1992 წლის 6 იანვარს სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ოჯახთან და თანამოაზრეების ნაწილთან ერთად თბილისი დატოვა და სომხეთისკენ გაემართა. უკვე სომხეთში ცნობილი გახდა, რომ დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი იქ დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. მისი გროზნოში გადაყვანა მფრინავ ზაურ ბედიას დაევალა. „ოპერაცია საიდუმლო და სახიფათო იყო“ - ზაურ ბედია რადიო თავისუფლებასთან საქართველოს პირველი პრეზიდენტის სომხეთიდან ჩეჩნეთში გადაყვანის დეტალებს იხსენებს.
მაშინ ზაურ ბედია სოხუმში ცხოვრობდა. იმ დღესაც მორიგი რეისის შესრულების შემდეგ, სოხუმის აეროპორტში დასვა თვითმფრინავი. დისპეტჩერმა უთხრა, აეროპორტის უფროსი გიბარებსო. ზაურ ხაინდრავას კაბინეტში შესულს რამდენიმე ადამიანი დახვდა, უთხრეს, რომ საგანგებო დავალების შესასრულებლად გროზნოში უნდა წასულიყო - საქმე ეხებოდა პრეზიდენტის სომხეთიდან ჩეჩნეთში გადაყვანას, თან ისე, რომ გზად ხელში არავის ჩავარდნოდა. ბედია დათანხმდა.
„ჯერ გროზნოში გადავფრინდით. იქ ჯოხარ დუდაევის (ჩეჩნეთის პრეზიდენტი) რეზიდენციაში მიმიყვანეს. დავაყენე ჩემი ეკიპაჟი, მოვიდა ჯოხარი, ეკიპაჟის წევრებს ყველას ხელი ჩამოართვა და მე მხარზე კოცნით მომესალმა. მითხრა, ძალიან სარისკო დავალებაა, მაგრამ როგორც ქართველი შენ ამოგირჩიესო. მე არც ვიცოდი, ვინ ამირჩია. თურმე თბილისელ მფრინავებს უარი უთქვამთ“.
ზაურ ბედია ყვება, რომ ოპერაცია ჯოხარ დუდაევის კაბინეტში დაიგეგმა. რამდენიმე ვარიანტს ამუშავებდნენ. ჩუმად უნდა გაფრენილიყვნენ, დისპეტჩერისთვის თვითმფრინავის ნამდვილი ნომერი არ უნდა ეთქვათ, არსად უნდა გამოჩენილიყო, რომ ეს საქართველოს თვითმფრინავია. „გაფრენის დღეს ეკიპაჟს ჩეჩნეთის შს მინისტრი და ორი კარატისტიც გამოჰყვა“, - ამბობს ზაური და განაგრძობს:
„ჰაერში დისპეტჩერს ვუთხარი, ბალტიისპირეთიდან მოვფრინავ-მეთქი. აქ არაფერი ასეთი არ არისო, მითხრა. მე რა ვიცი, მე ჰაერში ვარ, მიწაზე თქვენ გაარკვიეთ-მეთქი, მკვახედ მივახალე. შემეშვნენ. ჩავედით სომხეთში. იქაც ვინ გველოდა? იქაურ დისპეტჩერსაც იგივე გავუმეორე ბალტიისპირეთიდან მოვდივარ და კონიაკი უნდა წავიღო-მეთქი“.
არავინ დახვედრიათ. აეროპორტის ხელმძღვანელს მიადგნენ და პირდაპირ უთხრეს რისთვისაც იყვნენ ჩამოსული. ორი მანქანა გამოუყვეს და იმ შენობასთან მიიყვანეს, სადაც იმ დროს ზვიად გამსახურდია იყო გაჩერებული.
„იქ რამდენიმე კაცი იყო შენობასთან. გამოველაპარაკე, სიგუას ხალხი აღმოჩნდა. მოვატყუე, სიგუამ გამომგზავნა, ზვიადის წასაყვანად, ჯერ არ ვიცი, შეიძლება ესპანეთში წავიყვანო-მეთქი. გაუხარდათ“.
ბოლოს და ბოლოს ზაურ ბედია პრეზიდენტთან მიიყვანეს. მას ზვიად გამსახურდია მანამდე მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი.
„ვხედავ ზვიადი, მოხრილი... ძალიან ცუდად იყო. მოვიდა, გადამეხვია“...
აეროპორტში რამდენიმე მანქანით წამოვიდნენ. ადგილზე თავისის გვერდით ზაურ ბედიას კიდევ ერთი თვითმფრინავი დახვდა, რუსი ჯარისკაცებით სავსე. ზედმეტი ყურადღება რომ არ მიგვექცია, თვითმფრინავს ტრაპის მაგივრად თვითმფრინავის კიბე მივადგით და ისე ავედითო - ამბობს მფრინავი.
„საქართველოს ზონაში რომ შემოვედით, სამი გამანადგურებელი დავინახე, უნდოდათ ვაზიანის აეროპორტში დავესვით და ზვიადი ხელში ჩაეგდოთ. ისეთი ილეთები გავაკეთე, იმათ იფიქრეს, გიჟია ვიღაცაო. ამხელა თვითმფრინავით დასატაკებლად რომ მიდიხარ, არც იმას უნდა სიკვდილი. დაიფანტნენ. ისე წამოვედი პარტიზანულად, რომ ვერც შემამჩნიეს. ეგონათ დასავლეთისკენ მივდიოდი, მაგრამ მერე ჩრდილოეთისკენ ავიღე გეზი და კავკასიონს გამოვყევი“.
ზაურ ბედიამ პრეზიდენტი გროზნოში დატოვა და უკან სოხუმში გამობრუნდა.
„ავად იყო კაცი, ამხელა სტრესი შეხვდა, ამხელა რაღაც გადაიტანა. მერე იქ გამოჯანმრთელდა გროზნოში, მაგრამ... მაინც ვერ გადავარჩინეთ, ვერ გადავარჩინეთ“.