Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიქტიური ვაკანსიები საჯარო სკოლებში - რას ჰყვებიან მასწავლებლის ადგილის მაძიებლები


ლელა ბუხულეიშვილი
ლელა ბუხულეიშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ბუხულეიშვილმა 2 დეკემბერს ფეისბუკში დაწერა, რომ ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მას ვაკანსიაზე გაგზავნილი საბუთების უკან გატანა სთხოვა, უარის შემდეგ კი სახლში მიაკითხა. 

"დარეკვის შემდეგ საღამოს მეზობელი მეძახის, სკოლის დირექტორია მოსული შენთანო. მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. დირექტორი მეუბნება, რომ ჰყავს მოადგილე, რომელსაც სჭირდება ეგ საათები, რადგან დაბალი ხელფასი აქვსო", - აკანკალებული ხმით ჰყვება დირექტორთან საუბრის დეტალებს 36 წლის მასწავლებელი, რომელიც 2 წელია სამუშაოს ეძებს.

ვაკანსია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პოზიციაზე ბაღდათის სკოლამ ვებგვერდზე 26 ნოემბერს, შაბათს, ღამის 11:00 საათზე გამოაქვეყნა.

"...გამიზნულად, რათა მაქსიმალურად ცოტა ადამიანს ენახა, სამშაბათამდე ჰქონდა ვადა, 3 დღე სულ. განცხადებების მიღება ამოწურული არ იყო, მირეკავს ვიღაც ქალბატონი და მეუბნება, რომ დირექციის ერთ-ერთი წევრისთვის არის ეგ ვაკანსია გამზადებულიო. ესე იგი, არ მოვიდე-მეთქი? არა, CV გაიტანეო. მე მანდ მომსვლელი აღარ ვარ, მაგრამ CV-ს არ გავიტან-მეთქი, ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე", - იხსენებს ლელა ბუხულეიშვილი და არ ასახელებს სკოლას, იმ მიზეზით, რომ მისი ოჯახის წევრებს ყველა იცნობს და არ უნდა, მათ "უხერხულობა" შეექმნათ. თუმცა რომელ სკოლაზე იყო საუბარი და ასევე დირექტორის ვინაობა უთხრა მან განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა.

საბოლოოდ, ლელა ბუხულეიშვილმა CV არ გაიტანა და ფეისბუკზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ვაკანსიაზე განაცხადი წაშალეს, "ტექნიკური ხარვეზის გაპარვის მიზეზით". განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მას ურჩია, რომ იმავე სკოლაში ვაკანსიის ხელახალი გამოცხადების შემდეგ განაცხადი ისევ შეიტანოს და ადგილისთვის იბრძოლოს.

როცა ეს ამბავი პედაგოგმა ფეისბუკზე დაწერა, მას ათობით ადამიანი გამოეხმაურა, ყველა წერდა - მსგავსი რამ ჩვენც გადაგვხდაო.

განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხს სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს.

"სამინისტრო მომართვის საფუძველზე ინდივიდუალურად სწავლობს ყველა მსგავს შემთხვევას", - გვითხრეს უწყებაში.

როგორც ლელა გვიყვება, მას აქვს მაგისტრის ხარისხი და ჩაბარებული აქვს პროფესიული გამოცდა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ რეპეტიტორია.

ბუხულეიშვილი ასევე გვეუბნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ბაღდათის სკოლაში ეუბნებიან - ვაკანსია მხოლოდ ფორმალურად არსებობს, რეალურად კი ამ ადგილზე კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ.

"ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნის შემდეგ, სკოლის დირექტორმა დამირეკა და მითხრა, რომ ამ საათებისთვის 2 მოქმედი მასწავლებელი იბრძვის და შენ გინდა მოდი გასაუბრებაზე, გინდა არაო. ფორმალობაა-მეთქი? შენ როგორც გინდა, ისე გააკეთეო. მე მაინც მივედი. გასაუბრებამ ერთი შეხედვით კარგად ჩაიარა. სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა ონლაინ. რამდენიმე აპლიკანტი ვიყავით გასაუბრებაზე, რომლებიც არ ვართ მოქმედი მასწავლებლები და მაინც მოქმედი მასწავლებლები დანიშნეს იმ საათებზე", - ამბობს ლელა ბუხულეიშვილი.

ლელას ამ პოსტს ფეისბუკზე ათობით ადამიანი გამოეხმაურა, ისინი წერდნენ, რომ მსგავსი რამ მათაც გადახდათ.

ბაჩო ახალაძე ერთ-ერთია, რომელმაც ლელა ბუხულეიშვილის პოსტის ქვეშ დაწერა, ერთი წლის წინ მეც იგივე დამემართაო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ჰყვება, რომ 2021 წლის აგვისტოში ოზურგეთის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ გასაუბრებაზე მისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვაკანტური ადგილი სხვისთვის იყო.

"რომელი სკოლა იყო, ვერ ვიხსენებ, რადგან ბევრ სკოლაში ვაგზავნიდი იმ პერიოდში. ჯერ გამომკითხა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ვაკანსია, როგორ ვივლიდი ასე შორიდან - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ოზურგეთში. როცა ვუთხარი, ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო, მითხრა ამ პოზიციაზე ერთ-ერთ ჩემს უახლოეს ნათესავს აქვს შემოტანილი და იქნებ თავი შეიკავოთ და არ გამოცხადდეთო", - ჰყვება ისტორიის მასწავლებელი. ახალაძეს მაშინ არ უჩივლია, რადგან როგორც ამბობს, სხვა სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებაზე სასამართლო დავა ჰქონდა დაწყებული და არ ეცალა.

"სკოლის სახელს ვერ გეუბნებით, რადგან ჩემი ნაცნობი მუშაობს და პრობლემები შეექმნება. თბილისის ერთ-ერთმა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია მასწავლებლის პოზიციაზე და ძალიან გამიხარდა, რადგან ამ სკოლაში ჩემი მეგობარი ასწავლიდა და ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, მაგრამ მეგობარმა მითხრა, რომ, სამწუხაროდ, ფორმალური ვაკანსია იყო. ანუ, არავინ არ აჰყავდათ,.. უბრალოდ გამოაცხადეს", - ამბობს ბიოლოგი მარიამ ბედუკაძე. მას ბაკალავრისა და მაგისტრატურის სწავლის საფეხურზეც ბიოლოგია აქვს დამთავრებული. ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაც.

ბევრი მცდელობის შემდეგ 26 წლის მარიამმა მოტივაცია დაკარგა.

"საბოლოო ჯამში გული ამიცრუვდა და აღარ ვაგრძელებ მასწავლებლის ვაკანსიების ძებნას. ძალიან ბევრი არაკომპეტენტური კადრი არის სკოლებში, ჩემი აზრით. განა იმიტომ ვამბობ, რომ მე მინდა მასწავლებლად მუშაობა სამომავლოდ. ზოგადად მინდა, შეიცვალოს სკოლებში და განათლების სისტემაში რაიმე", - ამბობს მარიამ ბედუკაძე.

ლელა ბუხულეიშვილის პოსტის შემდეგ სოციალურ ქსელში დაინტერესდნენ, რა საჭირო იყო საბუთების გატანის თხოვნა ან მოთხოვნა, როცა სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია არასასურველი განაცხადი უბრალოდ გვერდით გადადოს.

სკოლის დირექტორების ასეთი ქმედების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მასწავლებელთა პოზიციაზე გამოცხადებული ყველა ვაკანსია teachers.gov.ge-ზე ქვეყნდება. საიტი განათლების სამინისტროს ეკუთვნის, შესაბამისად უწყება ხედავს, თუ რამდენი განაცხადი შევიდა ამა თუ იმ სკოლის გამოცხადებულ ვაკანსიაზე. გარდა ამისა, გასაუბრებების ნაწილს 2022 წლიდან სამინისტროს წარმომადგენელი ესწრება და კვალიფიციური კადრის შემთხვევაში სკოლა იძულებულია არასასურველი აპლიკანტის არსებობა გაითვალისწინოს.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG