Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს


აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

2025 წლის 14 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.

ქარტიას ვაშინგტონში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

„ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობებში. ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

მისი თქმით, კომისია ორ ქვეყანას აძლევს საგზაო რუკას, რათა გააფართოონ ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მართლმსაჯულების სფეროებში და გააღრმაონ ხალხთაშორისი ურთიერთობები.

ეს ნაბიჯი აშშ-ის მთავრობამ გადადგა ახალი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემამდე ექვსი დღით ადრე.

„ჩვენ მოუთმენლად ველით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა მივაღწიოთ იმ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით არის განსაზღვრული“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის ბოლო წლებში თანამშრომლობა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირთან.

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც 2023 წლის სექტემბერში დასრულდა აზერბაიჯანის მიერ თავის შემადგენლობაში ამ რეგიონის დაბრუნებით.

სომხეთის მთავრობამ 2025 წლის 9 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.

აშშ-სა და ევროკავშირთან სომხეთის დაახლოების დაწყების ფონზე მათთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საქართველოში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა წლების წინ დაამყარა.

2024 წელს ე.წ. აგენტების კანონისა და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ, ნოემბერში კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG