აშშ-ს საელჩო შემაშფოთებლად მიიჩნევს ინსპექტორსა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს

რაიან ჰარკერ ჰარისი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე

საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევს და შემაშფოთებელს უწოდებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი, რადიო თავისუფლებისთვის 16 თებერვალს წერილობით მოწოდებულ კომენტარში.

საქმე ეხება ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების დანიშვნას.

რაიან ჰარისის შეფასებით, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ასუსტებს პარლამენტს და კითხვის ნიშნებს აჩენს კანონის უზენაესობისადმი.

"ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების" გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ჰარისი.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ლონდა თოლორაიასთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტასა და გაუქმებული უწყების ნაცვლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის უფროსის დანიშვნას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შემაშფოთებლად აფასებს "ნაჩქარევად წარმართულ პროცესს" და იმედს გამოთქვამს, რომ ახალ ხელმძღვანელებს დამოუკიდებელი საქმიანობის საშუალება ექნებათ.

ჩვენ კვლავ შემაშფოთებლად მივიჩნევთ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენებისთვის კანონის ნაჩქარევად მიღებას. ასევე შემაშფოთებლად მივიჩნევთ, რომ ამ კანონმა შექმნა შესაძლებლობა ნაჩქარევად წარმართულიყო დანიშვნის პროცესი. ვიმედოვნებთ, ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს მიეცემათ საშუალება, დამოუკიდებლად წარმართონ საქმიანობა“, - ამბობს რაიან ჰარისი.

ამავე საკითხებს დღეს, 16 თებერვალს, ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი ვერ ხედავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის, ლონდა თოლორაიასთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის ობიექტურ საფუძველს, ამასთან, დაელოდება საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილებას.

ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი: ვერ ვხედავთ ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მიზეზებს

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰარცელი აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პრინციპების განხილვას, რის საფუძველზეც არჩევანი გაკეთდა, თუმცა მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად.

ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აფასებს

ოპოზიციონერ დეპუტატებს, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები პარლამენტის 15 თებერვლის სხდომაზე შეუწყდათ, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული რამდენიმესაათიანი მწვავე კამათის შემდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატები ნათელაშვილსა და ხოშტარიას - გაცდენებისთვის, ხოლო ჯაფარიძეს - სასამართლოს განაჩენის გამო გაუუქმა და საფუძვლად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები დაასახელა.

ასევე ნახეთ მანდატების გაუქმება - ვინ, როდის, როგორ კითხულობს კონსტიტუციას

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილ ორ უწყებას, პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძე აირჩია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი.

ასევე ნახეთ პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ასევე ნახეთ პარლამენტმა ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად აირჩია

პარლამენტში ამ გადაწყვეტილებების მიღებამდე, 7 თებერვალს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა იყო.

მაშინ ელჩმა თქვა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ დაგეგმილი ორი ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხს, ასევე მოქმედი ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს.

"ამ სააგენტოს მესვეურები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი. ისინი უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქმეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ამჟამინდელი სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, დასრულების შესაძლებლობა მიეცემა მანამ, ვიდრე ახალი დანიშვნები განხორციელდება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ კელი დეგნანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო

პარლამენტი არ დაელოდა ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დაწყებას. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სარჩელს "უპერსპექტივო" უწოდა.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე სახელმწიფო ინსპექტორის საკონსტიტუციო სარჩელს უპერსპექტივოდ მიიჩნევს
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები 1 მარტიდან დატოვებენ თანამდებობებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო აცხადებდა, რომ "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით" და აღნიშნავდა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს