Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყო


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. ელჩისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ეს უკვე მეორე შეხვედრაა ერთი თვის განმავლობაში. პირველი შეხვედრა კელი დეგნანსა და შალვა პაპუაშვილს, როგორც პარლამენტის ახალდანიშნულ თავმდომარეს შორის, 20 იანვარს შედგა.

დღევანდელი, 7 თებერვლის, შეხვედრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილთან ორ საკითხზე ისაუბრა - პარლამენტის თავმჯდომარის ნატოში ვიზიტისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის შესახებ.

კელი დეგნანის განცხადების თანახმად, დიდი ყურადღება ეთმობა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ დაგეგმილი ორი ახალი ინსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხს, ასევე მოქმედი ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა სპიკერ შალვა პაპუაშვილთან. ვაფასებ, რომ მან დრო გამონახა. ჩვენ ბევრი სხვადასხვა თემა განვიხილეთ, მათ შორის, მისი ბოლოდროინდელი ვიზიტი ნატოში და მისი შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიასთან.

ჩვენ ასევე განვიხილეთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურის და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესი. ჩვენ მოვუწოდეთ სპიკერს, რომ ეს პროცესი სათანადო განხილვებით ჩატარდეს, გამოიყენონ ის დრო, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, რათა მართლაც საუკეთესო კანდიდატები შეირჩნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობებისთვის.

ორივე ამ თანამდებობის პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ ჩვენი ინფორმაციის რამხელა რაოდენობაა ახლა ინტერნეტში და მონაცემთა დაცვა გახდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხისმგებლობა კი იმის უზრუნველყოფაა, რომ მოქალაქეების უფლებები დაცული იყოს.

ამ სააგენტოს მესვეურები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი. ისინი უნდა იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ საქმეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს - ამჟამინდელი სახელმწიფო ინსპექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით - დასრულების შესაძლებლობა მიეცემა მანამ, ვიდრე ახალი დანიშვნები განხორციელდება. ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს სამი წელი აქვს დარჩენილი მისი კანონით განსაზღვრული 6-წლიანი ვადიდან. მისი ან მისი მოადგილეების საქმიანობასთან დაკავშირებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საჩივრები არ ყოფილა არც პარლამენტში და არც სადმე სხვაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაასრულოს ეს საქმე, ვიდრე ახალ კანდიდატებს შეარჩევდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე", - განაცხადა კელი დეგნანმა.

შალვა პაპუაშვილს შეხვედრის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის 26 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, განხორციელებული ვიზიტი და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

"შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკონკურსო კომისიებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატებად 3-3 პირი შეარჩიეს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს წარედგინება.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის მოითხოვს საკითხის განხილვამდე შეჩერდეს კანონის მოქმედება, რომლითაც მისი სამსახური უქმდება.

XS
SM
MD
LG