ერევანი არ მალავს, რომ სომხეთი სულ უფრო მზარდი ინტენსივობით მიისწრაფვის დასავლეთისკენ. „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის“ დამტკიცების შემდეგ (2025 წ. 9 იანვარი), ხელი მოეწერა სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ოფიციალური ერევანი ამტკიცებს, რომ „სტრატეგიული პარტნიორობა“ მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროს, რის გამოც სომხეთს მიეცემა უფრო მეტად საიმედო ინსტრუმენტები თავისი სუვერენიტეტის დასაცავად.
ქარტიის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პირდაპირ ეთერში, გადაიცემოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტისა და სომხური ტელეარხების საშუალებით.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ამერიკის მხრიდან ხელი მოაწერა მიმავალმა ადმინისტრაციამ, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის, ეჭვი არ ეპარება, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს ერევანთან მუშაობას ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე.
„რა თქმა უნდა, არის განსხვავებები შეერთებული შტატების "მიმავალი" და "ახალი" ადმინისტრაციების ხელწერებსა და ხედვებს შორის, როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქვეყანასთან, რომელშიც არსებობს ინსტიტუციური მეხსიერება, ტრადიციები და მემკვიდრეობითობა პოლიტიკაში. ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, როგორც სახელმწიფოსთან და არა კონკრეტულ ადმინისტრაციასთან. მეტიც, ჩვენ უკვე დავამყარეთ კონტაქტები მომავალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.
არის ასეთი ქარტია
სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დოკუმენტი მთლიანობაში შედგება პრეამბულისა და შემდეგი ხუთი თავისგან:
- პარტნიორობის პრინციპი
- ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობა
- თავდაცვა და უსაფრთხოება
- დემოკრატიის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის გაძლიერება
- ხალხებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა და კულტურული გაცვლა
პრეამბულაში მხარეები ხაზს უსვამენ, რომ ორ დემოკრატიულ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, მათ შორის, დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებასა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობას და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. მხარეები ასევე გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ ურთიერთობები დიპლომატიურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, მაღალტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ, იურიდიულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
I მუხლში [პარტნიორობის პრინციპი] ნათქვამია, რომ ორმხრივი ურთიერთობების საფუძველია ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მხარეებს შორის მეგობრობა კი ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებას და რწმენას, რომ დემოკრატია არის პოლიტიკური ლეგიტიმაციის და, შესაბამისად, სტაბილურობის მთავარი საფუძველი. ამავე მუხლში ნათქვამია, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული სომხეთი, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა.
II მუხლში [ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობა] შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას, ინტეგრირდეს გლობალურ ეკონომიკაში.
„სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, უსაფრთხო, ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სომხეთი და შეერთებული შტატები აპირებენ შეისწავლონ სომხეთში ენერგიის წარმოების, მიწოდების დივერსიფიკაციისა და გაზრდის შესაძლებლობები, რაც მოიცავს: ბირთვული ენერგიის სამოქალაქო პროგრამის შემუშავებას ბირთვული უსაფრთხოების, დაცვისა და გაუვრცელებლობის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში; ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მცდელობებს, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვნად გაზრდას სომხეთის ენერგეტიკულ ბალანსში; ზომებს, რომლებიც მიმართულია სომხეთის ენერგეტიკული კავშირის დამყარებაზე რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
III მუხლში [თავდაცვა და უსაფრთხოება] მხარეები აღნიშნავენ, რომ სომხეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავება ორმხრივი პრიორიტეტია და, რომ მხარეები გეგმავენ გააფართოონ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და რეფორმების პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის თავსებადობის გაზრდას და თავდაცვის გაძლიერებას.
„შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს უფლებების დამცავი სტრუქტურების გაძლიერება, მათ შორის, მხარი დაუჭიროს სომხეთის ძალისხმევას მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი უწყებების რეფორმირება და მოდერნიზაცია. მოსალოდნელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მოიცავდეს პოლიციის როგორც ტრენინგს, ასევე სხვა ზომებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ძალადობაში ბრალდებული პირების პასუხისგებაში მიცემისა და ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლის უზრუნველსაყოფად“.
