Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტო, საკონსტიტუციო, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი - სახელმწიფო ინსპექტორის ბრძოლა ყველა ველზე გაიშლება


სალომე ზურაბიშვილი, ლონდა თოლორაია.
სალომე ზურაბიშვილი, ლონდა თოლორაია.

„ეს სამართლებრივი ბრძოლა აქ არ დასრულებულა“, – თქვა ბოლო სიტყვად სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 30 დეკემბერს საღამოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მოჰყვა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას.

მიუხედავად კანონპროექტში ბოლო მომენტში შეტანილი ცვლილებისა სამსახურის თანამშრომლების ბედთან დაკავშირებით, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ეს აღარაფერს ცვლის:

„დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია, ის აღარ არსებობს“.

თუმცა, სახელმწიფო ინსპექტორი ბრძოლას განაგრძობს და როგორც მან რადიო თავისუფლებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა 31 დეკემბერს, ამ ბრძოლის მეთოდებად ის განიხილავს როგორც პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს, ისე ბრძოლის გაგრძელებას საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო სამართლებრივ არენაზეც.

და ამ ბრძოლისთვის სახელმწიფო ინსპექტორს აქვს ერთი, მთავარი არგუმენტი:

მისი სიტყვებით, „საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა“.

ვეტო, საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლო

ბრძოლის რა რეალური გზები აქვთ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს? არსებობს ბრძოლის ორი გზა - სამართლებრივი და პოლიტიკური.

პირველი - პოლიტიკური ბრძოლის გზა, კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დადებაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ლიკა საჯაია ვეტოს გამოყენებას ამ ვითარებაში კარგ გამოსავლად მიიჩნევს იმიტომაც, რომ პარლამენტი მოვალე იქნება კიდევ ერთხელ იმსჯელოს მასზე.

ამას გარდა, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ არსებობს კანონპროექტის უკან დაბრუნების საფუძველი, მან ის საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შემოთავაზებულ ვარიანტს, ხოლო თუ მას მხარდაჭერა არ ექნება, შემდეგ ისევ კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას.

თუმცა აქ ყველა მოელის, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.

„ეს იქნებოდა იმის დადასტურება, რომ ეს კანონი არის ცალსახად არადემოკრატიული. ხოლო თუ პრეზიდენტს საერთოდ სურს ვეტოს გამოყენება, ეს ყველაზე შესაფერისი დროა“, - გვითხრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარე პოლიტიკურ მექანიზმად საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლასაც ასახელებს, თუმცა იქვე გვეუბნება, რომ ამ გზამ ამჯერად არ გაამართლა, მიუხედავად ბოლო დღეებში გაკეთებული არაერთი მწვავე განცხადებისა.

გზა მეორე - ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოში წასვლა სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმია და ის ამ შემთხვევაში, გულისხმობს იმ ნორმის გასაჩივრებას, რომლის გამოც, როგორც ნიკა სიმონიშვილი ამბობს, დაიწერა კიდეც თითქმის სამასგვერდიანი კანონპროექტი, რომელიც „ლონდა თოლორაიას და მისი მოადგილეების თანამდებობებიდან გადაყენებას ემსახურებოდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფლებამოსილება თითქმის 4 წლით ადრე უწყდებათ.

„ეს არის არჩევითი თანამდებობები, რომლებზე მყოფი პირებიც იღებენ იმის გარანტიას, რომ მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად საქმიანობის შესრულება - ამ დამოუკიდებლობის გარანტია სწორედ ისაა, რომ მათ დროზე ადრე არავინ უნდა შეეხოს. სწორედ ამ პრინციპს ეწინააღმდეგება ის, რომ პარლამენტმა დროზე ადრე შეწყვიტა მათი უფლებამოსილების ვადა, დასაბუთების გარეშე“, - უთხრა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა კანონპროექტის განხილვისას იკითხეს, თუ რატომ არ ხდებოდა ლონდა თოლორაიას ახალ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა, თუნდაც საგამოძიებო სამსახურში, რაზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი, რომ ვადაზე ადრე ლონდა თოლორაიას და მისი თანამშრომლების გათავისუფლების დასაბუთებული არგუმენტები მმართველ გუნდს უბრალოდ არ გააჩნია.

ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მსგავსი საქმის მაგალითად იშველიებს საქმეს „დავით კანდელაკი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებას, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი იყო არჩეულ პირებს ვადის ბოლომდე შეენარჩუნებინათ თანამდებობები, რადგან ეს იყო მათი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტი, ხოლო მათი გათავისუფლება ეწინააღმდეგებოდა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლებას.

„ინსპექტორის შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ბევრად უფრო ცხადად ჩანს ამ კანონის არაკონსტიტუციურობა. და ამ შინაარს ამ კანონპროექტს სძენს ის, რომ ის მიიღეს კონკრეტულად ლონდას და მისი მოადგილეების გასათავისუფლებლად“, - უთხრა ნიკა სიმონიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლიკა საჯაია
ლიკა საჯაია

მის კოლეგას, იურისტ ლიკა საჯაიასაც სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს შემთხვევა გაახსენდა და გვითხრა, რომ 2014 წელსაც, როდესაც პარლამენტმა ახალი კანონით უფლებამოსილება შეუწყვიტა სამეურვეო საბჭოს წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი მიდიოდა:

„მაშინაც, ახალი კანონი, მაშინდელი კონსტიტუციის 29-ე მუხლით გასაჩივრდა და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ის, რომ საზმაუ არის არაეფექტური და მართვის ახალი მოდელია აუცილებელი, ეს სულაც არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უკვე არჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება შეეზღუდოთ და თანამდებობიდან გათავისუფლდნენო“.

ლიკა საჯაიაც ფიქრობს, რომ ძალიან საინტერესო იქნება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ახალ კანონსაც და იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმიტომ, რომ „გადაწყვიტა გარკვეული სტრუქტურის ლიკვიდაცია“.

მესამე გზა - ბრძოლა საერთაშორისო არენაზე

ეს შესაძლოა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოც, თუმცა ამ ეტაპზე, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა უფრო სწრაფი და ეფექტიანი იყოს მიმართვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისადმი, რასაც საია უახლოეს დღეებში გეგმავს კიდეც.

რატომ მინისტრთა კომიტეტი?

ნიკა განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე - ე.წ. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად და ეს საქმეები მოიცავდა სახელმწიფოს და სამართალდამცველების მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი

ახალი ორგანის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა სწორედ მინისტრთა კომიტეტის საქმე იყო, რომელსაც არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა გაცემული ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებასთან დაკავშირებით - თუნდაც მისი პროკურატურისგან დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით.

„საქართველოში ყველაფერი მოხდა პირიქით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მინისტრთა კომიტეტთან კომუნიკაცია ბევრად უფრო სწრაფი სამართლებრივ მექანიზმი შეიძლება გამოდგეს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო და შესაძლოა, ამ კომიტეტმა პირდაპირ დაავალოს სახელმწიფოს კონკრეტული ქმედება და უთხრას, რომ ეს ნაბიჯი არ იყო სწორი“, -გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.

ბრძოლის ეს მესამე გზა, მისი თქმით, სამართლებრივთან ერთად, პოლიტიკური მექანიზმიცაა.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო. მას ხმა 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-ის წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG