Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ


გია ნოდია
გია ნოდია

მმართველი პარტია „რუსული კანონის“ გასამართლებლად იყენებს ილიას სიტყვებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“.

სინამდვილეში, ხელისუფლება ილიას ამ მოწოდების საწინააღმდეგოდ იქცევა. ილიას ნამდვილი მემკვიდრე დღევანდელ საქართველოში ის ხალხია, ვინც „რუსულ კანონს“ და, ზოგადად, მთავრობის რუსულ პოლიტიკას აპროტესტებს.

ეს ბევრისთვის სრულიად ცხადია. მაგრამ მხოლოდ ამის თქმა საკმარისი არ არის. საჭიროა იმაზე მსჯელობაც, კონკრეტულად რას ნიშნავს ილიას ფორმულირებული პრინციპი დღეს.

ილია - ლიბერალი და ნაციონალისტი

ამ ფორმულაში, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, ორი - ეროვნული და პიროვნული დონე უნდა გავარჩიოთ.

იმ კონტექსტში, რაშიც ილიამ ეს სიტყვები თავის პერსონაჟს ათქმევინა, ის გულისხმობს ეროვნულ დამოუკიდებლობას, იმას, რასაც „ეროვნულ თვითგანსაზღვრას“ ან „თვითგამორკვევას“ უწოდებენ.

მაგრამ ამ ხედვის ძირშია აზრი, რომ საკუთარი თავი პიროვნებასაც, ინდივიდსაც უნდა „ეყუდნეს“. ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის ევროპული ლიბერალური ნაციონალიზმის კლასიკური წარმომადგენელია, ანუ ერთდროულად ლიბერალიც არის და ნაციონალისტიც. პიროვნული და ეროვნული თავისუფლების იდეები ერთმანეთზეა გადაბმული.

„ქართული ოცნება“ ილიას მემკვიდრეობის ორივე ამ ნაწილს უპირისპირდება. მან, თავის სატელიტებთან ერთად, სიტყვა „ლიბერალი“ სალანძღავ სიტყვად აქცია - ზუსტად ისევე, როგორც ამ სიტყვას ილიას ოპონენტები მის სიცოცხლეში იყენებდნენ მის გასალანძღად.

ილიასთან ღია კონფლიქტი მთავრობის იდეოლოგებს ეუხერხულებათ, ამიტომ ისინი სიტყვა „ლიბერალს“ ხანდახან ზედსართავებს, „ფსევდოს“ ან „ეგრეთ წოდებულს“ წარუმძღვარებენ. მაგრამ ეს პრიმიტიული „ტრიუკია“: „ქართული ოცნება“ ებრძვის სწორედ ლიბერალიზმის ძირეულ იდეებს: პიროვნების თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლის უზენაესობას.

კერძოდ, „რუსული კანონით“ ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის საკუთარი აზრის ქონის და დაცვის უფლებას. დამოუკიდებელი აზრის არსებობას, ადამიანის ნებისა და გამბედაობის გარდა, სჭირდება ასპარეზი, რომელთაც გარკვეული ინსტიტუტები ქმნის; უპირველეს ყოვლისა, ასეთია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო გაერთიანებები. „რუსული კანონი“ პირველ რიგში იმიტომაა რუსული, ანუ პუტინისტური, რომ ამ ინსტიტუტებს ემტერება.

ილია ჭავჭავაძემ და მისმა თაობამ დაგვიტოვა არა მარტო მნიშვნელოვანი ტექსტები, არამედ ინსტიტუციური ტრადიციები. „ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ ებრძვის ტრადიციას, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით, „ცისკრით“ და „საქართველოს მოამბით“ იწყება.

გზა რუსული სამყაროსკენ

რაც შეეხება ნაციონალიზმს, აქ, ერთი შეხედვით, სხვაგვარადაა საქმე. გარეგნულად, ხელისუფლება იცავს სუვერენულ უფლებას, არ დაემორჩილოს გარედან (ევროკავშირიდან) მომდინარე რეკომენდაციებს. ეს ხომ ნაციონალიზმის პრინციპია?

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნაციონალიზმი არალიბერალურიც შეიძლება იყოს და ხშირად არის. ავტორიტარული რეჟიმებიც იბრძვიან ეროვნული სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ამიტომ თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის ილიასგან მომდინარე ლიბერალურ ტრადიციას, მაგრამ აგრძელებს მის ნაციონალიზმს.

მაგრამ მხოლოდ თეორიულად. სინამდვილეში, ეს ივანიშვილის კიდევ ერთი „ტრიუკია“: მისი რეჟიმი ისევე არ არის ქართულ-ნაციონალისტური, როგორც არ არის ლიბერალური.

ამის დასაბუთება უფრო კონკრეტულ მსჯელობას მოითხოვს. ერის თვითგანსაზღვრა ზოგადი პრინციპია, მაგრამ მისი განხორციელება მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტშია შესაძლებელი.

ნებისმიერი ქვეყანა სუვერენულია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მის სუვერენიტეტს სხვები აღიარებენ და, მეტიც, პოლიტიკურად მხარს უჭერენ. თუ მართლა გვინდა, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, სუვერენიტეტის პოლიტიკური საფუძვლების გამყარებაზე უნდა ვიზრუნოთ.

ეს ნიშნავს აღიარების და მხარდაჭერის მოპოვებას მათგან, ვისაც ასეთი აღიარება და მხარდაჭერა უნდა და შეუძლია. ჩვენს პირობებში, ეს დასავლეთია. თავად ეს პრინციპი, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, გავიგებთ მას ერის თუ პიროვნების დონეზე, ევროპულია. ჩვენთვის მისი რეალიზაცია მხოლოდ დასავლურ წესრიგშია შესაძლებელი, რისი კონკრეტული გამოხატულებაც დღეს ნატო და ევროკავშირია.

ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და აქამდე შეინარჩუნა, ქართველი ერის ძალისხმევასთან ერთად, დასავლეთის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერის შედეგია.

ყველა მოაზროვნე ქართველ პატრიოტს ეს ყოველთვის ესმოდა; ამიტომაა დასავლეთზე ორიენტაცია ქართული პოლიტიკური ნაციონალიზმის ღერძი. ესაა თერგდალეულების ტრადიციის არსიც, თუმცა, ცხადია, ილია ჭავჭავაძე ევროკავშირსა და ნატოზე ვერ ილაპარაკებდა.

პირიქით, ევროპულ წესრიგზე უარის თქმა ნიშნავს, ჩვენი თავი ჩვენადვე აღარ გვეყუდნეს. სამყაროს ჩვენს ნაწილში მთავარი ალტერნატიული ძალა რუსეთია, რომლისთვისაც ეს პრინციპი გაუგებარი და მტრულია.

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილის უკიდეგანო სიბრძნის წყალობით ჩვენ წარმატებით დავაბალანსებთ დასავლეთს, რუსეთს, ჩინეთს, თურქეთს და კიდევ არ ვიცი ვის და ამ გზით ჭეშმარიტ სუვერენიტეტს შევინარჩუნებთ. მაგრამ ეს ან შეგნებული ტყუილია, ან თავის მოტყუება.

ასეთი ბალანსის თამაშების უფლება თავს შეიძლება მისცეს შედარებით დიდმა სახელმწიფომ, როგორიცაა, მაგალითად, თურქეთი. საქართველოსთვის ეს, სულ მცირე, მომაკვდინებელი საფრთხის შემცველია. დასავლურ წესრიგში ჩაწერის რეალური ალტერნატივა რუსეთის სატელიტობაა.

„რუსული კანონი“ ობიექტურად გვაახლოებს რუსეთის სატელიტის მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თავი ჩვენადვე აღარ გვეყუდნის. ეს კანონი „რუსულია“, იმიტომ რომ ის ანტიეროვნულია.

„აბა ცალ ფეხზე ხომ არ ვიდგებით?“

„ცალ ფეხზე დგომა“, უფრო სწორად, არდგომა „ოცნების“ საყვარელი მეტაფორა გახდა. მისი შინაარსი ისაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოდის და ხელისუფლება მათ გმირულად უმკლავდება.

დგას თუ არა ამის უკან რამე რეალური პრობლემა? რაღაც დონეზე, კი. როგორც ორი ახლობელი ადამიანის აზრი ერთმანეთს ყოველთვის არ დაემთხვევა, ასევე შეუძლებელია, ქვეყნის წარმოდგენა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე სრულად დაემთხვეს სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნების მოსაზრებებს.

მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმული უკრაინის მთავარი მოკავშირე დასავლეთია. მაგრამ მისი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ცალ ფეხზე მდგომი კაცის შთაბეჭდილებას არაფრით ტოვებს. უკრაინის მთავრობა ხშირად და ხმამაღლა აკრიტიკებს დასავლეთს, ძირითადად იმისთვის, რომ მისი მხარდაჭერა არასაკმარისია. ეს სრულიად ნორმალური პოლიტიკური პროცესია.

დასავლურ პოლიტიკურ წესრიგში ჩაწერა არ ნიშნავს ვინმეს მითითებების უსიტყვო შესრულებას. საკითხის ასე წარმოჩენა პროპაგანდისტული ტყუილია.

მაგრამ ევროპული წესრიგის ნაწილად ყოფნა ნამდვილად მოითხოვს მის საფუძვლად მყოფი ელემენტარული ნორმების დაცვას. პირველ რიგში, ეს დემოკრატიის და ადამიანთა უფლებების ძირითადი პრინციპებია.

ქართველი ხალხისთვის, ამ წინაპირობების დაცვა სულაც არ არის „ცალ ფეხზე დგომა“: პირიქით, ეს ღირსეული ცხოვრების საწინდარია. მაგრამ ივანიშვილისთვის ეს მიუღებლად მაღალი საფასურია, რადგან რეალური დემოკრატიის პირობებში მას არა აქვს ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის გარანტია.

ამიტომაა, რომ „ოცნების“ იდეოლოგები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ოპოზიციის ლეგიტიმურ პოლიტიკურ მოთამაშედ ცნობის, პატიოსანი არჩევნების და სხვა ელემენტარული მოთხოვნების შესრულებას „ცალ ფეხზე დგომას“ უძახიან. მათი გადმოსახედიდან ასეცაა.

„ჩვენი თავები ბიძინას ეყუდნეს“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეალური პრინციპია „ჩვენი თავები ბიძინას ეყუდნეს“. მისი მთელი საქმიანობა ამ ადამიანის პირადი ინტერესების და ფანტაზიების დაცვაზეა მიმართული. როგორც დავინახეთ, ეს ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ილიას პერსონაჟის უკვდავ ფრაზასთან.

შეიძლება მითხრან, რომ ყველა მთავრობას უნდა ჰყავდეს ლიდერი, თუნდაც, როგორც ჩვენს შემთხვევაში, არაფორმალური (აწ უკვე ნახევრად ფორმალური). განა ადრეც ასე არ იყო? თანამდებობის პირები ხან ზვიადს „ეყუდნენ“, ხან ედუარდს, ხან მიშას. ახლა ბიძინას დროა. რა განსხვავებაა?

დიახ, ზოგადი პრობლემა არსებობს: ჩვენი მთავრობები (პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც) ზედმეტად იყვნენ და არიან ჩამოკიდებული ერთადერთ ლიდერზე. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც სრულფასოვანი დემოკრატია არასოდეს გვქონია.

მაგრამ განსხვავებებიც მნიშვნელოვანია. ყველა წინა მთავრობას ჰყავდა მორჩილი „აპარატჩიკები“, მაგრამ იყვნენ ადამიანებიც, ვისაც საკუთარი აზრი ჰქონდა და მის დაცვას არ ერიდებოდა. ივანიშვილმა ყველაზე ეფექტიანად გაწმინდა საკუთარი გარემოცვა ადამიანებისგან, ვისაც საკუთარი აზრი შეიძლება გააჩნდეს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება არცერთ მთავრობას არ უყვარდა, მაგრამ ისეთი ღია და სისტემური შეტევა მათზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, ჯერ არავის მოუხდენია.

მართალია, თანმიმდევრულად დემოკრატიული ხელისუფლება საქართველოს არასოდეს ჰყოლია, მაგრამ ყველა მთავრობა მეტ-ნაკლებად უწევდა ანგარიშს დემოკრატიული სამყაროს აზრს და ეს მის ავტორიტარულ ინსტინქტს ნაწილობრივ მაინც აკავებდა. „ქართული ოცნება“ პირველია, ვინც დასავლეთს დემონსტრაციულად ზურგს აქცევს და ამას სწორედ იმიტომ აკეთებს, რომ დასავლეთი ღია ავტორიტარიზმის რელსებზე გადასვლას უპროტესტებს.

„რუსული კანონი“ ორგვარად უპირისპირდება ილიას მემკვიდრეობას. ის ებრძვის ქართული სამოქალაქო საზოგადოების ტრადიციას, რომელიც ილიადან და თერგდალეულებიდან მოდის; ის სულიერად და პოლიტიკურად გვაბრუნებს რუსულ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევის პირველი ნაბიჯები ილიამ და მისმა თაობამ გადადგა. „ქართული ოცნება“ ილიას და მისი მემკვიდრეობის მტერია.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG