Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ბრიუსელში: „მომავალს ევროპის კავშირთან ვხედავთ“


ბრიუსელში, 16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, მასპინძლებმა - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას მეთაურობს, განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის, პოლიტიკურ დიალოგთან, მართლმსაჯულებასთან, თავისუფლებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მსჯელობის სფეროები იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება.

სხდომაზე ევროკავშირის მხრიდან აღნიშნეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მნიშვნელობაც - თუმცა კრიზისის თემა არა ასოცირების საბჭოს სხდომაზე, არამედ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრებისას იყო წამყვანი.

სხდომის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ისაუბრეს საარჩევნო და საასამართლო სისტემების რეფორმაზე, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ბორელმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას: „საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობაში, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები“.

როცა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს შეეხო, რომლის მოგვარებაშიც ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული, ბორელმა თქვა, რომ პარლამენტის გვერდის ავლით ქვეყანაში პლურალიზმი არ დამყარდება და ამიტომ ყველას მიმართა თხოვნით: „საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და წავიდნენ კომპრომისზე“.

„საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა - მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას“, განაცხადა ბორელმა და დასძინა: „ბატონ პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავა ევროპაში, თუმცა აღნიშნა იმის აუცილებლობა, რომ გამგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები.

ბორელის თქმით, ევროკავშირი მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირები არის ის ასპექტი, რომლითაც მოქალაქეების ინტერესები იქნება ყურადღების ცენტრში. მისივე თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე სიღრმისეულად და დეტალურად განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის მიღების მნიშვნელობაზე.

ჩვენს მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟოზეპ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის განაცხადი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გატარების გაგრძელების დიდი მოტივაციაა.

„ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე“, - თქვა ღარიბაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი. რუსეთს ოკუპირებული აქვს და ქმედით კონტროლს ახდენს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში და კონტექსტში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ჟოზეპ ბორელი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის შემდეგ გავრცელდა პრესრელიზი.

რა წერია ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე კოვიდ-19-ის პანდემიის რთულ პირობებში. ორივე მხარემ აღიარა საქართველოსთვის ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა კოვიდ-19-თან ბრძოლაში, როგორც სოლიდარობის ნიშანი.

ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი და საქართველო ადასტურებენ ურყევ სწრაფვას, მათი თანამშრომლობის შედეგებით საგრძნობი სარგებელი ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს.

ასოცირების საბჭო აღნიშნავს, რომ 2020 წლის შემოდგომაზე გამართული არჩევნების დროს, მთლიანობაში, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას კანონის უზენაესობისა და პენიტენციარულ სფეროებში რეფორმების განხორციელების მხრივ.

საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, რომლებშიც წინსვლაა საჭირო. ტექსტში აღნიშნულია სასამართლოს დამოუკიდებლობის, მისი ანგარიშვალდებულების გაძლიერებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება.

საბჭოს თანახმად, ბოლო წლებში საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის უფლებით და მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, არ დაუშვას უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, კვლავაც განავითაროს ბლოკის წევრებთან თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საბჭო მიესალმა საქართველოს წინსვლას ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქმედების გეგმის სტრატეგიის რეალიზებაში და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა დისკრიმინაციასთან ბრძოლის კანონის ეფექტიან განხორციელებაში და იმ პირების დაცვის მიმართულებით, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან და, ასევე, გენდერული თანასწორობის დაცვაში.

ასოცირების საბჭო მიესალმება მნიშვნელოვან წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნაში.

მხარეები მიესალმნენ წინსვლას, რომელსაც საქართველო აღწევს ასოცირების შეთანხმების, სხვათა შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირობების შესრულებაში. ევროკავშირი რჩება საქართველოს უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად.

ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, განისაზღვროს დამატებითი საექსპორტო შესაძლებლობის მქონე პროდუქტები, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარება გაუწიოს მას. მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებულ გატარებას და ხაზი გაუსვეს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

შემდეგი სფერო, რომელშიც ასოცირების საბჭო ადასტურებს საქართველოს სტრატეგიულ როლს, არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა.

ევროკავშირი კისრულობს ვალდებულებას, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში ტრანსევროპული სატრანსპორტო გზის საშუალებით, რაც ნაბიჯია ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისკენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის სატრანსპორტო მნიშვნელობას და ევროკავშირმა მიიღო საქართველოს თხოვნა შავი ზღვით კავშირების გაუმჯობესების საქმეში დახმარების შესახებ.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ, სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან დაკავშირებას გააძლიერებს.

ევროპის კავშირი საქართველოს აღიარებს საკვანძო პარტნიორად რეგიონში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში მასთან თანამშრომლობას.

ევროპის კავშირი 16 მარტის ამ დოკუმენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასოცირების საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას რუსეთთან 2008 წლის ომისა და მისი შედეგების თაობაზე იღებს ცნობად, რომლის თანახმად, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი „ქმედით კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე“ და არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი მოგვარებისთვის. საბჭო აღნიშნავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დიდ მნიშვნელობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საჭიროებათა უზრუნველყოფისთვის.

ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის შეხვედრების განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას.

ერთობლივ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეშფოთების საგანს წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის შექმნილი მუდმივი დაბრკოლებები. დოკუმენტში აღნიშნულია არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა და ნათქვამია, საბჭო ადასტურებს, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

როგორც პრესრელიზში წერია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად: „თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა“, რითაც ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზის დასასრულს აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივ ფორმატში და აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების გატარების უწყვეტი მცდელობა უაღრესად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც წლის ბოლოსთვის უნდა გაიმართოს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG