რესტორატორების თქმით, სამუშაო კადრების სიმწირე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, როდესაც როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მოიმატა და შესაბამისად, გაიზარდა რესტორნებისა თუ კაფე-ბარების დღიური დატვირთვაც.
„მზად ვარ, მეც ვიმუშავო მიმტანად“
მერიკო გუბელაძე, რესტორატორი და შეფ-მზარეული, რომელსაც ამ სფეორში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს, 15 ივლისს ახალ რესტორანს ხსნის. რესტორნის სრულყოფილად მუშაობისათვის 10-ზე მეტი მიმტანი სჭირდება, თუმცა, იმის გამო, რომ დასაქმების მსურველები ვერ იპოვა, რესტორანს მხოლოდ ორი მიმტანით და შესაბამისად, ეტაპობრივად გახსნის:
„ჯერ ერთ სივრცეს გავხსნით. შემდეგ, როცა დამატებით მიმტანებს ვიპოვით, მეორე სივრცეს ავამუშავებთ. სხვა გზა არ არის. მზად ვარ, თუ საჭირო იქნება, მეც ვიმუშავებ. გუშინ ამაზეც შევთანხმდით. კარგა ხნის წინ გამოვაცხადეთ ვაკანსიები სხვადასხვა დასაქმების საიტზე, პერიოდულად ვწერ ჩემს პირად გვერდზეც, სოციალურ ქსელში, რომ გვჭირდება მიმტანები, მრეცხავები, დამლაგებლები, ყველას ვეკითხები ირგვლივ, მაგრამ მსურველები ვერ ვიპოვეთ. საქმეს ისიც ართულებს, რომ საკურორტო სეზონი დაემთხვა - აჭარის, ბაკურიანის სეზონი და როგორც ჩანს, იქითაც ბევრი კადრი წავიდა“.
თუმცა, მერიკო გუბელაძის დაკვირვებით, მხოლოდ საკურორტო სეზონი არ არის სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტის მიზეზი. ის დარწმუნებულია, რომ ამ სფეროში დასაქმების მსურველთა სიმწირე მოსახლეობის უცხოეთში გადინებამ, მიგრაციამ გამოიწვია. მერიკო გუბელაძე ამბობს, რომ საქართველოს სწორედ იმ ასაკის მოსახლეობა ტოვებს, რომლებსაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი და პერსპექტივა აქვს:
„ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ სფეროში მხოლოდ ახალგაზრდები ეძებენ სამსახურს. შედარებით ასაკიანებს თითქმის ვერ ნახავ. არადა, ევროპაში 60 წელს მიღწეული უამრავი მიმტანი მუშაობს და ეს კულტურა ძალიან მისასალმებელია, რადგან მათ ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ, უკეთ მუშაობენ და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ჩვენთან რატომღაც ეს არ არის მიღებული და უფრო ახალგაზრდულ სამუშაოდ ითვლება. ახალგაზრდები კი საქართველოდან გარბიან“.
მერიკო გუბელაძისთვის მიუღებელია არგუმენტი იმის შესახებ, რომ რესტორნებისა თუ კაფე-ბარების მფლობელელი, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ ვერ პოულობენ საჭირო რაოდენობის კადრებს, რომ ისინი დასაქმებულებს მიზერულ ხელფასს უხდიან. ის ამბობს, რომ მის რესტორანში მიმტანების ხელფასი ე.წ. სამადლობელის, ანუ „თიფის“ ჩათვლით, თვეში 3000 ლარამდე ადის:
„ბევრი იყენებს ამას არგუმენტად და ნიშნის მოგებით გვეუბნებიან, გადაიხადეთ მეტი და მოვა მეტი. ეს არგუმენტი არ არის. დიდ რესტორნებში მიმტანებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ. თვეში 3000 ლარი მიმტანისთვის, მგონია, რომ ძალიან კარგი ხელფასია. ჩემს რესტორანში ასეთი ანაზღაურება აქვთ მიმტანებს. ცხადია, რაც უფრო გამოცდილია მიმტანი, მით მეტი გამოსდით ხელფასი, თავისი სამადლობელის ჩათვლით, რადგან უკეთ იციან, როგორ მოემსახურონ სტუმარს, როგორ გაუღიმონ. ყველა დეპარტამენტში იგივე პრობლემა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ხელფასთან, კადრების დეფიციტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, მიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუკი ვინმეს უნდოდა ხელის განძრევა და მუშაობა, ყველა წავიდა“.
