"ქართული ოცნების" წევრი პარლამენტში, გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, ვის და რატომ უწოდა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრიმინალები ოპოზიციაზე საუბრისას. გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა კრიმინალებად მოიხსენია.
"ირაკლი კობახიძემ კი არ უწოდა კრიმინალები, ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომ ვინ მიგაჩნიათ თქვენ კრიმინალებადო. ნუ, ირაკლი კობახიძემ ახსნა ის, რომ მას კი არ მიაჩნია, [არამედ] ქართულ მართლმსაჯულებას. რომელ პირზეც არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ეს აღარ არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, შეგიძლია თქვა, რომ ის არის კრიმინალი", - თქვა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, სწორია თუ არა მსგავსი ტერმინოლოგიით საუბარი დიალოგის დროს, დეპუტატი ასე პასუხობს:
"სწორი არის ის, რომ კითხვას როცა სვამთ ჟურნალისტები, ჩვენ ვალდებულები ვართ, ამომწურავი პასუხები გავცეთ და ეს გააკეთა ირაკლი კობახიძემ".
გუშინ ირაკლი კობახიძემ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ოპოზიციონერი ლიდერების კრიმინალობაზე დაიწყო საუბარი:
"ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში და არა პოლიტპატიმრები".
მისი თქმით, სასამართლოებმა ამ საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს:
"ისინი არიან აღიარებული დამნაშავეები, თუმცა რჩებიან პოლიტიკაში, რაც არის სისტემური პრობლემა ქართული პოლიტიკისთვის".