ამავე მუხლის მიხედვით, სომხეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ ითანამშრომლონ სომხეთში კანონის უზენაესობის, სასამართლოს მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მექანიზმის შექმნაში. მხარეები ასევე აპირებენ ერთობლივი ძალისხმევით ებრძოლონ ისეთ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ საფრთხეებს, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება და კიბერდანაშაული.
IV მუხლში [დემოკრატიის, სამართლიანობისა და ინკლუზიურობის გაძლიერება] სომხეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ თანამშრომლობას დამოუკიდებელი მედიის, სიტყვის თავისუფლებისა და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაძლიერებლად.
V მუხლში ლაპარაკია ხალხთა შორის კავშირების განვითარების სურვილზე, მათ შორის ისეთი კულტურული, მხატვრული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობასა და ურთიერთგაგებას. მხარეები ასევე გეგმავენ კულტურული და სოციალური აქტივობების ხელშეწყობას ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX), ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გაცვლითი პროგრამა (UGRAD), საკანონმდებლო განათლება და გამოცდილება (LEAP), ლიდერობის საერთაშორისო პროგრამა (IWLP), ინგლისური ენის სწავლების პროგრამა და სხვა ინიციატივები.
„ქართულ-ამერიკული ქარტია“ - ასევე ომის შემდეგ და ასევე წარმავალი ადმინისტრაციის პირობებში
აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მაშინაც ომის (რუსეთ-საქართველოს 2008 წ. ომი) დასრულების შემდეგ და მაშინაც ამერიკის წარმავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაფორმდა.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ოთხი საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად, შეიქმნა შემდეგი სამუშაო ჯგუფები:
- თავდაცვისა და უსაფრთხოების
- ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის
- დემოკრატიისა და კარგი მმართველობის
- ხალხთაშორისი ურთიერთობების
„ქარტიამ დაავალდებულა ორივე ქვეყნის მთავრობები, რომ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ერთობლივად მიაღწიონ მიზნებს. ქარტიამ დაავალდებულა შეერთებული შტატები, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ქვეყნის მისწრაფებას გაწევრიანდეს ნატოში და მის მისწრაფებას უფრო ფართო და აქტიური ორმხრივი ურთიერთობისკენ ალიანსსა და შეერთებულ შტატებთან. ეს არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ მეტად სერიოზულად განვიხილავთ“, - განაცხადა 2012 წლის 6 დეკემბერს თბილისში სტუმრად მყოფმა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა, რომლის თქმითაც, ქარტიამ თავი მოუყარა და უფრო ორგანიზებულ ჩარჩოებში მოაქცია ყველა ის სფერო, რომელთა ფარგლებშიც წლების განმავლობაში ისედაც თანამშრომლობდნენ შეერთებული შტატები და საქართველო.
2009 წლის 9 იანვარს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ამერიკის მხრიდან ჯორჯ ბუშის წარმავალმა ადმინისტრაციამ (სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი) მოაწერა ხელი, თუმცა ქარტიის ერთგულება, მასში ასახული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა პრეზიდენტების - ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების მიერ.
„შეერთებული შტატები არ იყოყმანებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. სწორედ ეს მხარდაჭერა წარმოადგენს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ცენტრალურ პრინციპს და ეს არის ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტი“, - აღნიშნავდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2010 წლის ოქტომბერში.
აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა 2024 წლის 30 ნოემბერს.
„აშშ, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ვგმობთ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს - ევროკავშირი არის დამცავი ზღუდე კრემლის წინააღმდეგ. ამიტომ, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან“, - მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ახალი სტრატეგიული პარტნიორი
აშშ-თვის მთავარი პარტნიორი, რუსეთისთვის ტროის ცხენი
ვიტალი პორტნიკოვი, უკრაინელი პოლიტოლოგი, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ანალიტიკოსი, მიიჩნევს, რომ ვაშინგტონში 14 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გაითვალისწინებს, რადგან ეს ნაბიჯი მეტყველებს ამერიკის დაინტერესებაზე გაზარდოს თავისი როლი სამხრეთ კავკასიაში.
