Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე


კოკა კაციტაძე
კოკა კაციტაძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე 76 ხმით, 1-ის წინააღმდეგ აირჩია. მეორე კანდიდატმა, ემზარ გაგნიძემ 6 ხმა მიიღო, 2-ის წინააღმდეგ.

კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ხელმძღვანელობდა გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. ამასთან, კაციტაძე არის სპიკერ-პროკურორი.

კარლო კაციტაძე, ბიოგრაფია მოკლედ

დაიბადა 1986 წლის 26 აპრილს. 2007 წელს დაასრულა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2010 წელს დაასრულა თსუ-ს სამაგისტრო პროგრამა. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში. 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, შემდეგ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში. 2012 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობს, ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. 2013-2015 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.

2015-2019 წლებში იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2019 წლიდან დღემდე არის გენპროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. 2020 წელს მას მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 იანვარს გააუქმა ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებით პერსონალური მონაცემების დარღვევის თაობაზე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ, მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG