Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო აკრიტიკებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს


2021 წლის ბოლო კვირის განმავლობაში პარლამენტში დაჩქარებული პროცედურით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩო.

„გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებლად არის შეფასებული გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. „განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ყოველდღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას, ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ „ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს“.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.

30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ 79-მა და „ევროპელი სოციალისტების“ ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირეს „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებებს.

XS
SM
MD
LG