მაშინ, როცა აზერბაიჯანში გრძელდება ეთნიკურ სომეხთა მიერ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით გამოწვეული ზეიმი, მრავალი მშობელი კვლავ ამაოდ ცდილობს, დაადგინოს 45-დღიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული თავიანთი შვილების ბედი.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ავტორიტარული ხელისუფლება დღემდე მკაცრად ასაიდუმლოებს ცნობებს ექვსკვირიანი ინტენსიური საომარი ოპერაციის განმავლობაში განცდილი დანაკარგის თაობაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე უგულებელყოფენ ჟურნალისტთა შეკითხვებს ცალკეული შემთხვევების შესახებ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზით“ მიღებულ ცნობებს კი ჯარისკაცების მშობლები და ახლობლები არ ენდობიან.
„თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ ის არ ირიცხება დაჭრილთა შორის“, - უთხრა აზერბაიჯანის ქალაქ შირვანის მკვიდრის, 21 წლის მებრძოლ იაჰია აბდინოვის ბიძაშვილმა, სადაი ტაგიევმა, რადიო თავისუფლებას.
„ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს. ერთმა პიროვნებამ გვითხრა, რომ ცოცხალია და სამსახურში იმყოფება. მეორე ამბობს, რომ ის ადგილზეა, სადაც მობილურის სიგნალი არ იჭერს და ამიტომ ვერ გირეკავთო. დაბნეულები ვართ. ვერ შევძელით ზუსტი ინფორმაციის მოპოვება“, - წუხს სადაი ტაგიევი.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ რამდენიმე ასეულ სამხედროს ჯერაც ეძებენ სომხეთშიც, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების დროს სულ მცირე 2400 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
„მოთმინებით ლოდინის“ რეჟიმში
არაოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ბრძოლების შედეგად დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, რომელთა ჩამოსვენება და დაკრძალვა გასაიდუმლოებულ ვითარებაში კვლავაც გრძელდება ბაქოს „წამებულთა ხეივანსა“ თუ აზერბაიჯანის სხვა სასაფლაოებზე.
მაგრამ სამხრეთ კავკასიის ამ სტრატეგიული ქვეყნის მაღალ ეშელონებში ზუსტად არავინ ამბობს, თუ რა სამხედრო დანაკარგი განიცადა ქვეყანამ მეზობელ სომხეთთან სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე 45-დღიან შეიარაღებულ კონფლიქტში.
ჟურნალისტების მხრიდან ცალკეული შემთხვევებისა და ჯარისკაცების შესახებ დასმულ შეკითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არიდებენ.
დაჭრილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ოჯახის წევრები და ნათესავები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან ბაქოში მდებარე ცენტრალური სამხედრო საავადმყოფოსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების წინ.
თავდაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ კი, ჭირისუფალთა თქმით, ინფორმაციას აგროვებენ და ჭირისუფალს ურჩევენ, მოთმინებით დაელოდოს პასუხს.
მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების დასრულების ორი კვირის თავზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად კვლავ ითვლება სულ მცირე ასამდე ჯარისკაცი, ბაქოს ქუჩებში არავინ გამოხატავს გაბრაზებას და უკმაყოფილებას.
„ამ პრობლემის გამო ჩვენთან მთავრობის მიმართ პროტესტი არ არის“, - პირდაპირ აცხადებს ბაქოელი ჟურნალისტი.
სამაგიეროდ, ბოლო კვირის განმავლობაში ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში ადამიანები მასობრივად ზეიმობენ მთიანი ყარაბაღის 45-დღიან ომში გამარჯვებას და ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას.
ბაქოს ცნობით, 27 სექტემბრიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი), ასევე ქალაქები: შუშა, ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი.
ბრძოლების დასრულების შემდეგ, ერთობლივი შეთანხმების თანახმად, 20 ნოემბერს, აზერბაიჯანს გადაეცა სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი, რომელსაც სომხური სამხედრო დანაყოფები 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდნენ.
25 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიამ უბრძოლველად აღადგინა კონტროლი სამიდან კიდევ ერთ, ქელბაჯარის, რაიონზე.
1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთისა და სეპარატისტული ანკლავის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე ბაქოსა და ერევნის მიერ სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომის დროს მეომარი მხარეები ცდილობენ, მცირედ წარმოაჩინონ საკუთარი და, პირიქით, გააზვიადონ მოწინააღმდეგის დანაკარგები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 23 ოქტომბერს განაცხადა, აზერბაიჯანის სამხედრო დაკანარგი ცოცხალი ძალის სახით 10 000 კაცს მიუახლოვდაო, რისი დადასტურებაც დამოუკიდებელი წყაროებით მას შემდეგ ვერაფრით ვერ მოხერხდა.
საომარი მდგომარეობის სახელით
აზერბაიჯანში, რომელიც მედიის თავისუფლების რეიტინგში 168-ე ადგილს იკავებს 180 ქვეყანას შორის, საბრძოლო დანაკარგებზე საუბარი ტაბუირებულია და მკაცრად არის გასაიდუმლოებული ხელისუფლების მიერ.
აზერბაიჯანში 28 სექტემბრიდან მოქმედებს საომარი მდგომარეობის კანონი, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოთხოვნით კიდევ უფრო შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საომარი კონფლიქტის გარშემო.
„აზერბაიჯანის საზოგადოება ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუში საბრძოლო დანაკარგების თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად.
დაღუპულ, დაჭრილ და დაკარგულ ჯარისკაცთა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მხრივ პრობლემა გაცილებით ნაკლებად დგას სომხეთში, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერ კიდევ ითვლება ასამდე ჯარისკაცი.
სომხეთის ხელისუფლება არ მალავს დაღუპულთა შესახებ ცნობებს. ოფიციალური ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების დროს სულ მცირე 2400 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასამდე ჯარისკაცი, რაც ცოტა ხნის წინ კვლავ გაიმეორა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც დასძინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს მოსახლეობას დაუმალოს სიმართლე.
„რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, მაგრამ მერე მათი ადგილსამყოფელი დავადგინეთ. ისინი დაბრუნდნენ და გაირკვა, რომ გარკვეული გარემოებების გამო მათ ვერ მოახერხეს დაჰკავშირებოდნენ ახლობლებს, მეგობრებსა და ოფიციალურ სტრუქტურებს. ასე რომ, გრძელდება ყველა ამ საკითხის დაზუსტების პროცესი, ტარდება დიდი სამუშაო, რათა დადგინდეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი ადგილსამყოფელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მთავრობის ამ განცხადების მიუხედავად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ, კვლავ მრავლად იკრიბებიან უკმაყოფილო და გაბრაზებული მოქალაქეები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები ხმამაღლა ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რომელიც პოლიტიკური პრესინგის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც იარაღის სროლის ხმა შეწყდა, ხოლო აზერბაიჯანმა კვლავ აღადგინა კონტროლი თავისი იმ ტერიტორიების თითქმის ორ მესამედზე, ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ რომ იმყოფებოდა 1993-94 წლებიდან.
სასოწარკვეთილი მშობლები 23 ნოემბერს ერევანში მდებარე რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობის წინ შეიკრიბნენ და მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსეთის მშვიდობისმყოფელი ბრიგადისგან ითხოვდნენ დახმარებას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და დაღუპულთა იდენტიფიცირების საქმეში.
დამსხვრეული იმედები
მაშინ, როდესაც მთიანი ყარაბაღის გარშემო გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიების საქმიანობა, კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად 23 ნოემბერს აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა.
ინციდენტის დროს დაშავდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარის წარმომადგენელი ოფიცერი და სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები.
გავრცელებული ცნობით, იმ დროს, როდესაც თართარის რაიონში რუსეთის იქ განთავსებული სამშვიდობო ჯარის წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი სამხედროები, ასევე ყარაბაღის დე ფაქტო საგანგებო ვითარებათა უწყებისა და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები ერთობლივი ძალით ეძებდნენ დაღუპულთა გვამებს, ნაღმი სოფელ მადაღიზთან აფეთქდა.
ეს, დაახლოებით, ის ადგილია, სადაც 21 წლის აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, როვშან ისმაილოვი, დაიღუპა ღამის საბრძოლო ოპერაციის დროს ოქტომბრის შუა რიცხვებში.
იგი მშობლებს ტელეფონით ბოლოს 12 ოქტომბერს ესაუბრა. აზერბაიჯანელი ჯარისკაცის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდნენ სამხედრო ნაწილშიც, სადაც ისმაილოვის მეგობრებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ მეთაურების ბრძანებით იგი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.
უძლური აღმოჩნდა, რაიმე გაეგო როვშან ისმაილოვის ადგილსამყოფლის შესახებ, მისი დეიდა, ხადიჯა ისმაილოვა, ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი და წარსულში რადიო თავისუფლების თანამშრომელი.
იგი მთელი თვის განმავლობაში ცდილობდა დახმარებოდა ძმას შვილის მოძებნაში. იმ იმედით, რომ ძმისშვილის ადგილსამყოფელს დაადგენდა, ხადიჯა ისმაილოვამ ხელი მიჰყო როვშანთან სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედროების ფოტოების შეგროვებას და გავრცელებას.
ხადიჯას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მათ მიერ გაზიარებული ფოტოებითა და ფრაგმენტული ინფორმაციებით გაირკვა, რომ როვშანთან ერთად მყოფი რამდენიმე ჯარისკაცის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებულია.
ოჯახმა როვშანის დაღუპვის ამბავი 19 ნოემბერს შეიტყო.
„ჩვენი ბიჭი, ჩვენი როვშანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეყვანილი აღმოჩნდა სხვა მებრძოლებთან ერთად. მათი ცხედრები სომხეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დარჩა მას შემდეგ, რაც დაღუპულთა გამოსაყვანად მიღებული ყველა ღონისძიება ახალი მსხვერპლით დასრულდა, ხოლო ერთი თვის თავზე, როცა ცეცხლი შეწყდა და დაღუპულთა ცხედრები იპოვეს, მათი უმრავლესობის ამოცნობა ერთბაშად შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან დახოცილებისთვის ცეცხლი წაუკიდებიათ და დაუწვავთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხადიჯა ისმაილოვამ.
როვშან ისმაილოვი მეორე დღეს ბაქოში მდებარე „შაჰიდების (წამებულთა) ხეივანში“ დაკრძალეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოცდაათწლიან ომში დაღუპული სხვა მებრძოლების გვერდით.