Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოხარ დუდაევი - ჩვილობიდან დევნილი პრეზიდენტი


ჩეჩნეთის ლიდერი ჯოხარ დუდაევი
ჩეჩნეთის ლიდერი ჯოხარ დუდაევი

ჩეჩნეთის ლეგენდარული ლიდერი ჯოხარ დუდაევი 1996 წელს დაგეგმილი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 15 თებერვალს ის 80 წლის გახდებოდა.

ჯოხარ დუდაევის დაბადების თარიღად 1944 წლის 15 თებერვალია მითითებული, ჩეჩნებისთვის ყველაზე საბედისწერო წელი, როდესაც სტალინის ბრძანებით, მთელი ერი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს.

თუმცა, ზუსტად როდის დაიბადა ჯოხარი, სინამდვილეში უცნობია. ამბობენ, რომ 1943 წელს, ხორბლის აღების პერიოდში. დრო რთული იყო, ბავშვი კი - დედმამიშვილებში მეცამეტე. გადასახლების გამო არც ჩანაწერები შემორჩენილა, არც - საბუთები.

ჯოხარ დუდაევის მეუღლე ალა დუდაევა თავის წიგნში „მილიონ მეერთე“ ჰყვება, რომ როდესაც გადასახლების ბრძანება გაიცა, ჯოხარის მამა სახლში არ იყო, პროფესიით ვეტერინარი საქართველოში ცხვრებს აგზავნიდა.

იმ დროს კაცები ისედაც ფრონტზე იბრძოდნენ. ქალები, ბავშვები და მოხუცები ვაგონებში შეყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. ყოველ სადგურზე ვაგონებიდან მკვდრები გაჰქონდათ. ჯარისკაცები ქალებს და ბავშვებს აიძულებდნენ, ბუნებრივი მოთხოვნილებები მათ თვალწინ, მინდორში დაეკმაყოფილებინათ. ბევრმა ამ ყოფას სიკვდილი ამჯობინა. ზოგმა ჭამა შეწყვიტა. ერთმა გოგომ ვაგონში საკუთარ ნაწნავზე ჩამოიხრჩო თავი.

შუა აზიაში დუდაევები ტრიალ მინდორში გადმოსხეს. ოჯახმა თავი აგურის ქარხნის ნანგრევებს შეაფარა. საჭმელი არაფერი ჰქონდათ. მოზარდები ფარას ჩამორჩენილ ცხვრებს იტაცებდნენ და გაზაფხულამდე ასე მიაღწიეს. შემდეგ, მამა ჩამოვიდა. სახლი იქირავა, მიწა მოხნა, თავის გატანა შედარებით გაადვილდა.

დუკი - ასე ეძახდნენ პატარა ჯოხარს შინაურები. 6 წლის იყო დუკი, როცა მამა დაეღუპა, მეექვსე კლასში - როცა სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. ჩეჩნეთში მათ სახლებში უკვე სხვები შეესახლებინათ, ამიტომ ცალკე დაიწყო პატარა სახლის აშენება. ბავშვი იყო, სხვებს აკვირდებოდა და ასე ააშენა ორიოდე ოთახი.

ალა დუდაევა
ალა დუდაევა

25 წლისამ ცოლი მოიყვანა. მაშინ უკვე გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. ახალგაზრდა მფრინავი იყო, მოხდენილი ბიჭი, მოელვარე თვალებით. ალას საცეკვაო მოედანზე შეხვდა და გაცნობისას თავის სახელთან ერთად, თავისი წინაპრების სახელებიც უთხრა, შვიდი თაობის, კავკასიაში ასეთი წესიაო. შემდეგ ლერმონტოვის „მწირიდან“ წაუკითხა ნაწყვეტები.

მომავალ მეუღლეს მის ბავშვობაზე წარმოდგენა რომ შეექმნა, კინოში წაიყვანა, „ქვიშის კარიერის გენერლები“ აჩვენა.

ბრძოლა რუსეთთან

ჯოხარ დუდაევი რუსეთის არმიის გენერალი იყო, სამხედრო მფრინავი. რუსეთის გარდა სხვადასხვა დროს ის მუშაობდა უკრაინასა და ესტონეთში. მისი ამბოხიც სწორედ ესტონეთიდან დაიწყო. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, ჯოხარ დუდაევი ესტონეთის რადიოთი გამოვიდა და თქვა, რომ თუ რუსული ჯარი ესტონეთისკენ წავიდოდა, საჰაერო სივრცეს ჩაკეტავდა.

ამის შემდეგ ის სამშობლოში ბრუნდება და იწყება პოსტსაბჭოთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი - ჩეჩნეთის ორი ომი - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.

ჯოხარ დუდაევის შეხვედრა უხუცესებთან, 1991 წელი.
ჯოხარ დუდაევის შეხვედრა უხუცესებთან, 1991 წელი.

1991 წლის 27 სექტემბერს ჯოხარ დუდაევი ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. საბჭოთა კავშირში ჩეჩნეთი შედიოდა, როგორც ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ. 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1994 წელს „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“ იქ რუსული ჯარი შევიდა. პირველი ომი ორი წელი გაგრძელდა და 1996 წელს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა.

„ხალხმა მას მხარი დაუჭირა, ის იმდენად ქარიზმატული ლიდერი იყო, ჩეჩნეთის გენის მატარებელი. მისი უფროსი შვილი ომში რომ დაიღუპა, სთხოვეს, წესის მიხედვით, ჭიშკარი გაეღო და სამძიმარი მიეღო. უარი თქვა, ყველა, ვინც ახლა ომში იღუპება, ჩემი შვილია და მაშინ ყოველთვის ღია უნდა მქონდეს კარიო.

ჩეჩნეთი სრულიად მარტო იყო ამ ომში, პირველი ომი ჩეჩნეთმა ცარიელი ხელებით მოიგო. ჩეჩნეთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთის უძლეველობის მითი დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ ფაშიზმი მონაგონია, რაც რუსეთმა ჩეჩნეთში ჩაიდინა“, - ჰყვება ჩეჩნური დიასპორის წევრი მექა ხანგოშვილი.

ჯოხარი და ზვიადი

ერთადერთი ადგილი, რომელმაც 1992 წელს საქართველოს დევნილი პრეზიდენტი მიიღო, ჩეჩნეთი იყო. დუდაევმა გამსახურდიას საპრეზიდენტო რეზიდენცია დაუთმო.

სოსო თორია გამსახურდიას მთავრობის ელჩი იყო ჩეჩნეთში, ასევე მისი დაცვის წევრიც, ჯოხარ დუდაევს ხშირად ხვდებოდა.

„ძალიან გამჭრიახი კაცი იყო, რეჟიმის მოყვარული, სპორტული, მკვირცხლი, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ამბობდა, ჩეჩნეთის მომავალი საქართველოზე დევსო. თუ საქართველო დამოუკიდებელი არ იქნება, არც ჩეჩნეთს ეღირსება დამოუკიდებლობაო. უკრაინაზეც ამბობდა, თუ რუსეთი მას ისე მოეპყრობა, როგორც პროვინციას, დიდი უბედურება დატრიალდებაო, - იხსენებს სოსო თორია, - როდესაც ამბავი ჩამოიტანეს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, დილის შვიდის ნახევარზე მივედი ჯოხართან. ვარჯიშობდა და ჰანტელები ხელიდან გაუცვივდა, როგორი მწარე ამბავიც არ უნდა იყოს, მითხარიო. ვუთხარი: „ბატონი ზვიადი აღარ არის“. დიდხანს გაოგნებული იდგა... მერე, როცა უკვე მანქანაში ვისხედით, მითხრა, არ მომწონს ეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზვიადი მე მარტოს არ დამტოვებდა, არ მოიკლავდა თავსო.

ჯოხარს სანამ მოკლავდნენ, წინა დღეს დავალება მომცა, დაღესტანში უნდა გადავსულიყავი და ინგლისელ ჟურნალისტებს შევხვედროდი. უნდა მეთქვა, რომ ჩეჩნეთში ჟენევის კონვენცია ირღვევა და მშვიდობიანი მოსახლეობა სიღრმული ბომბებით იბომბება. წავედი, საზღვართან ვიყავი უკვე, რომ რადიოგრამა დამეწია, ჯოხარ დუდაევი დაიღუპაო“.

ჯოხარ დუდაევი საქართველოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

ჯოხარ დუდაევთან ინტერვიუ ჩაწერილია 1993 წელს გროზნოში. მას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი კახა მჭედლიძე ესაუბრება.

ალა დუდაევა წიგნში „მილიონ მეერთე“ იმ დღესაც იხსენებს, როდესაც სოსო თორიამ მათთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის ამბავი მოიტანა.

ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე
ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე

„განრისხებულმა მანანამ [თორია] კინაღამ მოკლა... შემდეგ გონებამ და დარდმა იმძლავრა და უბრალოდ ატირდა. „ეს თვითმკვლელობა არ არის, - ვარწმუნებდი, - ყველა მხრიდან ალყაშემორტყმულმა მან კიდევ ერთხელ მსხვერპლად მიიტანა საკუთარი თავი, მრავალტანჯული საქართველო და ის რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა, ვინც ჯერაც მასთან იყო. ზვიადის უფროსი ვაჟი 17 წლის ცოტნე, მომიახლოვდა, ყოველ ჩემს სიტყვას იჭერდა. მისი გაფითრებული სახე და შიშისგან გაფართოებული თვალები რომ დავინახე, ეს კარგი, ჭკვიანი ბიჭი ძალიან შემეცოდა: „ის ახლა თქვენთანაა, სიზმარშიც მოვა თქვენთან, აი, ნახავთ. - დავპირდი, წასვლისას. - ოღონდ არ დაგავიწყდეს, სთხოვე, გაჩვენოს, ახლა სად იმყოფება“.

დარტყმა ჰაერიდან

ჯოხარ დუდაევი მოკლეს 1996 წლის 21 აპრილს, ჩეჩნეთის სოფელ გეხი-ჩუში. მას თვითმფრინავიდან ესროლეს რაკეტა.

ალა დუდაევა, რომელიც იმ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა, თავის წიგნში იხსენებს: „ჩემს ფეხრთით მუსა დავინახე. „ალა, ნახე, რა უქნეს ჩვენს პრეზიდენტს“. მუხლებზე ჯოხარი ეწვინა. თავიდან ვერ ვიცანი. სულ ახლახან ჩემ გვერდით იდგა, მიყურებდა და იცინოდა, ახლა კი სახე ტკივილისგან გაფითრებოდა. გრძნობაზე აღარ იყო. ვერაფერს ხედავდა. უკანასკნელად ამოისუნთქა. მუხლებზე დავეცი და ტანი გავუსინჯე. მთელი იყო, სისხლი არ მოსდიოდა, მაგრამ როცა თავამდე მივედი... კეფის მარჯვენა მხარეს თითებით ჭრილობა ვიგრძენი. ღმერთო, ასეთი ჭრილობით ცხოვრება შეუძლებელია, ღმერთო... თვალს არ ვაშორებდი. დრო თითქოს გაჩერდა, მეც ნელ-ნელა მასთან ერთად ვკვდებოდი“.

ჯოხარს დაბარებული ჰქონდა, თავის მშობლიურ სოფელში, საგვარეულო კოშკთან ან საგვარეულო სასაფლაოზე დაეკრძალათ, მაგრამ იქაურობა იბომბებოდა და ცხედარი ღამე, მალულად, ერთ-ერთი სოფლის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG