Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ბლოგერები პანკისის ახალ იმამს „კადიროვის აგენტს“ უწოდებენ


პანკისის ტრადიციული ისლამის მიმდევარ მეჩეთს ახალი იმამი ჰყავს - გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, მას რამზან კადიროვს დაქვემდებარებული უწყება უჭერს მხარს
პანკისის ტრადიციული ისლამის მიმდევარ მეჩეთს ახალი იმამი ჰყავს - გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, მას რამზან კადიროვს დაქვემდებარებული უწყება უჭერს მხარს

ჩეჩენი ბლოგერები ამბობენ, რომ რამზან კადიროვს დაქვემდებარებულმა ჩეჩნეთის სამუფთომ - უმაღლესმა სასულიერო ორგანომ - საქართველოში, პანკისის ხეობის ტრადიციულ ისლამურ მეჩეთში იმამად, ანუ წინამძღვრად, თავისი კადრი გამოგზავნა.

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელებული აუდიოჩანაწერების თანახმად, პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან ახლად დანიშნული იმამი კადიროვის დაქვემდებარებულ უწყებას მადლობას უხდის „ნდობისთვის“ და პირობას დებს, რომ აქ მათთვის „სასურველ ნიადაგს“ შეამზადებს.

აქტივისტები ამბობენ, რომ კადიროვის მხარდასაჭერად საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები დიდი ხანია მუშაობენ და სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ტრადიციული ისლამის საფარქვეშ გავრცელებულ რუსულ ინტერესებს.

რა ხდება?

რადიო თავისუფლებამ ადგილობრივებთან საუბრის შედეგად გაარკვია, რომ იმამი, ომარ ალდამოვი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პანკისის ე.წ. ტრადიციული ისლამური მეჩეთის წინამძღვარი, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩეჩნეთში, ავტოავარიაში დაიღუპა.

დაახლოებით მარტის დასაწყისში კი ამ მეჩეთის იმამი გროზნოში მცხოვრები ტახირ დუიშვილი გახდა.

დუიშვილს ხეობაში მეტწილად დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა წინა ხუთშაბათს გავრცელებულმა აუდიოჩანაწერებმა ადგილობრივების ნაწილს კითხვები გაუჩინა მისი კავშირების გამო.

ხმოვანი ჩანაწერები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმამად დანიშნულ ტახირ დუიშვილს ეკუთვნის, თავდაპირველად 21 მარტს გაავრცელა ეთნიკურად ჩეჩენმა ბლოგერმა, ჰასან ხალიტოვმა, რომელიც წლებია, თურქეთში ემიგრაციაში ცხოვრობს.

„კადიროვის სამუფთომ შესთავაზა ტახირ დუიშვილს, გამხდარიყო პანკისის ერთ-ერთი მეჩეთის იმამი, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ადგილობრივ ძმებზე, რომლებსაც ისინი სალაფიტებად მიიჩნევენ, და იმუშაოს „ახმატ კადიროვის გზის“ პროპაგანდაზე“, - წერს ხალიტოვი.

„ყოვლისშემძლე ალაჰის ნებით, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა მისი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი ღიად და სრულად ავლენს ფარისევლობას“, - დაწერა ბლოგერმა.

რა ისმის ჩანაწერში?

აუდიოჩანაწერი ჩეჩნურ ტელეგრამარხებზე ვირუსულად ჯერ კიდევ წინა ხუთშაბათს, 21 მარტს გავრცელდა. კაცი, - სავარაუდოდ, ახალი იმამი დუიშვილი, - ჩეჩნურ ენაზე საუბრობს.

რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობოთ ვერ მოახერხა ამ ჩანაწერის - რამდენიმე ეპიზოდად დანაწევრებული ხმოვანი შეტყობინების, ავთენტიკურობის დადგენა.

შეტყობინებებს, სავაურადოდ, დუიშვილი უგზავნის ორ ადამიანს, - ვინმე „აპტისა“ და „ყურეიშას“, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის სამუფთოსთან დაკავშირებულ პირებს. დუიშვილი ნდობისათვის მადლობას არაერთხელ უხდის ჩეჩნეთის სამუფთოს.

ჰყვება, რომ წინა იმამის, ომარ ალდამოვის გარდაცვალების შემდეგ პანკისიდან დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის სამუფთოს და სთხოვეს, ახალი იმამი გაეგზავნათ, რის შემდეგაც საკითხის განსახილველად სამუფთოში გამოიძახეს.

დუიშვილი ამბობს იმასაც, რომ თავიდან არ სურდა, ეს საქმე ეთავა, - პირველ რიგში, რა თეოლოგიური ცოდნაც მქონდა, დამავიწყდა, თანაც, ჩეჩნეთში ვცხოვრობ ოჯახიანადო, - თუმცა, დაჟინებით სთხოვეს, რომ წასულიყო და მეჩეთს სათავეში ჩასდგომოდა.

მისივე თქმით, სამუფთოდან პირობა მისცეს, რომ „ყველანაირად დაეხმარებიან“ მასაც და მის ახალ ჯამაათსაც, - მუსლიმ მრევლს - მათ შორის, მატერიალურად. ამ ჩანაწერში საუბარია სამომავლოდ ჩეჩნეთში 10 პანკისელი ბავშვის სწავლის დაფინანსებაზე.

შემდეგ ჩანაწერში, სადაც თანამოსაუბრეებს ემშვიდობება, ეუბნება, რომ საქართველოში გამგზავრების შემდეგ „ყველაფერს მოამზადებს“; რომ მოხარული იქნება, მიიღოს თანამოსაუბრეები, - სავარაუდოდ, სამუფთოსთან დაკავშირებული პირები, - ნებისმიერ დროს, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოსვლას მოახერხებენ.

ამბობს იმასაც, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ „მუფთი სალაჰ მეჟიევი ეხმარებოდა ხოლმე პანკისის სულიერ წარმომადგენლებს, არაერთხელ გადაურიცხავს თანხა, წვლილი შეიტანა მეჩეთის დაარსებაში“.

მოსაუბრე არაერთხელ უხდის მადლობას სამუფთოს მხარდაჭერისათვის და ამ მხარდაჭერის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს: „ახლა იციან, რომ კარგი ძმები მყავს… ადრე რთული იქნებოდა [მხარდაჭერის მოპოვება] და ახლა, თქვენი დახმარებით, ყველაფერი კარგად იქნებაო“.

კიდევ ერთი საკვანძო საკითხი, რასაც ხეობაში მიაქციეს ყურადღება, მოსაუბრის პანკისელი ახალგაზრდების რელიგიური მრწამსისადმი დამოკიდებულებაა. იკვეთება, რომ იგი, სავარაუდოდ, ახალი იმამი, არ ეთანხმება სალაფიზმის მიმდევრებს და ხაზს უსვამს: „ჩვენ ისლამის სწორად გაგებას ვასწავლით“.

მუფთი მეჟიევი და კავშირები კადიროვთან

ჩეჩნეთის სამუფთო - „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაცია“ - რუსეთის სახელმწიფოსა და, კერძოდ, ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ მკაცრად გაკონტროლებული უწყებაა.

სწორედ ამ უწყების მეშვეობით უპირისპირდება კადიროვი სალაფიზმს, ისლამის ერთ მიმდინარეობას, რომელსაც საკუთარი ავტორიტეტისთვის, ცენტრალური მთავრობისთვის, პოლიტიკური კონტროლისა და სოციალური სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

რუსეთის ფედერაციაში რელიგიის თავისუფლება რელიგიების, მათ შორის ისლამის, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ფორმებს ეხება.

რამზან კადიროვი და მუფთი სალაჰ მეჟიევი
რამზან კადიროვი და მუფთი სალაჰ მეჟიევი

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციის“ თავმჯდომარე 1995-2000 წლებში რამზან კადიროვის მამა, ჩეჩნეთის ყოფილი მეთაური, ახმატ კადიროვი იყო.

2014 წლიდან კი „ჩეჩნეთის უმაღლესი მუფთი“ არის სალაჰ მეჟიევი.

რამდენიმე მიღწევა მისი კარიერიდან:

  • 2024 წელს მიენიჭა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება;
  • 2019 წელს პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით მიიღო „მეგობრობის ორდენი“;
  • 2023 წელს მიიღო „რუსეთის პრეზიდენტის ღირსების სერტიფიკატი“.

2020 წელს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რამზან კადიროვის ოჯახს სანქციები დაუწესა, მუფთმა მეჟიევმა სახელმწიფო დეპარტამენტი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ „გამოაცხადა“.

ჩეჩნეთის მუფთი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უწოდებს „ყველა მუსლიმის მტერსა და ნომერ პირველ ტერორისტს“.

მეჟიევი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში და აცხადებს, რომ „მუსლიმები, ვინც უკრაინაში იბრძვიან ... შაჰიდები გახდებიან“.

ჩეჩნეთის მუფთი, სალაჰ მეჟიევი
ჩეჩნეთის მუფთი, სალაჰ მეჟიევი

რას ამბობენ ადგილობრივები?

ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ პანკისში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობას დიდი ხანია, ამჩნევენ:

„კადიროვის გავლენები თუ მცდელობები, ეს გავლენები გაძლიერდეს, დღეს არ გამოჩენილა და არ დაწყებულა, - დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. უბრალოდ ეს ღიად, გაცხადებულად არ ხდება, მისი აგენტურა ჩუმად მუშაობს ხეობაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლუიზა მუთოშვილი, სოფელ დუისის მკვიდრი.

გავრცელებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ახალ იმამს კავშირები აქვს ჩეჩნეთის მთავარ მუფთთან და იგრძნობა, რომ მათი მხრიდან არის მხარდაჭერილიო, ამბობს იგი.

„მე კატეგორიულად არ მინდა, რომ [რუსეთის] გავლენები გაიზარდოს, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს. პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ გავლენებს გაძლიერების შესაძლებლობები არ მივცეთ. თუ ეს კაცი ღიად იქნება მათი მხარდაჭერილი, მათი „დასმული“, - არ ვიცი, რა უნდა დააშავოს, - მაგრამ დიდად სასურველი შეიძლება არ იყოს“, - გვეუბნება მუთოშვილი.

ლუიზა მუთოშვილი. 2019 წლის 30 აგვისტოს ფოტო
ლუიზა მუთოშვილი. 2019 წლის 30 აგვისტოს ფოტო

პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელში მცხოვრებთა უმეტესობა, - განსაკუთრებით, ახალგაზრდები, - თავს სალაფიტს უწოდებს.

სალაფიზმი უკიდურესად კონსერვატიული მოძრაობაა სუნიტურ ისლამში. მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ყურანის ერთადერთი სწორი ინტერპრეტაცია და უარყოფენ იმ ტრადიციებს, რასაც რელიგიასთან შეუთავსებლად მიიჩნევენ.

სწორედ ამის გამო წლებია, პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამისა და სალაფიზმის მიმდევრებს შორის არაერთი საკამათო საკითხი არსებობს, თეოლოგიურ თუ სხვა ნიადაგზე. ამჟამად ხეობის მოსახლეობის უმეტესობა სწორედ სალაფიზმის მიმდევარია.

ტრადიციულ ისლამს ხეობაში ადგილობრივებისათვის არაერთი პატივსაცემი ადამიანი მისდევს, მათ შორის - უხუცესთა საბჭოს წევრები.

2023 წელს გარდაცვლილი ქისტი მწერალი, ხასო ხანგოშვილი ტრადიციული ისლამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო. გარდაცვალების შემდეგ იგი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

რას ამბობს იმამი დუიშვილი

დიასპორაში მცხოვრები ჩეჩნები, რომლებიც სამშობლოდან კადიროვის რეჟიმს გაექცნენ, ახალი იმამის ჩანაწერებს კიდევ უფრო მკაცრად აფასებენ.

„მსურს, მოვუწოდო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, პირველ რიგში, დაიცვან პანკისის ხეობის მაცხოვრებლები … რომელთაც აქვთ ძალიან დიდი პრობლემები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან“, - თქვა 23 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბლოგერმა მოჰმად აბდურაჰმანოვმა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს.

კრიტიკული კომენტარი გაავრცელა მისმა ძმამაც, ვიდეობლოგერმა თუმსო აბდურახმანოვმა.

რუსეთში თუმსო აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო, ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და საცხოვრებლად შვედეთში გადასულიყო.

თუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ პანკისის ხეობას კადიროვი ვერ აკონტროლებს, თუმცა სურს, რომ თავისი გავლენები, ჩრდილოეთ კავკასიის შემდეგ, იქაც გააძლიეროს.

ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი
ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი

„რადგან პანკისის ხეობა კადიროვის კონტროლქვეშ არაა, - საქართველოს ტერიტორიაა, სადაც ვერ გაგზავნის „ახმატის ბატალიონს“ და ძალის გამოყენებით ვერ მიაღწევს მიზანს, - იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს, კერძოდ, „სასულიერო დესანტს“, რაც ამ ჩანაწერიდან დასტურდება“, - ამბობს იგი.

22 მარტს ტახირ დუიშვილმა კომენტარი გააკეთა ბრალდებებზე, - თქვა, რომ ეს აუდიოჩანაწერი დაახლოებით ერთი თვის წინანდელია და კერძო ჯგუფიდანაა დაჭრილად გატანილი.

იგი ასევე მიმართავს ბლოგერ ჰასან ხალიტოვს და მოუწოდებს: „თუ კაცი ხარ, გამოდი კონტაქტზე და დავილაპარაკოთ“.

რადიო თავისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ეცადა იმამ დუიშვილთან დაკავშირებას ამ სტატიისთვის მისი კომენტარის მოსაპოვებლად.

თუ მის პასუხებს მოვიპოვებთ ჩეჩენი ბლოგერების ბრალდებებსა და ხეობის ახალგაზრდების საწუხარზე, სტატია შესაბამისად განახლდება.

XS
SM
MD
LG