შვიდი თვის ჩვილი სოფელ აღაიანის სასაფლაოზე 22 მაისს დაკრძალეს. ჩვილის დაკრძალვას არ დასწრებია 16 წლის დედა. დედას შსს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ... საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”, - წერია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ 16 წლის გოგო რამდენიმე საათში თბილისში იპოვა და დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დედა შვილის მკვლელობას აღიარებს.
მკვლელობაში დადანაშაულებული მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მოზარდი წყალტუბოდან აღაიანში დაახლოებით ორი წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. მეზობლები ვერანაირი ლოგიკით ვერ ხსნიან მომხდარს, შეძრულნი არიან სოფელში დატრიალებული ტრაგედიით: „ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის შესახებ არ გვსმენია. გოგო შვილს განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა. ორი დღის წინ, აი, აქ, ჩვენს თვალწინ ეთამაშებოდა, ეხუტებოდა, არ ვიცით, რა მოხდა“.
ჯაჭვი - სახელმწიფო სტრუქტურების რგოლებით
ჯაჭვი, რომელმაც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილი იმსხვერპლა, გრძელია. ჯაჭვის ყველა რგოლს კი სახელმწიფო სტრუქტურებამდე მივყავართ - სკოლა, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამედიცინო დაწესებულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბავშვთა უფლებადამცველები და იურისტები შვიდი თვის ჩვილის 16 წლის დედის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და იმ სტრუქტურულ დანაშაულზე ლაპარაკობენ, რომელმაც მათი თქმით, ერთნაირად იმსხვერპლა ჩვილიცა და მისი არასრულწლოვანი დედაც.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო ჩვილის გარდაცვალების საქმეზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორი წლის წინ, თავად 16 წლის მოზარდის მიმართაა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სრულწლოვანი პირის მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებას გულისხმობს და რაც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, არ მართლდება „ქორწინებით“.
შსს-ს ინფორმაციით, მოზარდის ქმარი 21 წლისა რაც გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა:
„რეაგირების ვალდებულება რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჰქონდა. მოზარდმა, სავარაუდოდ, 14-15 წლის ასაკში მიატოვა სწავლა. ამ შემთხვევაში, სკოლა ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა სოციალური მომსახურების სააგენტო და შსს. გარდა ამისა, როდესაც მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში დადგა აღრიცხვაზე, როგორც ორსული, იმავე წამიდან, სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება, რომ შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის შსს და სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაეყენებინა საქმის კურსში. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება ჩვილი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა მაინც სახელმწიფოსა და მის უმოქმედობას ეკისრება“.
ანა თავხელიძის თქმითვე, ჩვილის გარდაცვალების საქმის პარალელურად, გამოძიება უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში და რაც 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს: „საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ე.წ. ქორწინება, ვერ გაამართლებს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.
2017 წლის პირველი იანვრიდან კანონი გამონაკლისს აღარ ცნობს და 18 წლამდე ასაკის პირების ქორწინების დარეგისტრირება არანაირი მიზეზით და თანხმობით აღარ ხდება.
რა იცოდა სკოლამ, სოციალურმა სააგენტომ და შსს-მ?
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგოს საქმის შესახებ, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა, მას შემდეგ მოიძია, რაც რესურს-ცენტრს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა.
მამუკა ჩხეტიანმა სკოლის დირექტორზე დაყრდნობით უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ დაკავებული მოზარდი, კვლავაც ირიცხება ერთ-ერთი სოფლის მეთერთმეტე კლასში: „აღაიანიდან წყალტუბოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა. თუკი გაცდენები უგროვდებოდა, ექსტერნად აბარებდა გამოცდებს. როგორც დირექტორმა მითხრა, საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო. მისი დაქორწინების შესახებ სკოლამ ცხადია იცოდა. დირექტორმა მითხრა, რომ როგორც კი გოგონას ძმამ სკოლაში მოიტანა ამბავი მისი დაქორწინების შესახებ, სკოლამ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. მათ კი დირექტორს უთხრეს, რომ მშობლები ჩვენთან არიან და საქმის კურსში ვართო“.
სოციალური მომსახურების სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა არც სკოლიდან და არც სამედიცინო დაწესებულებიდან მოზარდის დაქორწინებისა და ორსულობის შესახებ: „გადავამოწმეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტშიც და კასპის მუნიციპალიტეტშიც. არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდმა ადრეული ქორწინების ნიადაგზე სკოლაში სწავლა შეწყვიტა და შემდეგ დაფეხმძიმდა, ჩვენს სააგენტოში არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენი სოცმუშაკები არსებული ვითარების საქმის კურსში არ იყვნენ“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრეს-სამსახურში.
ჩვილის მკვლელობაში დადანაშაულებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატის, ქეთევან გაგოევის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალი, სავარაუდოდ, გვიან საღამოს წარედგინება. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ის დაკავებულისათვის ყველა საჭირო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის, ექსპერტიზას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დაკავებული არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გასცემს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საქმის ძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარიმართოს.
მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ამ დანაშაულისათვის 13-დან 17 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია, უფლებადამცველთა თქმით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება.