პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას საკონსტიტუციო სარჩელს პერსპექტივა არ ექნება. მან განცხადება თელავში, იმ ღონისძიების დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც „ქართულ ოცნების“ მიერ ქალთა ორგანიზაციის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ.
"არ მგონია, რომ ლონდა თოლორაიას სარჩელს ჰქონდეს პერსპექტივა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს არ მივიღებდით. ეს სარჩელი სამართლებრივად არ არის პერსპექტიული იმ მიზეზის გამო, რომ ის არ ეფუძნება კონკრეტულ სამართლებრივ მყარ არგუმენტებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელო. ჩვენ გვაქვს ჩვენი საპარლამენტო დღის წესრიგი, შემოსულია კანდიდატურები და ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას ორი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ამაზეც დღეს უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა ირაკლი კობაიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამ სარჩელით მოითხოვს საკითხის განხილვამდე შეჩერდეს კანონის მოქმედება, რომლითაც მისი სამსახური უქმდება.
კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ, მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.
კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო და შესაბამისად, ის ამოქმედდა.
გასულ კვირაში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთვის კომისიის მიერ შერჩეული 3 კანდიდატიდან, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს - ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს მოუსმინა.
საბოლოოდ, კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის შვიდმა დეპუტატმა - ლელა ჯანაშვილს, ხოლო ორმა დეპუტატმა თამარ ალფაიძეს დაუჭირა მხარი.
კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, სწორედ პარლამენტის სხდომაზე გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას.
დღეს, 14 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებს უსმენს.