საგარეო უწყების განმარტებით, ელჩი კოპირკინი დაიბარეს „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის გადაცემა „კვირის ამბებში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც გაჟღერდა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ხელოვნურად შექმნილი ნარატივები“.
საელჩოს ცნობითვე, ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა.
წინა დღეს, 14 იანვარს, სომხეთმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას - მოაწერა ხელი.
„სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია“ (ВГТРК) რუსეთის მთავრობას დაქვემდებარებული პროპაგანდისტული არხია.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის განმარტებით, სომხეთის საგარეო უწყების პროტესტი მიემართება ტელეწამყვანის, კრემლის პროპაგანდისტის, დმიტრი კისელიოვის გადაცემას.
12 იანვრის გამოშვებაში კისელიოვმა განაცხადა, რომ ერევანი უგულებელყოფს „მის მიერ აღებულ ვალდებულებებს სამმხრივი [2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულებისას დადებული] შეთანხმებიდან“ და ასევე, უგულებელყოფს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოთხოვნას, გაიხსნას „ზანგეზურის დერეფანი“ - გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჭევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ინიციატივა - „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას ითვალისწინებს - მიუღებელია აზერბაიჯანული მხარისათვის „მთიანი რელიეფის გათვალისწინებით, გზების მშენებლობის სირთულის გამო“.
კისელიოვმა ასევე ისაუბრა სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის ინიციირებასთან დაკავშირებით და „რუსეთთან ურთიერთობების თანდათანობით შეჩერებაზე“. „ეს არაფერი კარგით არ დასრულდება“, - თქვა მან.
სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ბოლო ხანს თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.
სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
2025 წლის 14 იანვარს კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.
ფორუმი