Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე ევროპული ევროპის ჩემპიონატი. თამაში წესებით 


ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ნაკრების წევრი, ევრო-2024-ზე
ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ნაკრების წევრი, ევრო-2024-ზე

რამდენიმე დღეც და დასრულდება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში - ევრო-2024, რომელიც ბევრი რამის გამო არის მნიშვნელოვანი, თუნდაც იმის გამო, რომ პირველია რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ

ან იმის გამო, რომ მასში მონაწილეობდნენ ახალი ევროპის შესაძლო ახალი წევრები - საქართველო და უკრაინა და არ მონაწილეობდა რუსეთი, რომელმაც, უკრაინაში შეჭრით, ყველას დაანახვა, რომ არ ცნობს არანაირ წესებს.

წესების დაცვა კი, როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები მწერალი და ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მხცოვანი თანამშრომელი, ალექსანდრ გენისი ამბობს, ევროპელობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

ევროპა არის მსოფლიოს ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია დასავლეთიდან ატლანტის ოკეანით, ხოლო აღმოსავლეთიდან - კანონით. ევროპის კონტინენტი მთავრდება იქ, სადაც არ იცავენ კანონებს. ამიტომ გაზეთებიდან უფრო იოლია იმის გარკვევა, თუ სად გადის ევროპის საზღვარი, ვიდრე რუკების დახმარებით.

ევროპის ამგვარი განმარტების თვალსაჩინოების განსაცვიფრებელი ნიმუშია გერმანიაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. ძველი და ახალი ევროპის გაერთიანებით ამ ჩემპიონატმა დაადგინა საზღვრები, რომლებიც გამოირიცხავს პუტინის რუსეთს. უკრაინის წინააღმდეგ ომმა რუსეთი გარიყულ ქვეყნად აქცია.

ალექსანდრ გენისი
ალექსანდრ გენისი

რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული ყველა უპრეცედენტო სანქციიდან, ალბათ, ყველაზე დამამცირებელია ფეხბურთიდან მოკვეთა. ქვეყანაში, სადაც ყოველი ბიჭუნა წერა-კითხვაზე ადრე სწავლობს ბურთის თამაშს, საყვარელი სანახაობის გარეშე დატოვება აუნაზღაურებელი დანაკლისია. ეს იგივეა, რომ არ მოუსმინონ ალა პუგაჩოვას, საახალწლოდ არ მოამზადონ ოლივიე და არ მორთონ ნაძვის ხე.

60-წლიანი გამოცდილების მქონე გულშემატკივარს, კარგად მახსოვს, რომ გაგანია ცივი ომის დროსაც კი საბჭოთა ნაკრებს არ უწყობდნენ ოსტრაკიზმს და ამიტომაც იყო, რომ იაშინთან გამოსამშვიდობებელ მატჩზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები შეიკრიბნენ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომუნისტური რეჟიმი უკეთესი იყო. ეს ნიშნავს, რომ დრო შეიცვალა: აღმოსავლეთი ევროპა იქცა ცენტრალურად, ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნები შევიდნენ ნატოში, მათთვის რკინის ფარდა ჩამოიშალა, პუტინმა კი რუსეთი უიმედო ჩიხში შეიყვანა.

აგრესორთან სპორტული შეჯიბრება შეუძლებელია, რადგან ის უარყოფს უნივერსალურ და ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ღრმად და ლაკონიურად ჩამოაყალიბა დიდმა ჰოლანდიელმა კულტუროლოგმა იოჰან ჰაიზინგამ. მეორე მსოფლიო ომის წინ დაწერილ თავის ნაშრომში Homo Ludens („ადამიანი მოთამაშე“) მეცნიერი ამბობს: ნებისმიერი თამაშის ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ „მძიმე სულიერი წნეხის ისტორიულ პერიოდებში თამაში ქმნის დროებით, შეზღუდულ სრულყოფილებას და, რომ თამაშით დადგენილ წესრიგს აქვს უცვლელი, სავალდებულო ხასიათი“. სხვა, უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ფეხბურთს თამაშობენ ხელებით, ეს ფეხბურთი არ არის.

ნიშანდობლივია, რომ ისეთი მასშტაბის სამხედრო უბედურების [რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში] დროს, როგორიც ევროპას არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სპორტული ზეიმი იმართება გერმანიაში, ხოლო ის, რომ ახალი ფაშისტური ჭირი ევროპელებს მოუტანა რუსეთმა, რომელმაც ოდესღაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ფაშიზმის დამარცხებაში, ქმნის განსაკუთრებით მწვავე ვითარებას: ერთი ქვეყანა განიკურნა ფაშიზმისგან, მეორე კი დაავადდა.

სპორტისგან განუყოფელია პოლიტიკა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის ფეხბურთის ზეიმს. სტადიონებზე გაერთიანებული ევროპა საზეიმოდ აღნიშნავს რიტუალებს სწორედ იმ მსოფლიო რელიგიისას, რომელიც შუღლსა და მტრობას ანაცვლებს სხეულისა და სულის ათლეტური თამაშით. მოედანზე ყველა თანასწორია - აქ დავითებს და გოლიათებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. შეუძლებელია ამაზე არ იფიქრო, როცა ევროპის ჩემპიონატის ისეთი ახალბედა, როგორიც საქართველოს ნაკრებია, ამარცხებს პორტუგალიის შესანიშნავ გუნდს, რომელსაც თავად რონალდუ უდგას სათავეში.

თითოეული გუნდის სამშობლოში ნებისმიერ მატჩს უყურებს მთელი ქვეყანა, ამასთან, უყურებს არა სახლში ტელევიზორის წინ ფლოსტებით, არამედ მოედნებზე, ხალხში, რომლისთვისაც გატანილი გოლი ფეხბურთის ღმერთისადმი მიძღვნილი შესაწირია - აღთქმა კეთილდღეობის, მშვიდობისა და ბედნიერებისა. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, გამარჯვებით მოდის, მაგრამ არც სამართლიან ბრძოლაში დამარცხება იწვევს სასოწარკვეთას. რადგან, ვიდრე ქვეყანა ემორჩილება საერთო წესებს, მას ყოველთვის რჩება რევანშის შანსი მომავალ ჩემპიონატზე.

ნიშანდობლივია, რომ ევრო-24-ის ფინალური მატჩი იმავე სტადიონზე გაიმართება, სადაც გაიმართა 1936 წლის ჰიტლერული ოლიმპიური თამაშები. გერმანელებმა შეძლეს წარსულისთვის გამოეგლიჯათ ეს სტადიონი, შეძლეს რამდენიმე თაობის მონანიებით ჩამოერეცხათ თავიანთი ისტორიული სირცხვილი. რუსებს ეს ჯერ კიდევ წინ აქვთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ფორუმი

XS
SM
MD
LG