Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Telegram-ი - ჯაშუში ყველა უკრაინელის ჯიბეში?


რუსეთის საჰაერო თავდასხმისას კიევის მეტროში ევაკუირებული მოქალაქეები კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში ინფორმაციას ეცნობიან. 2023 წლის მარტი.
რუსეთის საჰაერო თავდასხმისას კიევის მეტროში ევაკუირებული მოქალაქეები კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში ინფორმაციას ეცნობიან. 2023 წლის მარტი.

როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს, მობილური ტელეფონები ვიბრაციას იწყებენ და საჰაერო თავდაცვის სირენის უსიამოვნო ხმა ირთვება.

ამ დროს ბევრი უკრაინელი „ტელეგრამის“ მობილურ აპლიკაციას ხსნის, რათა მიიღონ ოფიციალური და არაოფიციალური ცნობები თავდასხმის შესახებ და შეიტყონ, თუ სად შეუძლიათ თავის შეფარება.

„მე თავშესაფარს არასოდეს ვაკითხავ, მაგრამ მაინც უფრო მშვიდად ვარ, როდესაც ვიცი, თუ რა ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტუდენტმა ილია იერემენკომ. „უმწეობას სჯობია გრძნობდე, რომ ვითარებას აკონტროლებ, თუნდაც ეს წარმოსახვითი იყოს“.

ომის დროს „ტელეგრამის“ აპლიკაცია უკრაინისათვის ახალი ამბების მთავარ წყაროდ იქცა.

დუბაიში ბაზირებული ეს პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოში 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, 2013 წელს დააარსა რუსმა ბიზნესმენმა პაველ დუროვმა. 17 აპრილს მან ამერიკელ კომენტატორ ტაკერ კარლსონს განუცხადა, რომ „ტელეგრამი“ „ნეიტრალური პლატფორმაა“ და არ ცდილობს „გეოპოლიტიკური მოთამაშე“ გახდეს.

თუმცა, უკრაინაში ეჭვობენ, რომ ეს აპლიკაცია ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას. ზოგი „ტელეგრამს“ რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირშიც სდებს ბრალს. უკრაინის რადა განიხილავს კანონპროექტს ამ პლატფორმის რეგულირების შესახებ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარლამენტარებმა სცადონ ამ აპლიკაციის სრულად გათიშვა.

მომხმარებლების ზრდა

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ „ტელეგრამი“ უკრაინაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

როდესაც რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვრები გადაკვეთეს და ქალაქები დაბომბეს, იჰორ ლაჩენკოვი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეგრამის არხის, Lachen Pyshe-ს შემქმნელი, მშობლიურ დნიპროში აკვირდებოდა მოვლენებს და სიახლეებს ყოველ წუთას აქვეყნებდა. პირველი 24 საათის განმავლობაში მისი აუდიტორია თითქმის სამჯერ გაიზარდა - 70 000-დან დაახლოებით 200 000-მდე.

„ხალხი ჩემს არხს მოაწყდა, რადგან ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც თქვა, რომ ომი დაიწყო. აქ ვაქვეყნებდით შეტყობინებებს სარაკეტო თავდასხმების შესახებ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საჰაერო დაბომბვის სიგნალიზაცია გამართულად დაიწყებდა მუშაობას“, - უთხრა ლაჩენკოვმა რადიო თავისუფლებას.

უკრაინის მთავარმა სატელევიზიო არხებმა მაშინ ერთიანი, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ახალი ამბების მაუწყებლობა დაიწყეს მტრის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუმცა, ვისაც უფრო დროული, კონკრეტული ან არაოფიციალური ინფორმაციის მიღება სურდა, „ტელეგრამის“ არხებს აკითხავდა.

„ტელეგრამი“ პირველ რიგში ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნი აპლიკაციაა, თუმცა მარტივი დიზაინის გამო ახალი ამბების გავრცელების წყაროდ იქცა. მომხმარებელს იოლად შეუძლია საკუთარი არხი გააკეთოს და განუსაზღვრელი რაოდენობის ადამიანს მიმართოს. ამაში კი არც ალგორითმი შეუშლის ხელს და არც რეკლამა.

„აუდიტორიასთან კავშირის კუთხით „ტელეგრამს“ ბადალი არა ჰყავს“, - თქვა ლაჩენკოვმა და დასძინა, რომ „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ ინფორმაციის გასავრცელებლად ნაკლებად მოსახერხებელია და თან ხშირად ფილტრავს ომთან დაკავშირებულ ცნობებს, რადგან ალგორითმი მიიჩნევს, რომ ძალადობასა და სიძულვილის ენასთანაა კავშირში.

პოსტი ვალერია პეტრუსევიჩის ტელეგრამარხიდან, რუსეთის არმიის მოხალისე ოკუპირებული ყირიმის რეგიონიდან.
პოსტი ვალერია პეტრუსევიჩის ტელეგრამარხიდან, რუსეთის არმიის მოხალისე ოკუპირებული ყირიმის რეგიონიდან.

„ინტერნიუსის“ 2023 წლის კვლევის თანახმად, 2021 წელს უკრაინელების 20% იყენებდა „ტელეგრამს“ ახალი ამბების წყაროდ. 2023 წელს კი ეს რიცხვი 72 პროცენტამდე გაიზარდა. ის ბევრად უფრო პოპულარულია სხვა წყაროებზე - ახალი ამბების ვებსაიტებზე (41%), ტელევიზიაზე (30%), რადიოსა (10%) და ბეჭდურ პრესაზე (3%). რაც შეეხება სხვა სოციალურ პლატფორმებს, „ფეისბუკს“ 19 პროცენტი აქვს, „იუტუბს“ კი - 16%.

„ტელეგრამზე“ მაუწყებლობენ უკრაინის ოფიციალური პირები და ინსტიტუტებიც, მათ შორის, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. თუმცა, ქვეყნის ყველაზე პოპულარული 100 არხიდან მხოლოდ 12 ეკუთვნის ტრადიციულ მედიას ან ოფიციალურ თუ საჯარო პირს.

ლაჩენკოვის არხს მილიონ-ნახევარი გამომწერი ჰყავს, რამაც 24 წლის იჰორი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად აქცია. მან უკრაინის ჯარისათვის მილიონობით დოლარი შეაგროვა. იჰორ ლაჩენკოვი უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, როდესაც ქვეყანამ ევროპარლამენტში 2022 წლის დეკემბერში სახაროვის ჯილდო მიიღო.

რუსეთის ინსტრუმენტი?

Lachen Pyshe-სგან განსხვავებით, თითქმის ყველა სხვა მსხვილ არხს უკრაინაში ანონიმი მფლობელები განაგებენ და მათი როლი ომის დროს გაცილებით უფრო ბუნდოვანია.

ბევრი პოპულარული არხი საჰაერო თავდასხმების შესახებ ინფორმაციასთან ერთად სკანდალურ ცნობებსაც ავრცელებს, რომლებსაც ხშირად სენსაციური კუთხით წარმოაჩენენ. მათ მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, თუმცა ჟურნალისტურ სტანდარტებს არად დაგიდევენ.

უკრაინული ოფიციალური მედიისაგან განსხვავებით, „ტელეგრამის“ არხების დიდი ნაწილი რუსულენოვანია და არაერთი მათგანი პრორუსულად მიიჩნევა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის მარტში არხების სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი თქმით, „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ახორციელებდნენ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს“. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა 250 მილიონი დოლარი დახარჯა ამ პლატფორმაზე უკრაინაში საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად.

ამას ისიც ერთვის, რომ რამდენიმე გავლენიანი უკრაინული არხი (მაგალითად, „ვერტიკალი“, „ჯოკერი“ და „ბანქოს სახლი“), სავარაუდოდ, მჭიდრო კავშირშია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მედიის მონიტორინგის უკრაინული ორგანიზაცია Detector Media აცხადებს, რომ აქ ქვეყნდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავდასხმები დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კიევის პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„ტელეგრამი“ ასევე იქცა ფანჯარად ომის მეორე მხარეს, რომელიც ავსებს მზარდ უფსკრულს რუსულ და უკრაინულ საინფორმაციო გარემოს შორის. პრორუსულ სამხედრო არხებს უკრაინაში კითხულობენ როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.

„ტელეგრამის მიერ შექმნილი საფრთხეები არ შემოიფარგლება მხოლოდ მტრის პროპაგანდის გავრცელებით“, უთხრა რადიო თავისუფლებას იეჰორ აუშევმა, კიბერომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტმა. „ეს არის დე ფაქტო ლეგალიზებული ბნელი ქსელი, სადაც შეიძლება არა მხოლოდ ნარკოტიკების შეძენა ან ბავშვთა პორნოგრაფიაზე წვდომა, არამედ კიბერდანაშაულში ჩართვა. ამას მრავალი რუსული ჰაკერული ჯგუფი აკეთებს".

„წვდომა მომხმარებელთა მონაცემებსა და მოწყობილობებზე, მათ შორის, გეოლოკაციასა და კამერებზე, ისევე როგორც მომხმარებელთა ქსელების შესახებ მონაცემებზე, „ტელეგრამს“ აქცევს "ჯაშუშად ყველა უკრაინელის ჯიბეში", თქვა აუშევმა.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი ამ ბრალდებებს უარყოფს. დუროვს არაერთხელ უთქვამს, რომ მან და მისმა ძმამ აპლიკაცია მას შემდეგ შექმნეს, როდესაც კრემლმა სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეზე“ არსებული ევრომაიდნის მხარდამჭერი ჯგუფების დახურვა მოსთხოვა. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. „ტელეგრამი“ დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა დახურულ და უსაფრთხო პლატფორმად.

