საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველომ უკრაინის მიმართ საკმარისი მხარდაჭერა გამოხატა. ამის მაგალითად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ასახელებენ პარლამენტის მიერ 1 თებერვალს დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა - იმის გამო, რომ მასში საერთოდ არ არის მოხსენიებული რუსეთი და რუსეთის აგრესია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები კი, საქართველოში უკვე დიდი ხანია, არასაკმარისად მიიჩნევენ თბილისის მიერ კიევის მისამართით გამოხატულ მხარდაჭერას.
ზუსტად რა თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენში და რა გამოხმაურებები მოჰყვა მის ნათქვამს საქართველოში?
19 თებერვალს, როდესაც მიუნხენში, უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს მიმართავდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დახმარება ახლა მთელი ევროპის უსაფრთხოების აუცილებელ მხარდაჭერას ნიშნავს და დახმარების სანაცვლოდ კიევს ქედის მოხრა არავის წინაშე ეკუთვნის.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერება მაინც გამოხატა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინას და იქვე, ზელენსკიმ, ასევე დაკონკრეტების გარეშე, ახსენა ქვეყნები, რომლებსაც, მისი აზრით, უნდა შერცხვეთ ამ ვითარებაში პასიურობის გამო.
„მე მადლიერი ვარ ყველა იმ ქვეყნის, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ უკრაინას - სიტყვითაც, დეკლარაციებითაც და კონკრეტული დახმარებითაც... მათი, ვინც დღეს არის ჩვენს მხარეს, სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს. [კონკრეტულად] არ გასახელებთ - არ მინდა, რომ ზოგიერთ სხვა ქვეყანას შერცხვეს. ეს მათი საქმეა, მათი კარმაა და ეს მათ სინდისზეა.
მაგრამ არ ვიცი, როგორ აუხსნიან ისინი თავიანთ ქმედებებს უკრაინაში დღეისათვის უკვე მოკლულ ორ და დაჭრილ სამ ჯარისკაცს და, რაც მთავარია, სამ გოგოს კიევიდან, რომელთაგან ერთი - ათის, მეორე - ექვსის, ხოლო მესამე მხოლოდ ერთი წლის არის. ისინი დღეს უმამოდ დარჩნენ. დილის 6 საათზე უკრაინელი მზვერავი, ანტონ სიდოროვი დაიღუპა იმ იარაღის სროლის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებებით“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ემოციური, მაგრამ ამავე დროს - კრიტიკული და მომთხოვნი გამოსვლის დროს, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“ ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინა თავს დაიცავს პარტნიორებთან ერთად, და მათ გარეშეცუკრაინის პრეზირენტმა ძალების გაცილებით უფრო ძლიერად გაერთიანებისა და უკრაინის პრობლემების საერთო ევროპულ პრობლემებთან მიჩნევის აუცილებობაზე ილაპარაკა.
იგულისხმა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ქმედებებითაც უკმაყოფილოა უკრაინა?
ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვებს განსხვავებულად პასუხობენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოკლე პასუხია - არა. შალვა პაპუაშვილის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს არ იგულისხმებდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა.
„საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის.
ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ მნიშვნელოვანია ომის არდაშვება - რეზოლუციის შინაარსიც ეს იყო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინაში ახალი ომი თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ კულება: მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მხრიდან მტკიცე და ფოკუსირებულ რეაქციას ასევე ნახეთ ზელენსკიმ ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადაოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ უკრაინა ვერ იქნება კმაყოფილი საქართველოს მხარდაჭერით, რადგან, მათი შეფასებით, უკრაინის სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველომ სრულიად არასათანადო მხარდაჭერა გამოხატა და, ელემენტარულად, კიევშიც კი არავინ ჩასულა ხელისუფლების წარმომადგენელთაგან.
მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინას მეგობარი სახელმწიფოსგან „მეტის მოლოდინი ჰქონდა“.
„დარწმუნებული ვარ და, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით [ზელენსკის განცხადებაში]... სამწუხაროდ, უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის ეს რეალობა არასახარბიელოა. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, მოდით, თავად საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს, რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არგაკეთება საქართველოს ხელისუფალის მხრიდან“, - ასე უპასუხა ნიკა მელიამ 20 თებერვალს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
ასევე ნახეთ უკრაინის მხარდაჭერა, როგორც საზომი - საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვის ასევე ნახეთ კობახიძე: თუნდაც შიში რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელიექსპერტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ესაუბრა რადიო თავისუფლება, არასაკმარისად თვლიან პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას და არც ხელისუფლების მინიშნებებს იზიარებენ, რომ ახლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის აქტიურად გამოხატვა შესაძლოა, სახიფათო იყოს საქართველოსთვის.
ექსპერტები თვლიან, რომ ამ ეტაპზე პასიურობა, სამომავლოდ, რუსეთის წინაშე მარტო დარჩენის საფრთხეს ქმნის და აუცილებელია, სულ მცირე, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების ჩასვლა კიევში. ასევე, შესაძლო დახმარების ფორმებს შორის, ისინი ასახელებენ, მაგალითად - საქართველოს ჯარის ერთი შენაერთის სიმბოლურად ჩასვლას კიევში; უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ჩაფხუტების გაგზავნას, ანდა სხვადასხვა სახის სპეციალისტის ცოდნის შეთავაზებას კიევისთვის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს უკრაინის მიმართ ბევრად უფრო ძლიერი მხარდაჭერა ჰმართებს ისევე, როგორც უკრაინელები ეხმარებოდნენ საქართველოს ახლო წარსულში, ასევე ოკუპანტი რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოტევების დროს.
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც მიუნხენში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერის კუთხითაც.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, ამ თემატიკას მიეძღვნა“, - ამბობს ზალკალიანი.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი, თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაწერა - „უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“.
ამავე განცხადებაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის პრიორიტეტულ მიზნად ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს ასახელებს.
„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად“, - წერია მის განცხადებაში.
ის აღნიშნავს, რომ ამ კონფერენციაზე პირადად თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით იმყოფებოდა და ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე ვიზიტის ფარგლებში გამართულ ეკონომიკურ შეხვედრებს, რადგან „ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“.
"ლელოში" არ ესმით, რატომ ჩავიდა პრემიერი მიუნხენში, სადაც ის არც საჯარო სიტყვით გამოსულა და არც წამყვანი ქვეყნების ლიდერებს შეხვედრია.
"თუ მას სურდა მაღალი კალიბრის პოლიტიკური შეხვედრები და არავინ დათანხმდა, ეს ტრაგედიაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ზუსტად ამას იმსახურებს... და თუკი მას არც უცდია, ჰქონოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ეს მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები... როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი”, - აცხადებს პარტია "ლელოს" საგარეო ურთიერთობების მიმათულების ხელმძღვანელი გრიგოლ გეგელია.
პრემიერის ოფიციალური ფეისბუკგვერდის თანახმად, გამართული შეხვედრების დიდი ნაწილი ეკონომიკური ხასიათის იყო.
სახელმწიფოთა ხელმძღვანელი პირებიდან კი ღარიბაშვილი შეხვდა მაგალითად: ბულგარეთის პრემიერ-მონისტრს - კირილ პეტკოვს; საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს -ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდსა და ისრაელის ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს - ბენი განცს.
ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფორუმში წელს "450-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსანი და ლიდერი" მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ, მაგალითად: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
საგარეო უწყების ცნობით, 2022 წლის 19 თებერვალს, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ საპანელო დისკუსიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს მიეძღვნა და ის სიტყვითაც გამოვიდა.
ასევე ნახეთ მინსკი: რუსეთი და ბელარუსი ახანგრძლივებენ სამხედრო წვრთნებს ასევე ნახეთ ბლინკენი: რუსეთი უკრაინაში შეჭრის "ზღვარზეა"უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა ძალების კონცენტრირება უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო და თანდათან პროცესი სულ უფრო ინტენსიური გახდა. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ამ ეტაპზე, უკრაინის საზღვრებთან უკვე 150 ათას რუს სამხედროს ითვლიან.
ამ ფაქტს დასავლეთი უკრაინაზე მორიგი თავდასხმისთვის რუსეთის რეალურ მზადებად განიხილავენ და კიევს, მათ შორის - თავდაცვითი იარაღითაც ეხმარებიან. მაქსიმალური აქტიურობის მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ უშედეგოა დიპლომატიური ძალისხმევა.