Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინა თავს დაიცავს პარტნიორებთან ერთად, და მათ გარეშეც


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 თებერვალს შეუერთდა დასავლეთის ლიდერების მოწოდებებს რუსეთისადმი, რომ მან ვითარების დეესკალაცია უნდა მოახდინოს, იმ ფონზე, როცა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სულ მცირე 150,000 სამხედროს კონცენტრაცია აღრმავებს შიშს მოახლოებული შეჭრის შესახებ.

ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს უთხრა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი უნდა თქვან მოსკოვის "დაშოშმინების" პოლიტიკაზე. "უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო, მსოფლიოში სიდიდით მესამე ატომურ არსენალზე უარის თქმის სანაცვლოდ. ჩვენ არ გვაქვს იარაღი. და არც უსაფრთხოება. ... მაგრამ გვაქვს უფლება - უფლება, მოვითხოვოთ ცვლილება დაშოშმინების პოლიტიკიდან ისეთ პოლიტიკაზე, რომელიც უსაფრთხოებას და მშვიდობას უზრუნველყოფს", - თქვა მან.

ზელენსკის თქმით, მსოფლიომ უკრაინას საკმარისი მხარდაჭერა ვერ აღმოუჩინა იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე შეუქცევადად არის დაზიანებული. "ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა თითქმის განადგურებულია. ახლა უკვე გვიანია მის შეკეთებაზე ლაპარაკი", - თქვა ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციის სიტყვაში.

მან სხვა ქვეყნები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ უკრაინას ვერ მიაწოდეს შექმნილ საფრთხესთან თანაზომადი სამხედრო დახმარება და თქვა, რომ მიღებული დახმარება "უფრო ხველის ვაჟინს ჰგავს, ვიდრე კოვიდის საწინააღმდეგო კარგ ვაქცინას", იმ რეალური საფრთხის პირისპირ, რომელიც, უკრაინის შემდეგ, შესაძლოა დანარჩენ ევროპას მიემართოს. "უკრაინა უკვე რვა წელია ფარის ფუნქციას ასრულებს. სანდო ფარის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას აკავებს", - თქვა მან.

ზელენსკის გამოსვლამდე მიუნხენის კონფერენციაზე თავშეყრილ ლიდერებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უთხრა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ნებისმიერი ახალ შეჭრას მოჰყვება ნატოს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერება და "უპრეცედენტო" საფასური მოსკოვისთვის.

ჰარისის გამოსვლას ერთი დღით უსწრებდა წინ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება - მისი თქმით, ის "დარწმუნებულია", რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG