Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად აირჩია


საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი აირჩია. ეს ის სამსახურია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, 1 მარტიდან უნდა შეიქმნას.

პარლამენტს ამ თანამდებობაზე პრემიერმა ორი კანდიდატურა - ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა. მათ შორის დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა:

  • ლელა ჯანაშვილი: მომხრე - 77; წინააღმდეგი - 2;
  • თამარ ალფაიძე: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 3.

ეს გადაწყვეტილება წინსწრებით იყო ცნობილი - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ უმრავლესობა მხარს ლელა ჯანაშვილს დაუჭერდა.

ორივე კანდიდატი აცხადებდა, რომ თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოქცევას სახელმწიფო ინსპექტორის დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, 2021 წლის მიწურულს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მათთვის შეკითხვებს არ იწვევდა.

2021 წლის 30 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სანაცვლოდ იქმნება ორი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა.

XS
SM
MD
LG