ეს ნაწილები თავის მხრივ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის „უცხოური ლეგიონის“ შემადგენლობაში იმყოფება. „ობონის“ მებრძოლთა უმრავლესობას შეადგენენ ის ჩეჩენი მეომრები, რომლებიც 2000-იან წლებში რუსეთის მიერ იჩქერიის წინააღმდეგ გაჩაღებულ პირველ და მეორე ომებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგრამ არიან სხვა ეროვნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელიც.
გიორგი ახალაია დამოუკიდებელი იჩქერიის სახელით მოქმედ დანაყოფს მარტის თვეში შეუერთდა და იგი დრონებითა და კავშირგაბმულობით არის დაკავებული. გიორგი ახალაიამ „კავკაზ. რეალიის“ კორესპონდენტთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაცია გაიხსენა და უამბო იმაზეც, თუ რა ვითარებაა ამჟამად ფრონტის ხაზზე.
„ერთ დრონს მთელი ასეულის საქმის გაკეთება შეუძლია“
უკრაინის არმიამ ხერსონის მახლობლად მოწინააღმდეგის პოზიციები ოქტომბრის დასაწყისში გაათავისუფლა. მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა, როგორც გიორგია ახალაია ამბობს, უარი თქვეს იმ ბლინდაჟების გამოყენებაზე, რომლებიც მანამდე რუს სამხედროებს ჰქონდათ თავდაცვის მიზნით აგებული.
„ეს არის მინდვრები და ტყის პირი. ხალხი მხოლოდ ახლა აგებს სანგრებს. მათ არ შეუძლიათ რუსული ბლინდაჟების გამოყენება, რადგან მათ [რუსებმა] იციან თავიანთი კოორდინატები და შეუძლიათ მათი [ბლინდაჟების] დაბომბვა. საჭირო ხდება ახალი ბლინდაჟების გაკეთება. მათი გათხრა, ბოძების ჩასობა და ფიცრებით შეჭედვა, დიდ დროს საჭიროებს. ამიტომ სანგრები არ არის ღრმა“, - ჰყვება გიორგი ახალაია.
როგორც ზემოთ ითქვა, გიორგი ახალაია დამოუკიდებელი იჩქერიის სახელით მოქმედ დანაყოფში დრონებითა და კავშირგაბმულობით არის დაკავებული. როგორც მებრძოლი ჰყვება, ერთ-ერთი საბრძოლო ამოცანის დროს მან დრონი ააფრინა იმისთვის, რომ "ჩაეყარა ორიოდე ხელყუმბარა" და დაკვირვებოდა სიტუაციას იმის დასადგენად, თუ რა შეიცვალა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ტყვიამფრქვევიანი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც მიზანში ამოვიღეთ, განადგურებულია. შესაძლოა ამიტომ, მათ [მოწინააღმდეგემ] აქტიური დაბომბვა დაიწყო და ძალიან ზუსტად ფარავდნენ ჩვენს პოზიციებს. ასეთი ინტენსიური დაბომბვის პირობებში კი დრონის გაშვება არ შეიძლება. ჭურვები კი მათ ჩვენზე მეტი აქვთ. როცა რუსებში როტაცია ხდება და ერთმანეთს ენაცვლებიან, ახლები თავიდან „დიდ გულზე“ არიან და სურთ, რომ პირველ დღესვე გამოიჩინონ თავი. შესაძლოა ეს აქტიური დაბომბვა სწორედ როტაციით ყოფილიყო გამოწვეული. ჩვეულებრივად ისინი ასე არ იქცევიან“, - ამბობს ქართველი მებრძოლი.
გიორგი არ აკონკრეტებს, თუ რომელი კლასის დრონებს მართავს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ერთ დრონს ერთი ოცეულის ან სულაც ასეულის საქმის გაკეთება შეუძლია. უპილოტო თვითმფრინავის მწარმოებლები, როგორც ირკვევა, მათ აგებენ სამხედრო სპეციალისტების შეკვეთით და ერთი დრონის ფასი 6 ათასიდან 20 ათას დოლარამდე მერყეობს.
„ჩინური მაკომპლექტებელი მასალებით აგებული ერთი საბრძოლო დრონი 6 ათასი დოლარი ღირს, ფრანგული წარმოების - 12-20 ათასი. თუ დრონი სწორად არის აწყობილი და მას კარგი ოპერატორი მართავს, მაშინ იგი ძალიან სასარგებლოა ბრძოლის ველზე. უკვე არსებობენ მთელი ქვედანაყოფები, რომლებისთვისაც დრონები წარმოადგენს სპეციალიზაციას. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ადგილობრივი ბიუროკრატია ამუხრუჭებს ასეთი ქვედანაყოფების განვითარებას. დრონების შესყიდვის შესათანხმებლად და მათ გამოსაყენებლად, ბეჭდებისა და ხელმოწერების მისაღებად საჭიროა ხელმძღვანელობასთან სირბილი, ამაზე იკარგება დრო, სიტუაცია კი ფრონტის ხაზზე დღის განმავლობაში იცვლება“, - ამბობს გიორგი ახალაია.
„არასწორია ვიფიქროთ, რომ რუსები ყოველთვის საბელზე გამობმული დათვებით და გალეშილი მთვრალები დადიოდნენ. როგორც აქ, მათთანაც არიან საერთოდ ოფიცრები, რომლებსაც შეუძლიათ ომი და საბრძოლო ვითარებაში საქმის ცოდნით მოქმედებენ. საერთოდ ბომბების ქვეშ სირბილს, ხტუნვას, ხელებზე აზიდვასა და ფრენას ძალიან სერიოზული მოტივაცია სჭირდება“, - ასკვნის ქართველი მებრძოლი.
„მე ორკების უკრაინიდან გაყრა მსურს“
ჩეჩნეთის ურუს-მარტანის მცხოვრები, ხუსეინ ჯამბეტოვი, მეტსახელად „ბანდერა“, სპეცდანიშნულების რაზმ „ობონის“ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფის მეთაურია. მან სამხედრო საქმეს ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში, პირველი ჩეჩნეთის ომის დროს მიჰყო ხელი. მკაფიო მოტივაცია ჰქონდა მაშინაც და აქვს ახლაც - ამბობს, რომ უკრაინიდან რუსი დამპყრობლების, „ორკების“ გაყრა სურს.
„რუსები ჩვენ უკანონო მებრძოლებს გვიწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ ორკები, დამპყრობლებისა და ოკუპანტების წინააღმდეგ ვიბრძოდით. ეს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის არმია. მე მეორე ჩეჩნეთის ომშიც ვიღებდი მონაწილეობას, დივერსიულ საქმიანობას ვეწეოდი. ომში ერთბაშად იძენ საბრძოლო გამოცდილებას. უფროსები თვალს ადევნებენ და ასწავლიან ახალბედა მებრძოლებს“, - გვეუბნება ჯამბეტოვი.
ქვედანაყოფში იგი იმითაც არის დაკავებული, რომ ხვდება და ფრონტის მიმდებარე ტერიტორიებზე დაჰყვება იქ ჩასულ რეპორტიორებს. ჯამბეტოვი მიიჩნევს, რომ მსოფლიომ უფრო მეტი უნდა შეიტყოს უკრაინაში მიმდინარე ომის და უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლთა შესახებ. და გული წყდება, რომ ჩეჩნეთში მიმდინარე ომზე იმხანად დასავლეთს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია.
„[ჩეჩნეთის ხელმძღვანელი] რამზან კადიროვი უბრალო ქვეითი ჯარისკაცია, ცივილიზებული სამყაროს მთავარი მტერი კი [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ] პუტინია. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთმა ძლიერი გავლენა მოახდინა დასავლეთზე და თვით უკრაინაზეც კი. მაშინ ყველამ მხარი დაუჭირა რუსეთს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩეჩენ მებრძოლებს [რუსეთს] გადასცემდნენ და მათ აშკარა სიკვდილისთვის იმეტებდნენ. [იჩქერიის პრეზიდენტი] ჯოხარ დუდაევი ცდილობდა თავისი ხმა მიეწვდინა ცივილიზებული სამყაროსთვის, მაგრამ მასთან შეხვედრა არავის სურდა. ახლა კი პუტინი მსოფლიოს ბირთვული ბომბით ემუქრება. ეს არ არის ტერორიზმი? არაა ექსტრემიზმი?“ - კითხულობს ხუსეინ ჯამბეტოვი, მეტსახელად „ბანდერა“.
2003 წელს ჯამბეტოვი რუსეთმა ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობის მუხლებით ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანა. უკანონო დევნის თავიდან ასაცილებლად ჯამბეტოვმა ევროპას შეაფარა თავი და რამდენიმე წლის შემდეგ ბელგიის მოქალაქე გახდა.
იქ, უკრაინისთვის თავისუფლებისათვის მომავალი მებრძოლი, 10 წლის განმავლობაში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. მაგრამ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მიატოვა ბელგიაში ოჯახიც, ბიზნესიც და უკრაინის არმიის მხარდამჭერ სხვა ჩეჩნებს შეუერთდა. ამისთვის მას იჩქერიის შეიარაღებული ძალების საგანგებო დანიშნულების ძალების (ОБОН) დანაყოფის ამჟამინდელ მეთაურ ჰაჯი-მურად ზუმსოსთან ადრინდელი ნაცნობობა დაეხმარა.
„ჩვენ თანატოლები ვართ, ერთმანეთს ვიცნობთ 17 წლის ასაკიდან, ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან. ევროპაში ცხოვრებისას ერთმანეთს რეგულარულად ვუკავშირდებოდით. ის უკრაინაში 2015 წლიდან იბრძვის. ომის დასაწყისში თებერვალში [2022], იყო ლისიჩანსკში. დავურეკე და ვუთხარი: "შენს ერთგულებაზე ვიფიცებ და იქ ვიქნები, სადაც ნებისმიერი დაჩაგრული ხალხის განთავისუფლებისთვის იქნება ბრძოლა. დღეს ესენი უკრაინელები არიან, ხვალ შეიძლება ჩვენი ჩეჩენი ხალხი იყოს. ახლა კი, თუ შენთან არ მიმიღებ, ღმერთის წინაშე იქნები პასუხისმგებელი-მეთქი, ვუთხარი. მოგვიანებით, გადავკვეთე უკრაინის საზღვარი და ჰაჯი მურადმაც თავის რაზმში წამიყვანა“, - ჰყვება ჯამბეტოვი.
როგორც ის, ასევე უცხოურ ლეგიონში გაწევრიანებული ჩეჩნური ქვედანაყოფის სხვა მებრძოლები უკრაინის ხელისუფლებისგან ოფიციალურ ხელფასს იღებენ. მაგრამ, როგორც ჯამბეტოვი ამბობს, მთელი მისი ხელფასი სამხედრო საჭიროებას ხმარდება: მანქანისათვის ბენზინს საკუთარი ფულით ყიდულობს, რადგან უკრაინული ხელფასი მხოლოდ 10 დღეს ჰყოფნის. ზოგჯერ კი მარაგი ერთ დღეშიც უთავდება.
„მე თავად ბევრი არ მჭირდება. ჩემთვის ჩაშუშული საქონლის ხორცის კონსერვიც საკმარისია, თუ კიდევ შედედებული რძეც მექნა, ხომ სულ მთლად მადლობელი ვიქნები. მინდა, რაც შეიძლება მალე გავაძევოთ ორკები უკრაინიდან და [ანექსირებული] ყირიმიდან, შემდეგ კი, თუ ღმერთი ინებებს, დავუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ მიწებს [ჩეჩნეთში]. ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც ჩვენი მამები და წინაპრები იბრძოდნენ. წლების განმავლობაში ველოდები იმ მომენტს, როდესაც მთელი მსოფლიო იგრძნობდა ცოფიანი "რუსული დათვის" კლანჭებს. დღეს მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ იჩქერიის მებრძოლები ვართ და ძმებ უკრაინელებს ვიცავთ“, - ამბობს ხუსეინ ჯამბეტოვი.
და ამ ბრძოლაში ჩეჩნების გარდა თავისუფლებისმოყვარე სხვა ჩრდილოეთკავკასიელებიც ერთვებიან.
- ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
- სექტემბერში უკრაინაში მოქმედი შეიხ მანსური სახელობის ჩეჩნეთის მოხალისეთა ბატალიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ისლამ ბელოკიევმა "კავკაზ.რეალიის" აცნობა. რომ დაღესტნის ტერიტორიაზე სადეოკუპაციო მოქმედებას იწყებს "იმამატის" სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის მეთაურის სახმისია "შამილი".
- ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
- ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.