პაველ დუროვი
პაველ დუროვი

თუმცა, დრო იცვლება. დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, „ტელეგრამმა“ ხელისუფლებასთან კომპრომისს მიაღწია და სულ მცირე 2018 წლიდან მოყოლებული მათ გარკვეულ მონაცემებს აწვდის. ამჟამად „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ რუსეთში მხოლოდ VPN-ის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი, „ტელეგრამი“ კი შეზღუდული არ გახლავთ და მისი გამოყენება ოფიციალურადაა რეკომენდებული რუსეთის არმიისათვის.

„სულ უფრო მეტი სამხილი გვაქვს იმისა, რომ ის არის ინსტრუმენტი რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“, - თქვა აუშევმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა კირილო ბუდანოვმაც განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია „ცალსახად პრობლემას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით“ და მისი რეგულირება მოითხოვა.

რა შეიძლება გაკეთდეს?

უკრაინის ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო, რათა „ტელეგრამისგან“ მომავალი სავარაუდო ზიანი შეამციროს.

25 მარტს დეპუტატთა ჯგუფმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პლატფორმის რეგულაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს აპლიკაცია "შეიძლება ასოცირებული იყოს აგრესორ სახელმწიფოსთან" და განხილულია ზომები, რომლებიც აიძულებენ კომპანიას ითანამშრომლოს უკრაინის სახელმწიფოსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შეზღუდვებს დაუწესებენ.

„ჩვენ ვიცით, რომ „ტელეგრამს“ კარგი ურთიერთობა აქვს რუსულ ბიზნესთან, [უშიშროებასთან] და რუსეთის არმიასთან. მასზე არანაირი კონტროლი არ გაგვაჩნია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიკოლა კნიაჟიცკიმ, ოპოზიციური „ევროპული სოლიდარობის“ პარტიის დეპუტატმა და კანონპროექტის ინიციატორმა.

დეპუტატი მიკოლა კნიაჟიცკი წუხს, რომ კიევს "ნულოვანი კონტროლი" აქვსTelegram-ზე უკრაინაში.
დეპუტატი მიკოლა კნიაჟიცკი წუხს, რომ კიევს "ნულოვანი კონტროლი" აქვსTelegram-ზე უკრაინაში.

კანონპროექტი ითვალისწინებს „ტელეგრამის“ ვალდებულებას, შექმნას წარმომადგენლობითი ოფისი უკრაინაში ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, რათა განიხილონ საჩივრები აკრძალული შინაარსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

კნიაჟიცკის თქმით, შემოთავაზებული კანონმდებლობა „პრაქტიკულად ავრცელებს მედიის მოქმედი კანონის ნორმებს ტელეგრამის დომენზე“, „შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს“ და „არ ეხება ცალკეული არხების მფლობელებს“.

კანონპროექტის ძირითადი დებულება ავალდებულებს „ტელეგრამს“, უკრაინის ეროვნული საბჭოს მოთხოვნით გაამჟღავნოს მისი საკუთრების სტრუქტურა და დაფინანსების წყაროები. ეს კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს იმის გათვალისწინებით, რაც უკვე საჯაროდ არის ცნობილი მისი დაფინანსების შესახებ.

Telegram-ის არხზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნაჩვენებია უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სახლები ყირიმში.
Telegram-ის არხზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ნაჩვენებია უკრაინის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სახლები ყირიმში.

„ტელეგრამი“ უკვე დიდი ხანია, რაც არამომგებიანი პლატფორმაა. რვა წლის განმავლობაში მას შემოსავალი საერთოდ არ უჩვენებია, ვიდრე 2021 წელს შეზღუდული რეკლამა არ დაიწყო და 2022 წელს პრემიუმ გამოწერების გაყიდვა.

2018-2021 წლებში „ტელეგრამმა“ ფულის მოზიდვის სხვადასხვა სქემა სცადა. ჯერ ბლოკჩეინის პლატფორმა შექმნა და კრიპტოვალუტას ყიდდა. პროექტის წარუმატებლობის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა ობლიგაციები. ამ ორი წამოწყების ინვესტორებს შორის იყვნენ კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენები და ოლიგარქები.

შემოთავაზებული კანონმდებლობის მიხედვით, „ტელეგრამი“ სავარაუდოდ „გაუმჭვირვალედ“ გამოცხადდება და მისი გამოყენება აეკრძალებათ სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს. გამონაკლისი დაიშვება უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის, რომლებიც შეძლებენ გააგრძელონ აპლიკაციის გამოყენება მთავრობის ნებართვით.

"არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოება, არამედ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და მსხვილი ბიზნესები იყენებენ პლატფორმას, რომელიც მჭიდროდ არის მიბმული რუსეთთან. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ", - თქვა კნიაჟიცკიმ.

XS
SM
MD
LG