"ღია საზოგადოების ფონდი", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "საფარი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გასცენ პასუხები საკვანძო კითხვებს:
- რამ გამოიწვია რაჭისა და გურიის ტრაგედიები;
- რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ ადამიანების უსაფრთხოება;
- შეიძლებოდა თუ არა ადამიანური მსხვერპლის თავიდან არიდება;
- ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა;
- რა ხარვეზებია უსაფრთხოების სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში;
- რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ მსგავსი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
რა წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში?
პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან, რატომ არ არსებობს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემები მაშინ, როდესაც ამ სისტემების შექმნა და დანერგვა 2017-2020 წლების კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ მიზანსა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას წარმოადგენდა და, როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, შოვის ინფრასტრუქტურა სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.
2017-2020 წლების კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ეყრდნობოდა „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტს“. სტრატეგიის მიზანი საქართველოში ბუნებრივი კატასტროფის რისკების იდენტიფიცირება და მათი სათანადოდ მართვის უზრუნველყოფა იყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, ამ დოკუმენტების განახლებული ვარიანტები ამ ეტაპზე არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ეყრდნობა მოძველებულ ინფორმაციას ბუნებრივი კატასტროფების რისკებისა და საფრთხეების შესახებ:
„კლიმატის ცვლილების გამო კი ეს რისკები და საფრთხეები დღითიდღე მზარდია, ბუნებრივი კატასტროფები სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება და ამიტომ აუცილებელია, რომ კონკრეტული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ეყრდნობოდეს განახლებულ ინფორმაციას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რატომ არ აქვს სახელმწიფოს განახლებული ეს დოკუმენტები და, ამასთან, შესაფასებელია, რამდენად შესრულდა სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები“, - ვკითხულობთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან, რამდენად სწრაფი და ეფექტიანი იყო და შეესაბამებოდა თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მიღებული რეაგირების ზომები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ეროვნული უსაფრთხოების გეგმით“ განსაზღვრულ პირობებსა და წესებს. ამასთან, მათივე განცხადებით, უნდა დადგინდეს, რატომ არ არსებობს ქვეყანაში სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და რატომ არ მიმართა საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის მეზობელ ქვეყნებს.
გამოძიების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები
შოვში განვითარებულ მოვლენებსა და ადამიანთა გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იმთავითვე აჩენს კითხვებს გამოძიების შედეგების მიმართ. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებზე „თავდასხმას“ და მათი მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას.
მაგალითად, შოვის სტიქიიდან მეთერთმეტე დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვა გაუჩნდა ტრაგედიისას გადარჩენილ დავით ჯელაძესთან და მის მცირეწლოვან დისშვილთან: „რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი”. მისივე თქმით, „სპეკულაციები“ იყო, რომ „თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს“.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ დრომდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა გამოძიება იმ უწყებების მუშაობის შესწავლით, რომლებსაც არსებული კანონმდებლობით აქვთ მსგავსი ტიპის მოვლენების პროგნოზირების, პრევენციის, საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება.
ასევე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოძიებას არ შეუსწავლია არც სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანობის საკითხი, მაშინ, როდესაც გამოძიების მიზანი უნდა იყოს, შეისწავლოს, რამდენად შეიძლებოდა სტიქიის პროგნოზირება და მისი მძიმე შედეგების პრევენცია. ასევე, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმით, თუ როგორ დაგეგმა და წარმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამაშველო საქმიანობა, რამდენად დროულად და ეფექტიანად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებები სტიქიაში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად:
„ამ დრომდე გამოძიების ყურადღების მიღმაა დარჩენილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს. ამათგან, 342-ე მუხლით გათვალისწინებული საქმეები პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება. შესაბამისად, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ, საქართველოს პროკურატურამ ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით“, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ის, რომ კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება ამ ორი, 128-ე და 342-ე მუხლებითაც უნდა მიმდინარეობდეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება 16 აგვისტოს წერდა. სწორედ მაშინ გვითხრეს იურისტებმა პირველად, რომ საქმეს განსაცდელში მიტოვებისა და სამსახურებრივი გულგრილობის კვალიფიკაციაც უნდა მისცემოდა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შოვის სტიქიის საქმეზე მიმდინარე გამოძიება მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
კერძოდ, იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე თვე-ნახევარია გასული, ერთ-ერთი გარდაცვლილი პირის ოჯახს, რომელიც უკვე სარგებლობს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით, არ გადასცემია საქმის მასალების ასლები და ნაცვლად ამისა, საგამოძიებო უწყებამ ოჯახსა და მის ადვოკატს მასალების უწყებაში გაცნობა შესთავაზა, რაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლოა მივიჩნიოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლებების დარღვევად და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის გვერდის ავლად.
ანა თავხელიძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალის ინტერესების დამცველი, იმის გამო, რომ საქმის მასალების ასლების გადაცემაზე უარს ეუბნებიან, დოკუმენტაციას ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ეცნობა. უკანასკნელად ის ქუთაისში 20-24 სექტემბერს იმყოფებოდა და ასე წაიკითხა საქმის 35-ტომიანი მასალები: „ამიტომ ვამბობთ, რომ ამას არ ჰქვია მასალებზე წვდომა და ამიტომ უნდა გადმოგვცემოდა მასალების ასლები, რომ კვირაობით და თვეობით არ მოგვიწიოს ქუთაისში გადასვლა და მასალების ასე, ზეპირად გაცნობა“, - გვითხრა 25 სექტემბერს, ქუთაისიდან დაბრუნებულმა ადვოკატმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, - და ამის შესახებ რადიო თავისუფლებაც წერდა სექტემბრის ბოლოს ადვოკატზე დაყრდნობით, - კრიტიკას ვერ უძლებს სამძებრო ღონისძიებების დროს გვამების პოვნისას განხორციელებული მოქმედებების არათანმიმდევრულობა. კერძოდ, პროცესში სათანადოდ არ იყო ჩართული საგამოძიებო უწყების თანამშრომლები და არ ხდებოდა დოკუმენტურად ფაქტის ფიქსაცია, ფოტო-ვიდეოგადაღება:
„შედეგად უმრავლეს შემთხვევაში უცნობია გარდაცვლილების პოვნის ზუსტი დრო და ადგილი. ამასთან, არაერთ შემთხვევაში მხოლოდ გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის საჭირო კვლევებია ჩატარებული და არა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზთან და დროსთან დაკავშირებული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც გამოძიებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს უნდა წარმოადგენდეს, რათა გამოირიცხოს პირის გარდაცვალების კავშირი დაგვიანებულ სამაშველო ღონისძიებებთან. გარდაცვლილების ოჯახების უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მსგავსი ტიპის ექსპერტიზის ჩატარება საქმისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს:
- გამოძიება წარმართოს სწორი კვალიფიკაციით და იგი აწარმოოს გენერალურმა პროკურატურამ;
- მოხდეს დაზარალებულთა უფლებამონაცვლედ ცნობა და მათ მიეცეთ უფლებების ჯეროვანი რეალიზაციის შესაძლებლობა, მათ შორის, ადვოკატებს მიეცეთ საქმის მასალებზე სათანადო წვდომის შესაძლებლობა;
- საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს დროულად და პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.
მედიისა და დაინტერესებული პირების საჯარო ინფორმაციაზე წვდომა
შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთმა მედიაორგანიზაციამ მიმართა შესაბამის უწყებებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. მათ შორის, რადიო თავისუფლებამ არაერთხელ გამოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან საჯარო ინფორმაცია შოვში მომხდარი ტრაგედიის, საქმის გამოძიებისა და სამაშველო ოპერაციის ეფექტიანობის შესახებ, თუმცა, ამ დრომდე, არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი, საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს მათი ვალდებულებების ჯეროვნად განხორციელების თაობაზე:
„სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის კონტექსტში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, რომელიც კონვენციის მე-10 მუხლით არის გარანტირებული. ხსენებულ უფლებას კონსტიტუციური რანგი აქვს, კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი არაორაზროვნად აცხადებს „[...]ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.[...],“ სწორედ ამ უფლების გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ა“ პუნქტიც, რომლის მიხედვითაც გარემოს შესახებ ინფორმაცია იმ ინფორმაციათა ნუსხაშია შეტანილი, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია. ნორმის მიხედვით „ყველას აქვს უფლება იცოდეს: ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას", შესაბამისად სახელმწიფოს ამგვარი ინფორმაციის გაცემაზე განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა მართებს“, - არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მედიასაშუალებებს კანონით დადგენილ ვადებში სრულად მიეცეთ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
შოვის ტრაგედიიდან 62-ე დღეს, ჯერ ისევ არ უპოვიათ მაშველებს სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი - ზაზა მესხის არასრულწლოვანი შვილი. 2 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.