ვიტალი პორტნიკოვი: „ეს არის რეგიონი, სადაც შესუსტდა აშშ-ის პოზიციები საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის ცვლილების გამო. ნატოში ინტეგრაციას თბილისი აღარც კი ახსენებს. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, თბილისმა პროცესი ოფიციალურად შეაჩერა 2028 წლამდე. სომხეთის მეზობლად მდებარეობს ირანი, რომელთანაც ერევანს ნორმალური, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა აქვს, თუმცა რუსეთი და ირანი 17 იანვარს აპირებენ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას. ზუსტად ასეთი დოკუმენტი რუსეთმა გააფორმა ჩრდილოეთ კორეასთანაც. შედეგად, კორეელი ჯარისკაცები ახლა ომში არიან ჩაბმული, ხოლო რუსეთი იღებს კორეულ შეიარაღებას. ასე რომ, რუსეთის ირანთან ხელშეკრულების გაფორმება აშკარად აშშ-ის გამოწვევაა. ამიტომ გასაგებია, შექმნილ ვითარებაში რამდენად მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის ირანის მეზობლად მდებარე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ამ ქვეყანასთან ურთიერთობა. ეს ასევე სიგნალია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, რომ საჭიროა საზღვრების გახსნა, რომ საჭიროა მხარეებისთვის ურთიერთმისაღები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი პრობლემების გადაჭრისას არ ეყრდნობოდეს რუსეთის მხარდაჭერას, რადგან ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ მოსკოვი არ აპირებს არც ერევნის და არც ბაქოს მხარდაჭერას, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს შორის დაპირისპირებას იყენებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. ამიტომ ერევანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა ბაქოსთვის. წესით, ილჰამ ალიევს არ უნდა სურდეს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაფუჭება. ასე რომ, ეს ქარტია ნამდვილად უხსნის გზას რეალური, ურთიერთმისაღები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას და რეგიონში სავაჭრო გზებისა და საზღვრების განბლოკვას. ასევე საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება მოსკოვს. ცხადია, რომ პირველ კვირებში რუსეთი მკვეთრ განცხადებებს მოერიდება. დაელოდება ტრამპის ინაუგურაციას. თუ გავიხსენებთ, როგორ ჩაშალა მოსკოვმა სომხეთის მცდელობა, გაეფორმებინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ძნელი მისახვედრი არ იქნება, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მოსკოვს ერევნის საგარეო პრიორიტეტების ცვლილებაზე. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ შეეცდება რუსეთი ამ პროცესის ჩაშლას, აქვს თუ არა მას ამის შესაძლებლობა, ძალა და სომხურ საზოგადოებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტები - ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში გაირკვევა“.
იგორ კოროტჩენკო, რუსი პოლიტოლოგი და კასპიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკომენტარში ამბობს, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული შეთანხმების გაფორმება ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას.
იგორ კოროტჩენკო: „ახალ ვითარებაში ერევანი ხდება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და ამით გვევლინება სამხრეთ კავკასიის უკლებლივ ყველა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. ამ თვალსაზრისით მთავარ დაზარალებულად გვევლინება ირანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ფაშინიანის რეჟიმის მხარდასაჭერად, მაგრამ ახალ რეალობაში ირანისათვის საფრთხის მთავარი წყარო სწორედ სომხეთის ტერიტორიიდან იქნება. გამოდის, რომ თეირანი თავის საზღვარზე იღებს ამერიკის მოკავშირეს ფაშინიანის რეჟიმის სახით. ვფიქრობ, რომ ირანი ძირფესვიანად გადახედავს დამოკიდებულებას ფაშინიანის მთავრობის მიმართ. ეს უსიამოვნო ცვლილება აჩენს ახალ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რუსეთისთვისაც. აშკარაა, რომ სომხეთის მიერ გაყინული "კუხოს" (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - რუსულად ОДКБ) წევრობა მალე დე იურედაც გაფორმდება ორგანიზაციის დატოვების სახით და სომხეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ნაცვლად შესაძლოა განთავსდნენ ფრანგი ან ამერიკელი სამხედროები, შემდეგ კი, ალბათ, სამხედრო ბაზებიც. რაც შეეხება ერევნის უარს, გააფორმოს სამშვიდობო შეთანხმება იმ ხუთ პრინციპზე დაყრდნობით, რომლებიც ილჰამ ალიევმა ჩამოაყალიბა. აშკარაა, რომ ერევანი იღებდა მხარდაჭერას აშშ-დან, რათა არ გაფორმებულიყო სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმება. ამგვარად დასავლეთის ძალისხმევა, გაავსოს სომხეთი თანამედროვე იარაღით, გამოიწვევს ერევნის მმართველ რეჟიმში სამხედრო-პოლიტიკური ამბიციების აღორძინებას. ეს ახლო მომავლის კი არა, ფაქტობრივად, უკვე დღის წესრიგის საკითხია. საჭიროა მრავალმხრივი კონსულტაციები, რადგან სომხეთი იქცა კოლექტიური დასავლეთის ტროის ცხენად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კონსულტაციები, თუნდაც ექსპერტების დონეზე, უნდა დაიწყოს რუსეთს, თურქეთს, ირანს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან გამოწვევები მრავლდება, იქმნება ახალი წესრიგი, რომელშიც სომხეთი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიისათვის გლობალური საფრთხის ფაქტორს მისი ახალი გეოპოლიტიკური და სამხედრო სტატუსით, როგორც პირდაპირ საფრანგეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესების გამტარებელი. პერსპექტივაში მოსალოდნელია მისი ასოცირებული წევრობა ან წევრობისთვის მომზადების პროგრამა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ნატოშიც“.
ნიკოლ ფაშინიანის ოპტიმიზმი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებულმა დაბალანსებულმა და გააზრებულმა საგარეო პოლიტიკამ თავის მთავარ ეტაპს მიაღწია. ფაშინიანმა ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:
„ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ახლა უფრო მეტად არსებითია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტია.
ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა გასული, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებსა და განვითარების პოტენციალს.
თურქეთთან ჩამოვაყალიბეთ ურთიერთგაგების ხელშესახები ბაზა.
აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სომხეთის რესპუბლიკა სთავაზობს ყველა საკითხის კონსტრუქციულ გადაწყვეტას. წინადადებებით კი არ გამოვსულვართ, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციის პროვოცირების ყველა მცდელობას არ ექნება არც ლეგიტიმაცია და არც საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ესკალაცია არ გამოვა.
რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად პრაქტიკულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ორიენტირებულია კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ვცდილობთ განვავითაროთ ეს ურთიერთობა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე.
ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გაძლიერდა და განვითარდა.
ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რასაც ბრიუსელშიც აღნიშნავენ.
იწყება სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა.
ჩვენი ურთიერთობები ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება.
ახალი აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა“.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ასეთი დაბალანსებული პოზიციონირება ქმნის მყარ წინაპირობებს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის.
ძალთა ახალი ბალანსი
პოლიტიკის ადგილობრივი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება, სავარაუდოდ, გამოიწვევს რეგიონში აშშ-ის სამხედრო მონაწილეობის ყოფნის გაძლიერებას, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება შექმნას ძალთა ახალი ბალანსი, გააძლიეროს სომხეთის პოზიციები ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. თუმცა ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს იქნება არა იმდენად პირდაპირი სამხედრო დახმარება (შეიარაღება), რამდენადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლების საშუალება.
დამკვირვებლების აზრით, დოკუმენტი ასევე შეიძლება მიუთითებდეს ახალი ეპოქის დაწყებაზე სომხეთის ენერგეტიკის სექტორისთვის, რომელიც ამჟამად დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე. ორგანიზაცია CyberHUB-ის თანადამფუძნებლის, სამველ მარტიროსიანის თქმით, აშშ შესაძლოა იქცეს სომხეთის ერთ-ერთ ალტერნატიულ პარტნიორად ამ საკვანძო სექტორში, პირველ რიგში, ბირთვულ ენერგეტიკაში. მისი აზრით, ეს არა მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს, არამედ გახსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიებისთვის.
სამველ მარტიროსიანი ხელშეკრულების მესამე მნიშვნელოვან პუნქტად ასახელებს ვაჭრობას. შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის მონაწილეობას სომხეთის ეკონომიკაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ექსპერტის აზრით, მცირე საინვესტიციო პროექტებსაც კი შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ სომხეთის ეკონომიკაზე, ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნითა და ცხოვრების დონის ამაღლებით.
თუმცა სამველ მარტიროსიანის აზრით, მთავარი საკითხი მაინც ის არის, თუ რამდენად მისაღები იქნება ეს დოკუმენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის.
„მისი [დონალდ ტრამპის] გარემოცვა განსხვავებული ხალხისგან შედგება. ერთი მხრივ, არიან ქრისტიანი კონსერვატორები, რომლებიც ხაზს უსვამენ მთლიან რეგიონში ქრისტიანი მოსახლეობის მხარდაჭერის აუცილებლობას. მეორე მხრივ, ასევე არიან "ტექნოკრატი კაპიტალისტები", რომლებისთვისაც აზერბაიჯანისა და თურქეთის ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ფაქტორი - ტრამპის განცხადება, რომ კონფლიქტები არ უნდა იყოს. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს გავლენის გაღრმავებას ჩვენს რეგიონში. თუმცა, არ შეიძლება უგულებელვყოთ ე.წ. კულისებში ვაჭრობაც. ძნელი სათქმელია, რაზე შეთანხმდებიან ტრამპი და პუტინი. ძნელია იმის გაგება, თუ საით წავლენ სომხეთი და საქართველო ამ ვაჭრობის შედეგად“, - განუცხადა სამველ მარტიროსიანმა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პროექტ „ეხო კავკაზას“.
პოლიტიკის ექსპერტების დაკვირვებით, ბოლო წლებში სომხეთის მოსახლეობამ შესამჩნევად შეიცვალა შეხედულებები რუსეთთან მიმართებით, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან. სოციოლოგიური კვლევებიც აჩვენებს, რომ სომხურ საზოგადოებაში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების პოზიციები მნიშვნელოვნად არის გამყარებული. თუმცა ანალიტიკოსებისთვის ისიც აშკარაა, რომ დასავლური საგარეო კურსის გაძლიერების გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ საზოგადოების განწყობაზე რეაქცია, არამედ ასევე დაფუძნებულია სერიოზულ გეოპოლიტიკურ რეალობაზე. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოკავშირეობა, ისევე როგორც რუსეთის მზარდი თანამშრომლობა თურქეთთან, მძიმე მდგომარეობაში აგდებს სომხეთს.
საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის თავმჯდომარე გიორგი ტუმასიანი ამბობს, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ხარისხი დამოკიდებული იქნება აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენაზე. პოლიტოლოგის თქმით, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სომხეთს გაუჭირდება დასავლეთთან მდგრადი ურთიერთობების აგება. ამიტომ, ტუმასიანისთვის სომხეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები კავკასიის რეგიონის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების შენარჩუნებისა და პროდასავლური პოზიციების გაძლიერების მცდელობაა.
„ევროატლანტიკური საქართველოს გარეშე სომხეთის ევროატლანტიკური მომავალი შეუძლებელია. 2024 წლის 5 აპრილს სომხეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დაიდო სამმხრივი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც სომხეთის ეკონომიკა, ისევე როგორც უსაფრთხოების სექტორი, დასავლეთისკენ უნდა ორიენტირდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი, უზრუნველყოფს ლოგისტიკურ კავშირებს სომხეთთან. ამის შემდეგ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ევროკავშირსა და აშშ-ს გლობალური ომის პარტია უწოდა, შეცვალა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვექტორი და მოახდინა კანდიდატის სტატუსის დე ფაქტო შეჩერება. ამის მიზანი არა მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის (მოსკოვის ბრძანებით) შეფერხებაა. ამით ხელს უშლის სომხეთს, თავი დააღწიოს რუსეთის საოკუპაციო სისტემას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა“, - უთხრა გიორგი ტუმასიანმა „ეხო კავკაზას“.
საქართველოს სომხური საზოგადოებრივი პლატფორმის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია და ზოგადად რესპუბლიკელები საქართველოს მიმართ კვლავაც ინარჩუნებენ მომეტებულ ინტერესს. ამიტომ, მისი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული დოკუმენტები უყურადღებოდ არ დარჩება.
სომხეთი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რეგიონში რუსეთის მოკავშირედ. თუმცა, ბოლო დროს ერევანმა უფრო აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. ამ დაახლოებამ გამოიწვია სომხეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა გააუარესა სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობა.
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების (ომის) გამო, რომელიც დასრულდა 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებით. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სომხეთი დახმარების გარეშე დატოვა და არ დაუჭირა მხარი ომის დროს.
ფორუმი