დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 14 ოპოზიციური დეპუტატი, რომლებმაც დე ფაქტო მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის განხილვა წამოიწყეს, კვლავ ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობისგან პასუხს. რეგლამენტი ითვალისწინებს ერთკვირიან პერიოდს რიგგარეშე სხდომის მოწვევისათვის. ეს დრო უკვე ამოიწურა.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზნით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის დეპუტატების შემადგენლობის ერთ მესამედს სესიის მოწვევის უფლება აქვთ, თუმცა მათი მოთხოვნა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა უპასუხოდ დატოვა. რეგლამენტის მიხედვით კი მას ერთ კვირაში უნდა დაეკმაყოფილებინა დეპუტატების მოთხოვნა. ახლა დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის აღიარების 13 წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს და მიმდინარე დღეები არასამუშაოდ არის გამოცხადებული. ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი რეგლამენტს არღვევს.
მსგავსი შემთხვევა დე ფაქტო პარლამენტის უახლეს ისტორიაში უკვე იყო. საპარლამენტო უმრავლესობამ უნდობლობის გამოცხადება დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ორ წევრისთვის ერთხელ უკვე სცადა.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს - იგორ ნანიევს და ზალინა ლალიევას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ციხეში პატიმრების წამების გამოვლენილ ფაქტებზე, დე ფაქტო პარლამენტის წევრთა უმრავლესობა გადაყენებით ემუქრებოდა. მაშინ დე ფაქტო პარლამენტის ხელმძღვანელობამ, რეგლამენტის დარღვევით, თითქმის ორი თვის განმავლობაში არ მოიწვია რიგგარეშე სხდომა. დე ფაქტო მინისტრების უნდობლობის საკითხი კი დე ფაქტო პრეზიდენტმა დეპუტატების ნაწილთან კულუარულად მოაგვარა.
ახლა დე ფაქტო დეპუტატებმა , ე.წ. მთავრობის ნდობის საკითხი მას შემდეგ დააყენეს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს მათთვის რუსეთის სახაზინო აუდიტორთა შემოწმების დოკუმენტაციის გადაცემაზე. მიუხედავად იმისა რომ ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს ეხება და საჯაროა, დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლება ე.წ. დეპუტატებს ეუბნება, რომ ეს სამსახურებრივი ინფორმაციაა და ასაიდუმლოებს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ირღვევა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია, როცა დეპუტატებს არ ეძლევათ საშუალება საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შესახებ და ეს უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს გულისხმობს, ასევე გულისხმობს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლსაც. ამიტომ ინფორმაციის გასაიდუმლოება ცხინვალში დიდი დისკუსიის საგანი გახდა.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ამირან დიაკონოვი ამბობს, რომ დე ფაქტო მთავრობის ქმედება აღმაშფოთებელი და უკანონოა.
„ისინი არღვევენ კანონს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დეპუტატის სტატუსის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, დეპუტატს ან დეპუტატთა ჯგუფს უფლება აქვთ მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოს, ნებისმიერ დაწესებულებას ინფორმაციის მოთხოვნით და ისინი ვალდებულნი არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში. ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების გამოყენების და საჯარო სახსრების ხარჯვის შესახებ საიდუმლო ვერ იქნება. ამ თვალსაზრისითაც კი, ისინი არღვევენ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს”.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევიც მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გამოიძახონ პარლამენტში და მათ უნდა მოსთხოვონ ანგარიში ფინანსური ხარჯების შესახებ.
„თუ თქვენ, აღმასრულებელი ხელისუფლება, არ გვენდობით დეპუტატებს, მაშინ რატომ უნდა გენდოთ ჩვენ თქვენ? ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ბიუჯეტი, შევიტანოთ ცვლილებები მასში, მივიღოთ კანონი ბიუჯეტის შესრულების შესახებ, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გვაძლევთ აქტს, რომელშიც ჩავიხედავთ და ვნახავთ, რა დარღვევები ჩაიდინეთ. უფრო მეტიც, თქვენ ვალდებული ხართ, მოგვაწოდოთ ეს დოკუმენტი“.
დავით სანაკოევი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია დეპუტატთა ერთი მესამედის მოთხოვნა გაითვალისწინოს და რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, თვითონ არის კანონდამრღვევი.
„ჩვენ ჯერ თოთხმეტნი ვართ, მაგრამ შეიძლება მეტიც გავხდეთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვართ საკმარისზე მეტი, რომ ნდობის საკითხი გამოვიტანოთ პარლამენტში. კანონის თანახმად, პარლამენტის ერთი მესამედი საკმარისია ამისათვის, ე.ი. თორმეტი დეპუტატი”, - ამბობს დავით სანაკოევი.
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან ამბობს, რომ მოსკოვის აუდიტის დასკვნას ბიბილოვის ხელისუფლება არა მარტო დეპუტატებს, არამედ საზოგადოებასაც უმალავს.
„ინფორმაცია შემოწმების შედეგების შესახებ უკვე ჟონავს. ამბობენ, რომ უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ინფორმაცია როგორმე დამალოს, რათა ხალხისთვის ცნობილი არ გახდეს, როგორ იხარჯება რუსეთიდან გამოგზავნილი ფინანსები. როგორ ხდება ამ ფულის მითვისება. მოსკოვს უკვე ეჭვი აქვს და აქ შემოწმება შემოწმებაზე ტარდება, რადგან სულ უფრო მეტი ფული იკარგება აშკარად. ამიტომ ჩვენი მთავრობა თუ არა, რუსეთი მაინც მოგვაწვდის ბოლოს და ბოლოს ინფორმაციას და ეს ალბათ კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდება. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა.
დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის აპრილში უნდა გაიმართოს, მანამდე კი ადგილზე პოლიტიკური ვითარება იძაბება, ოპოზიცია რადიკალური ნაბიჯების გადადგმით იმუქრება, ბიბილოვი კი მხოლოდ ძალოვანი უწყებების იმედზეა დარჩენილი.