Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი შეარჩია


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი, ლელა ჯანაშვილი საკომიტეტო მოსმენაზე. 2022 წლის 11 თებერვალი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი, ლელა ჯანაშვილი საკომიტეტო მოსმენაზე. 2022 წლის 11 თებერვალი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია. საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პროცესს უნდობლობას უცხადებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 11 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული ორი კანდიდატის, ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის მოსმენა გაიმართა.

ორივე კანდიდატი აცხადებდა, რომ თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოქცევას სახელმწიფო ინსპექტორის დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, 2021 წლის მიწურულს საპარლამენტო უმრავლებობის მიერ დაჩქარებული წესით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მათთვის შეკითხვებს არ იწვევს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ კანდიდატს, ლელა ჯანაშვილს საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს - რატომ გადაწყვიტა და რამდენად გამართლებულია კონკურსში მონაწილეობა იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს მისი უწყების დაჩქარებული წესითა და გაუფრთხილებლად გაუქმების საკითხი და რამდენად შეძლებს კანდიდატი დაუპირისპირდეს სისტემას?

„საუბრობდით ძალიან კარგად თეორიულ საკითხებზე, როგორიც არია კანონის დაცვა, ადამიანის უფლებები, ადამიანის უსაფრთხოება, მაგრამ მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი - თქვენ იქ არ მიდიხართ თეორიული კვლევების შესასრულებლად, თქვენი სამსახური იქნება სისტემასთან ჭიდილი. თქვენი ძირითადი გამოწვევა იქნება, რას უშვებით იმ სისტემას, რომელიც დღეს ყველა ადამიანის საძინებელშია დამონტაჟებული და რომლითაც ადამიანებს ამ ქვეყანაში უკვე მეორე ათწლეულია აშანტაჟებენ... ამის არაერთი დამადასტურებელი მასალა სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა საჯარო სივრცეში, სხვადასხვა ხელისუფლების დროს და ბოლოს გამოქვეყნდა დიდი პორცია - თუ როგორ უსმენდნენ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს და ასე შემდეგ“, - მიმართა კანდიდატს დეპუტატმა „ლელოს“ ფრაქციიდან, ანა ნაცვლიშვილმა.

„იცით გარემოებები, როგორიც არის ამ საკითხთან მიმართებით და თქვენ მაინც გიჩნდებათ სურვილი, ჩაუდგეთ სათავეში სამსახურს, რომელსაც იმედით უყურებს საზოგადოება - რადგან არაფერი სხვა ირგვლივ არ არსებობს, რასაც შეუძლია დაიცვას ადამიანის უფლებები. რას აპირებთ - ყველაფერთან მიმართებაში გექნებათ თქვენი მკვეთრი პოზიცია, დამოუკიდებელი თუ იქნებით შემგუებელი და დავემშვიდობოთ ამ სამსახურს?! მე რა შეხედულება მაქვს, ეს სხვა არის“, - ასეთი იყო ენმ-ის წარმომადგენელი დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის მიერ დასმული შეკითხვა.

ლელა ჯანაშვილი ამბობდა, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკითხვებს არ უპასუხებს, რადგან პოსტზე მისი შესაძლო დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკისგან უნდა იყოს გამიჯნული; ხოლო ახალ პოსტზე მუშაობას საკუთარი შესაძლებლობებისთვის საინტერესო გამოწვევად თვლის. ლონდა თოლორაიას სამსახურის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე კანდიდატმა განაცხადა, რომ „ყველანი უნდა დაველოდოთ და დავემორჩილოთ“.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიც არის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა, სამართლიანობა, კონფიდენციალურობა, საიდუმლოს დაცვის პრინციპის და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველა პრინციპის გვირგვინი გახლავთ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამართული მოსმენის ფარგლებში.

ლელა ჯანაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს ფარულ მოსმენებსა და ე.წ. სუს-ის ფაილებთან დაკავშირებითაც და ამბობს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“ და კომენტარის გაკეთება მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება. ზოგადად კი, ის ამბობს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ, შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მასალებისა და ნასამართლეობის თაობაზე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის გავრცელების კანონიერების შესახებ კანდიდატს შეკითხვა დაუსვა "რეფორმების ჯგუფის" წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ. დეპუტატმა გაიხსენა, რომ ჯერ ისევ მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა და უწყებაც დააჯარიმა. "როგორ შეაფასებთ ამას და თქვენ რომ ყოფილიყავით სახელმწიფო ინსპექტორი, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?", - ჰკითხა კანდიდატს დეპუტატმა სამნიძემ.

ლელა ჯანაშვილმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას "ძალიან სამწუხარო ფაქტი" უწოდა და შეკითხვას მოკლედ უპასუხა:

"განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დარღვევად შეფასდა, დიახ. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელსაც იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე, დარღვევა შეფასდა და დარღვევა დადგენილ იქნა. სხვა კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ".

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არაერთხელ დასვეს დამაზუსტებელი შეკითხვები იმ მიზეზით, რომ კანდიდატებმა მათ პასუხები ან ნაწილობრივ, ანდა საერთოდ არ გასცეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე ლელა ჯანაშვილს 7-მა, ხოლო თამარ ალფაიძეს 2 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თუმცა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და, საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად სწორედ პარლამენტის სხდომაზე გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევად, ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან გააკეთა.

საკონკურსო კომისია პრემიერის ბრძანებით იანვარში შეიქმნა. მისი თავმჯდომარე იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ილია დარჩიაშვილი.

2021 წლის 30 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სანაცვლოდ იქმნება ორი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

პროცესს უნდობლობას უცხადებენ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ გამოხატეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებმა.

ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემები:

51 წლის ლელა ჯანაშვილი კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია - 2003 წლიდან თსუ-ს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (დოქტორი); 2019 წლიდან ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური საჯარო სამართლის დოქტორი. დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი. ამჟამად არის ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და (2015 წლიდან დღემდე) თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების მიმართულების ასოცირებული პროფესორი და ასევე თსუ-ს ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსად; ხოლო 2022 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტად. სხვადასხვა დროს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მათ შორის - პროკურორად. 2003-2004 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი მრჩეველი.

XS
SM
MD
LG