Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას აფასებს


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მედიის თხოვნის პასუხად ეხმაურება პარლამენტის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 3 ოპოზიციონერ დეპუტატს.

ელჩი აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პრინციპების განხილვას, რის საფუძველზეც არჩევანი გაკეთდა, თუმცა მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - ამბობს კარლ ჰარცელი.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები პარლამენტის 15 თებერვლის სხდომაზე შეუწყდათ, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული რამდენიმესაათიანი მწვავე კამათის შემდეგ.

საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატები ნათელაშვილსა და ხოშტარიას - გაცდენებისთვის, ხოლო ჯაფარიძეს - სასამართლოს განაჩენის გამო გაუუქმა და საფუძვლად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები დაასახელა.

XS
SM
MD
LG