Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენი დელეგაცია შეაშფოთა ფართოდ გავრცელებულმა ზეწოლის კლიმატმა - PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელის მოხსენება საპარლამენტო არჩევნებზე


იულიან ბულაი, PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელი
იულიან ბულაი, PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელი

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენება წარადგინა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედიალანდშაფტის მაღალი პოლარიზებით, ისევე როგორც მწვავე დაპირისპირებით, ერთი მხრივ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, მეორე მხრივ, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის.

სესიაზე მან წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის შეფასება მოკლედ წარადგინა:

"დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ორმაგი ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლად. და ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევები იმ საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლები იყვნენ.

საარჩევნო უბნების წინ ამომრჩევლის დაშინებამ, დევნამ და მათ მიმართ შესაძლო კონტროლმა გააჩნია შეგრძნება იმისა, რომ "დიდი ძმა გიყურებს საქართველოში".

ჩვენი დელეგაცია შეაშფოთა ფართოდ გავრცელებულმა ზეწოლის კლიმატმა, ორგანიზებულმა დაშინებამ არჩევნებამდე და არჩევნების დღეს - განსაკუთრებით სოფლად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებმა.

ჩვენი დასკვნით, ამ საკითხებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ნდობა მისი შედეგის მიმართ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმაცია.

არსებობდა სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, უზრუნველყოფილი იყო თუ არა საარჩევნო გარემო ზეწოლისა და დაშინებისაგან თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისათვის აუცილებელი პირობით", - თქვა მან სესიაზე.

იულიან ბულაი გამოსვლისას ასევე შეეხო პოსტსაარჩევნო პერიოდს და აღნიშნა, რომ მოვლენები საქართველოში "საგანგაშოდ" განვითარდა.

"მასობრივი დემონსტრაციები გამოირჩეოდა ძალადობით, პოლიციის სისასტიკით მომიტინგეების, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო პირებისა და ჟურნალისტების მიმართ", - თქვა მან.

ბულაიმ ტრიბუნა ასევე გამოიყენა ორი მოწოდების გასაკეთებლად და განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ხელისუფლებამ კი მხარეებთან დიალოგი უნდა დაიწყოს ახალი არჩევნებისთვის.

"ქვეყანა მიდის ავტოკრატიისკენ და არჩევნების შემდეგ უკეთესი მდგომარეობა არ არის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ორი მოწოდებისთვის: უპირველეს ყოვლისა, ესაა საქართველოში მყოფი 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რომელთაგან ერთი ჟურნალისტი 16 დღეა, შიმშილობს.

მეორე - ყველაფერი, რაც ჩვენ გამოვიარეთ ნოემბრის შემდეგ და ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, გზას უხსნის ამ ასამბლეას, რათა წაახალისოს საქართველოს ხელისუფლება, დაიწყოს დიალოგი ყველასთან, რათა იმუშაონ ახალი არჩევნებისთვის საქართველოში, რომელსაც ექნება უფრო მეტი ლეგიტიმაცია როგორც აღმასრულებელ მმართველობაში, ისე პარლამენტის ფუნქციონირებაში".

27 იანვრის სხდომაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ასევე "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა. ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს, საკითხზე კენჭისყრა კი ოთხშაბათს გაიმართება.

ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა EPP-ის ჯგუფის სახელით. მას ასამბლეის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოში 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის - საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;

პარლამენტის, მთავრობისა და მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG