Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული დიალოგი - რას ამბობენ ბრიუსელსა და თბილისში


5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, მხარეთა პოზიციების არასაკმარისი დაახლოების გამო, ევროკავშირმა ჯერ ისევ ვერ მოახერხა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან შეკრება.

16 მარტს ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავად წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს შეთანხმების მისაღწევად. ბრიუსელში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მკაფიოდ მიანიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და არც პოლიტიკოსი პატიმრების განთავისუფლებას. ოპოზიცია თბილისში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას. ფონი დაძაბა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულმა ხისტმა განცხადებებმა.

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება, ხოლო დაკავებულთა გათავისუფლება ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და ამით კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს კომპრომისზე წასვლას ოპოზიციის მიერ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წამოყენებულ ორ უმთავრეს მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„განიხილავთ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარებას თქვენს ქვეყანაში? განიხილავთ თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლებას?“ - რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა:

„პოლიტიკოსობა იმუნიტეტი არ არის. თუკი პოლიტიკოსი კრიმინალს ანდა უკანონო ქმედებას ჩაიდენს, ის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი უნდა იყოს ამისთვის. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გავათავისუფლოთ თუ არა, ანდა როდის, როგორ გავათავისუფლოთ პატიმრები. ეს არის კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის გადასაწყვეტი - დააპატიმროს თუ გაათავისუფლოს ვინმე.

ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი - უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს კონსტიტუციაში ნათლად წერია. ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, OSCE/ODIHR-მა და ყველა საერთაშორისო მეთვალყურემ აღიარა ეს არჩევნები როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული და ამიტომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება“ .

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის“ (OSCE/ODIHR) ანგარიშში 2020 წლის არჩევნებთან მიმართებით ნათქვამია, რომ ის იყო კონკურენტული და დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ტექსტში გამოყენებული არ არის უმაღლესი შეფასება - „თავისუფალი და სამართლიანი“.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ერთობლივი პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ პოლიტიკურ დიალოგზე საუბარისას, ირაკლი ღარიბაშვილმა მასთან გამოხატა მზაობა შეთანხმების გარშემო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და იგივე მოეთხოვება ოპოზიციასაც. მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი „არ ეხმარება ფუნქციურ დემოკრატიას“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონი მომავალ დღეებში წარადგენს კონკრეტულ შეთავაზებას მხარეებისთვის და კომპრომისი საჭირო იქნება ყველასათვის მისაღები საერთო შედეგის მისაღწევად.

რას ლაპარაკობენ ევროკავშირში

ევროკავშირის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს ანონიმურად უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, გუშინდელის მსგავსად, დღესაც შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც პირადად კურირებს პოლიტიკურ დიალოგს და მან ამისთვის თბილისში პირადი წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონიც გამოაგზავნა.

ამავე წყაროს ცნობით, ღარიბაშვილისა და მიშელის გუშინდელი საუბარი შეფასებული იყო როგორც „ძალიან რთული“.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით:

  • პრეზიდენტ მიშელის თბილისში ვიზიტის ფარგლებში 1 მარტს შედგა შეთანხმება, რომ მხარეთა მოლაპარაკებები წარიმართება 5 ძირითადი საკითხის გარშემო და ესენია: სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, მომავალი არჩევნები და ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში;
  • დისკუსია გაგრძელდება და კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში მხარეებს წარუდგენს კონკრეტულ წინადადებებს წინააღმდეგობათა გადალახვის მიზნით;
  • დანიელსონი საქართველოში სამუდამოდ“ ვერ დარჩება, მაგრამ მისი ვიზიტი სავარაუდოდ გაგრძელდება შეთანხმების მიღწევამდე;
  • პოლიტიკურ მოთამაშეებს მოეთხოვებათ კონსტრუქციულობა, რადგან დრო არ ითმენს და ქართველი ხალხი თავს ვერ მისცემს პოლიტიკური კონფლიქტის ფუფუნების უფლებას;
  • პოლიტიკური ენერგია მიმართული უნდა იყოს პანდემიასთან ბრძოლისკენ, მისგან გამოწვეული სიციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრისკენ და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გეოსტრატეგიულად რთულ რეგიონში.

ოპოზიცია 16 მარტს მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა შეხვედრას კრისტიან დანიელსონთან. იყო ვარაუდი, რომ პაუზა ბრიუსელში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა, სადაც პოლიტიკურ დიალოგზე საუბარი პრემიერ ღარიბაშვილს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უწევდა.

ეს პროცესი 15 მარტს, შარლ მიშელთან ორეტაპიანი და რამდენიმესაათიანი საუბრით გაიხსნა. ამ შეხვედრის პარალელურად, თბილისში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კრისტიან დანიელსონს ხვდებოდნენ.

16 მარტს, ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის გახსნამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეპ ბორელს პირისპირ დიალოგის ფორმატშიც შეხვდა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

საუბრისას ხაზი გაესვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. კვლავაც დავადასტურე ჩვენი ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის და იმედი გამოვთქვი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს.

დაძაბული ფონი თბილისში

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ პოზიციების დაახლოების რეალური შანსი არსებობს და ეს უნდა გაკეთდეს იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ლიდერები დანაშაულებრივი წარსულის მქონე პირები არიან.

კობახიძემ პიროვნულად დაასახელა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა; ხოლო დადანაშაულებული პარტიების მისეული ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია:

„პარტიები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი დანაშაულებრივი წარსულით, ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ: „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ არის მისი განშტოება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება...

ეს ყველა არის ერთი პარტიის სხვადასხვა განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი ეს პოზიციები... „ლელო“ დამავიწყდა, ისიც იყო ერთგვარი განშტოება „ნაცმოძრაობის“, რადგან ერთად არეკეტებდნენ თავის დროზე ბიზნესს“.

კობახიძემ ამავე ბრიფინგზე ოპოზიციას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების გაყალბებაშიც დასდო ბრალი.

ირაკლი კობახიძისგან ასეთი ხისტი რიტორიკა და კრიმინალების იარლიყის მიკვრა არ უკვირთ ოპოზიციაში. თუმცა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე რთული და შრომატევადი დიალოგის პროცესში კობახიძის განცხადებებს ოპოზიცია სწორედ ამ პროცესის ჩაშლის მცდელობად განიხილავს.

უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა 16 მარტს, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მოუწოდა ოპოზიციას, რომ შეწყვიტოს ბოლო თვეების მცდელობა - „მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი“, აღიაროს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არა მათი, არამედ „ქართული ოცნების“ მხარესაა და დაუბრუნდეს პარლამენტს.

„პრემიერის მიმდინარე ვიზიტი ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისთვის.

ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზარალებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხისტი რიტორიკა მოწინააღმდეგის წყობიდან გამოყვანასა და შემდეგ უკვე, პროცესის ჩაშლის მისთვის გადაბრალებას ემსახურება.

„ხელისუფლების ამოცანა არასოდეს ყოფილა შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასთან, მაგრამ თან არ უნდათ, რომ ევროკავშირთან აერიოთ რაღაცა... ამიტომ ცდილობენ იმ მოცემულობის შექმნას, როცა მოლაპარაკებების ჩაშლა დაბრალდება მეორე მხარეს.

შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე წითელი ნაჭრის აფრიალება, რისი საკმაოდ კარგი ოსტატიც არის კობახიძე, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. იქნებ გამოიყვანოს ოპოზიცია წყობიდან, დააშვებინოს შეცდომა და მერე გაიშვიროს თითი, რომ აი, ესენი არიან არაკონსტრუქციულები“, - გვეუბნება გია ხუხაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG