Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი: მხოლოდ სააკაშვილის თანხმობა ვიდეოების გამოსაქვეყნებლად საკმარისი არ არის


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თანხმობა საკმარისი არ არის იმ ვიდეომასალის გამოსაქვეყნებლად, რომელიც ასახავს მესამე პრეზიდენტის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანას. უწყება განმარტავს, რომ კადრების გასაჯაროების შეიძლება, თუ "პროცესში მონაწილეების" უსაფრთხოება არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი", - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ვიდეომასალების გავრცელების საკითხზე ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

"სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება", - აცხადებს თოლორაია.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანის დროს არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. უწყებამ საქმის მასალები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, რომელშიც გადაყვანის პროცესია ასახული, გააცნო სააკაშვილის ადვოკატებს. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, ადვოკატებმა თქვეს, რომ სააკაშვილის მონაყოლი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ამ კადრებშიც არის ასახული.

საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების მხოლოდ ფრაგმენტებია ცნობილი - ის ვერსია, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული სახით გაავრცელა. სწორედ ამიტომ, ადვოკატები საგამოძიებო უწყებისგან ითხოვენ, გაავრცელოს კადრები სრულად.

XS
SM
MD
LG