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პოლიტიზება; ასევე - ძალადობრივი აქტები, რომლებსაც ვხედავთ ქვეყანაში - ცემა, თავდასხმა, [ოპონენტების] დაპატიმრება და პრობლემაა კანონმდებლობა, რომელიც ცალსახად არადემოკრატიული და რეპრესიულია თავისი არსით... ყველაფერი ეს ქმნის საფუძველს, რომ გადაიხედოს მანდატები“.
- ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, სტრასბურგში დეპუტატების რანგში არ არიან ჩასული და არც დელეგაციის შემადგენლობაში ირიცხებიან.
- შესაბამისად, ისინი არ მონაწილეობენ კენჭისყრისა თუ საკომიტეტო მოსმენის პროცედურებში ან სხდომის დებატებში, თუმცა შეხვედრებს იმავე შენობაში მართავენ და სხდომაზე დასწრების შესაძლებლობაც აქვთ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სტრასბურგში თავ-თავიანთი პოლიტიკური ოჯახების მიწვევით იმყოფებიან, იქნება ეს „სოციალისტები", ევროპის სახალხო პარტია თუ ალდე.
"დიდი ძმა გიყურებს საქართველოში"
„ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების შემდეგ, PACE-ს სხდომაზე, დღის ბოლოს, დეპუტატებმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული ანგარიშიც მოისმინეს. PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების ვრცელი ჩამონათვალი წაიკითხა და თქვა, რომ ამ ყველაფერმა „მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა“ და „ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმაცია“.
„საარჩევნო უბნების წინ ამომრჩევლის დაშინებამ, დევნამ და მათ მიმართ შესაძლო კონტროლმა გააჩინა შეგრძნება იმისა, რომ "დიდი ძმა გიყურებს საქართველოში"“, - იულიან ბულაიმ საქართველოში ახალი არჩევნების საჭიროებაზეც ილაპარაკა.
ასევე ნახეთ ჩვენი დელეგაცია შეაშფოთა ფართოდ გავრცელებულმა ზეწოლის კლიმატმა - PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელის მოხსენება საპარლამენტო არჩევნებზესაქართველოს არჩევნებსა და დემოკრატიაზე საუბარი ამის შემდეგაც გაგრძელდა - როცა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე - ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩა PACE-ს მონიტორინგის პროცესის პროგრესს აფასებდა. მან თქვა, რომ საქართველოში „სიტუაცია დრამატულად გაუარესდა ბოლო წლის განმავლობაში“. ითქვა ასევე, რომ ანგარიშსა და რეზოლუციაში, რომელიც მისმა კომიტეტმა 29 იანვარს PACE-ს სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს, ასახული იქნება როგორც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დასკვნები, ასევე მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შეფასებები.
PACE-ს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანკ შვაბემ საქართველო აზერბაიჯანს შეადარა.
„ვიმედოვნებ, რომ ის [საქართველო] არ დაეწევა აზერბაიჯანს ძალიან მალე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მხრივ. მაგრამ ასე ჩანს. ჩანს, რომ ყველაფერი მცდარი გზით მიდის. ჩვენ მოვისმინეთ იულიან ბულაის ანგარიში. სამწუხაროდ, მართლაც იყო სისტემური, ფართოდ გავრცელებული მანიპულაციები ამ [საქართველოს] არჩევნებში და არჩევნების შემდეგაც ყველაფერი მცდარი მიმართულებით მიდის”, - შვაბე თვლის, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის დაყენება სავსებით მართებული იყო.
დისკუსიის დროს, საქართველო შეადარეს ბელარუსსაც. ითქვა, რომ „თუკი საქართველო დაკარგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუკი საქართველო დაკარგავს დამოუკიდებელ მედიასა და ოპოზიციურ ძალებს, ის შესაძლოა საბოლოოდ ბელარუსად იქცეს“.
გამომსვლელთა ერთი ნაწილი კოლეგებს საქართველოსთან დიალოგის შენარჩუნებისკენ და დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის სიფრთხილით განხილვისკენ მოუწოდებდა. ასეთები უმცირესობაში იყვნენ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ დელეგაციის წარმომადგენელი - თეა წულუკიანიც
მან თქვა, რომ შეუძლებელი იყო არჩევნების გაყალბება - რადგან „[კენჭისყრა] ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიებით მოხდა და ეს მოწყობილობები დასავლურმა კომპანიებმა დააყენეს”. ასევე წულუკიანის თქმით, „ხალხს არჩევნების შედეგი არ მოსწონს” და „საქართველოს დასჯას ცდილობს”.
„სრულიად არასწორია იმის მტკიცება… ხალხი ამბობს, რომ ჩვენ შევაჩერეთ მოლაპარაკებები [ევროკავშირთან]. მოლაპარაკებები არც კი არსებობდა”; „ოპოზიცია პარლამენტში მანდატებზე უარს აცხადებს, მაგრამ თანხა აიღეს“, - ესეც თეა წულუკიანის გამოსვლიდან არის.
სტრასბურგში არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამართული შეხვედრები ძირითადად ადამიანის უფლებების დარღვევებს შეეხება - და ეს იმ პირობებში, როდესაც - „პარლამენტი არალეგიტიმურია. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უთქვამს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“.
„არჩევნების შემდგომ პერიოდში ადგილი აქვს საკმაოდ მასშტაბურ, სისტემურ ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოებაზე. შეიძლება უკვე ითქვას, რომ მიმდინარეობს რეპრესიები აქტივისტების, ჟურნალისტების წინააღმდეგ.
მათ შორის, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ მზია ამაღლობელის საქმეზე და წამების ფაქტებზე. წამების არცერთი ფაქტი არ არის გამოძიებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული“, - უჩა ნანუაშვილი გვეუბნება, რომ სტრასბურგში, მათი თანამოსაუბრეები „ძალიან კარგად არიან ინფორმირებული“.
ასევე ნახეთ ევროსაბჭოს "ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ" ამაღლობელის საქმეზე განგაშის სიგნალი ჩართო ასევე ნახეთ HRW: 2024 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადანანუაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით, არ მომზადებულა PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში, რომელზე მუშაობაც საქართველოში მათი დელეგაციის ვიზიტის შემდეგ დაიწყო.
14-16 იანვარს, მონიტორინგის მისია შეხვდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო სექტორს. ჰქონდათ ვიზიტი საპატიმროში და სახლში მოინახულეს ექსპრემიერი გიორგი გახარია, რომელიც იმ პერიოდში შინ მკურნალობდა - სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ მასზე ჯგუფური თავდასხმის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
არასამთავრობო სექტორი იზიარებს მიდგომას, რომ არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ დელეგაციის მანდატების რატიფიცირება
ისევ დიპ სტეიტი
„ქართულ ოცნებაში” იმედოვნებენ, რომ - „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აჰყვებიან ზოგიერთი პოლიტიკური დაჯგუფებისგან მათი იარაღად გამოყენების მცდელობებს”. მეორე მხრივ კი, კვლავ გარე ძალას აბრალებენ ოპოზიციის მართვას.
„ეს წერილებიც იწერება არა მათ [ოპოზიციის] ოთახებში, არამედ მოსდით მითითება და ამ წერილებს აბრუნებენ, თითქოსდა, პარტიული პოზიციის გამოსახატად. ასევე, რასაც ჩვენ ვხედავთ, სამწუხარო ტენდენციაა, რომ საერთაშორისო ფორმატების პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ხდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვხედავთ, რომ რისკია, საპარლამენტო ასამბლეა, როგორც დიალოგის ფორმატი, აქციონ პარტიული იარაღის ინსტრუმენტად”, - განაცხადა „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 27 იანვარს.
„ქართული ოცნება” ოპოზიციონერებს „შადიმანებად” და „მოღალატეებად” მოიხსენიებს. პროსახელისუფლებო „იმედი“ ამ თემასთან დაკავშირებით - „დიპ სტეიტსაც“ ახსენებს.
„მათ [ოპოზიციას] ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე სამი თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების” დელეგაციის წევრმა PACE-ში, გივი მიქანაძემ, რომლის მანდატიც ასევე გასაჩივრებულია.
„ქართული ოცნების“ დელეგაციას სტრასბურგში ხმაურით დახვდნენ ემიგრანტები - რომლებმაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სტრასბურგში საარჩევნო უბნის გასახსნელად ძალიან ბევრი, მაგრამ უშედეგოდ იბრძოლეს.
„ყავა დასხმული ჰქონდათ და დავატოვებინეთ ყველას... ყავა არ დავალევინეთ... ყველგან დავხვდით, ვერ იგებდნენ მანქანები საიდან შეეყვანათ და გამოეყვანათ, რომ ჩვენ არ დავხვედროდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „თამარიელის“ დამფუძნებელი, სტრასბურგში მცხოვრები მარი კაიშაური, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად - „ქართული ოცნების“ დელეგაციის წარმომადგენლებს ქუჩებსა და კაფეებში ხვდებოდა.
„თქვენთვის ადგილი ევროპაში არ არის, თქვენთვის ადგილია რუსეთში“, - ამ სიტყვებით მიუახლოვდნენ ემიგრანტები რესტორნის მაგიდას, რომელთანაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები - გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი და თამარ ტალიაშვილი ისხდნენ.
კარგად ინფორმირებული არ ხართო, ამ მაგიდასთან ვინც ვართ, ზუსტად ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში გასაწევრიანებლადო, - მიმართა ანტიდასავლური გამონათქვამებით ცნობილი „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა ემიგრანტებს.
იმ ღამით, ფრანგულ რესტორანში, იმ მაგიდასთან არ იჯდა თეა წულუკიანი, თუმცა მას ემიგრანტები ქუჩაში გამოელაპარაკნენ და უთხრეს, რომ - მან ევროპის ნაცვლად, რუსეთის ჰაერი უნდა ისუნთქოს.