მერიკო გუბელაძე არც იმას გამორიცხავს, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში, სარესტორნო ბიზნესში არსებულმა სირთულეებმა, როდესაც ამ სფეროს წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, სრულად გაჩერება და თანამშრომლების ნაწილის სამსახურიდან დათხოვნა მოუწიათ, კადრების ხელახლა მოზიდვის პრობლემები შეუქმნა:
„პანდემიამდე, 2017, 2018, 2019 წლებში, აბსოლუტურად განსხვავდებოდა ბაზარზე კადრების ხარისხი და რაოდენობა. იმ წლებში ვითხოვდით გამოცდილ კადრს და პრობლემა არ გვქონდა, უამრავი მსურველი მოდიოდა. მაგრამ პანდემიის შემდეგ, სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან იმ პერიოდში, რაკი ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს სფერო და აქ დასაქმება ძალიან არასტაბილური აღმოჩნდა, მათ იპოვეს სხვა საარსებო საშუალებები და იქ დარჩნენ. ხანდახან ვხუმრობთ, ალბათ ცოტა ხანში, თვითმომსახურებაზე გადავალთ. გამოვიტანთ სამზარეულოდან კერძებს, დავალაგებთ, სტუმრები კი თავად წაიღებენ“.
„პანდემიისას მიღებულ უაზრო გადაწყვეტილებებზე, მაშინაც და დღესაც, ბიზნესი აგებს პასუხს“
სწორედ კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაჩენილ პრობლემებს უკავშირებს კიდევ ერთი რესტორატორი თინა ვაშაკიძე დღეს, სარესტორნო სფეროში შექმნილ კადრების დეფიციტს.
ისევე როგორც საქართველოში არსებული რესტორნებისა თუ კაფე-ბარების პატრონების უმეტესობას, კოვიდ-პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების გამო, როდესაც თვეების განმავლობაში სარესტორნო სფერო თითქმის სრულად იყო გაჩერებული, თუ არ ჩავთვლით ე.წ. გატანის სერვისს, თინასაც მოუწია, რომ იმ 10 თანამშრომლიდან, რომლებსაც ის თავის პატარა რესტორანში ამუშავებდა, ნახევარზე მეტი დაეთხოვა. გაჩერებული ბიზნესის გამო თინამ მათთვის ხელფასის გადახდა ვეღარ მოახერხა.
თინა ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში, სარესტორნო სფეროდან კადრების სერიოზული გადინება მოხდა, მათი ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილმა კი საერთოდ პროფესია შეიცვალა:
„დღეს ბევრი ახალი სასტუმრო თუ რესტორანი იხსნება და კადრები აღარ გვყავს. პანდემიის დროს რესტორატორებმა საჯაროდ ბევრი ვისაუბრეთ დახმარების აუცილებლობაზე, სუბსიდიებზე, უსაფუძვლო შეზღუდვების მოხსნაზე, თუმცა არავინ მოგვისმინა, შედეგად კი მივიღეთ ეს სიტუაცია. სამი წლის წინ მიღებულ უაზრო გადაწყვეტილებებზე, მაშინაც და დღესაც, ბიზნესი აგებს პასუხს. ხელფასის სიმცირე არ არის დღეს მთავარი მიზეზი სარესტორნო სფეროში კადრების ნაკლებობის, მთავარი არის არასტაბილურობის შეგრძნება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შეზღუდვების გამო სასწავლო პროფესიული დაწესებულებები ვერ მუშაობდნენ და შესაბამისად, გამოშვებაც არ ჰქონიათ ამ წლებში“.
თინა ვაშაკიძე სარესტორნო სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზას მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ ხედავს. მით უმეტეს, რომ მისი თქმით, გარდა, კადრების სიმწირისა, ამ სფეროში პროფესიონალი კადრების დეფიციტიცაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანაში სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების ხარისხი ძალიან დაბალია:
„სარესტორნო სფეროში კარგი და ხარისხიანი განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად მოდიან გასაუბრებაზე ახალგაზრდები, დამთავრებული აქვთ პროფესიული სასწავლებელი, თუმცა, თვითონაც აღნიშნავენ, რომ წლები დაკარგეს და ფაქტობრივად, თავიდან, პრაქტიკაში ვასწავლით ყველაფერს“.
„სანამ მიმტანობა პროფესიად არ გადაიქცევა“...
შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი თვლის, რომ სანამ სარესტორნო სფეროში არსებული პოზიციები, იქნება ეს მიმტანი, მენეჯერი თუ მზარეული ამ სფეროში დასაქმების მსურველთათვის პროფესიად და შემოსავლის ძირითად წყაროდ არ გადაიქცევა, მანამდე, ამ ბიზნესში, მით უმეტეს, მზარდი მოთხოვნის პირობებში, მუდმივად იქნება კადრების დეფიციტის პრობლემა.
სწორედ ამიტომ, შოთა ბურჯანაძეც თვლის, რომ ამ სფეროს განსავითარებლად და პროფესიული კადრების მოსამზადებლად, სახელმწიფომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს:
„ამ გამოწვევის მოგვარებაში ჩვენ სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. თუკი ჩამოთვლილი სამუშაო ადგილები პროფესიებად არ გადაიქცევა, თუკი არ შეიქმნება ის სასწავლებლები, რომლებიც ადამიანებს მისცემენ საშუალებას, რომ განათლება მიიღონ და იცოდნენ, რომ ეს სამუშაო ადგილები მათთვის დროებითი სამუშაო კი არა, არამედ მათი პროფესიაა, რომლითაც შეუძლიათ არჩინონ ოჯახები, მაშინ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. იმ კადრებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პროფესიონალიზმი, ცხადია, ექნებათ შესაძლებლობა და მოლოდინი, რომ ისინი თავიანთი საქმისთვის ე.წ. რანერის, გამოუცდელი მიმტანისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. თუმცა, აქვე ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღეს არც სრულიად ახალბედა მიმტანების ანაზღაურებაა დაბალი. მათი შემოსავალი თვეში მინიმუმ 800 ლარია და პლიუს ე.წ. სამადლობელი. რაც შეეხება გამოცდილ კადრებს, მაგალითად მიმტანების თვიური შემოსავალი 2500-3000 ლარში მერყეობს“.
შოთა ბურჯანაძის თქმით, სარესტორნო ბიზნესში გაჩენილმა კადრების დეფიციტმა გამოიწვია ისიც, რომ იქ დასაქმებულებს, ნაცვლად 40-საათიანი სამუშაო კვირისა, შესაძლოა გაცილებით მეტი დატვირთვით მოუწიოთ მუშაობა, რაც ხანგრძლივ პერიოდში მათ ჯანმრთელობასა და მუშაობის ხარისხზე ნეგატიურად აისახება:
„დამატებითი სამუშაოს შემთხვევაში, ცხადია, თანამშრომლებს ეძლევათ დანამატიც, მაგრამ ეს დანამატი გამოსავალი ვერ იქნება. როდესაც სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულთა გრაფიკზე ვლაპარაკობთ, იქ, სადაც მაგალითად, ხუთი ადამიანი უნდა მუშაობდეს, მუშაობს სამი. იქ სადაც 10 უნდა მუშაობდეს, მუშაობს შვიდი. შესაბამისად, დატვირთვა იზრდება და ამიტომაც შემოვკარით ზარები, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი გახანგრძლივდება ამ დატვირთვით, უკვე პრობლემა შეექმნება პროფესიონალ მიმტანებსაც და სამზარეულოსაც, რადგან ამ დატვირთვას ისინი დიდხანს ვეღარ აიტანენ. გარდა ამისა, ამ ადამიანებს სჭირდებათ შვებულებებიც. ადამიანი შვებულების გარეშე მთელი წელი ვერ იმუშავებს“.
„მიმტანობა მხოლოდ საჭმლის მიტანა არ არის“
42 წლის ზურა დათიაშვილი 20 წელია მიმტანად მუშაობს. ეს საქმე უკვე მისი პროფესიაა, რაც შესაბამის ანაზღაურებაშიც აისახება. სწორედ ამიტომ, როდესაც პანდემიის გამო სარესტორნო ბიზნესი გაჩერდა, არ უფიქრია, რომ ამ საქმიანობისთვის თავის დაენებებინა. თუმცა, ამბობს, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში, არაერთმა მისმა კოლეგამ დატოვა სარესტორნო სფერო და სხვა საქმიანობას მოჰკიდა ხელი. ამიტომ ფიქრობს, რომ დღეს, სარესტორნო ბიზნესში გაჩენილი კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ჯერ კიდევ პანდემიისას წარმოქმნილი პრობლემებიდან გამომდინარეობს:
„მარტო ჩემს გარშემო, დაახლოებით ხუთმა ადამიანმა დაანება ამ საქმეს თავი. უმუშევრები ხომ ვერ დარჩებოდნენ, ამიტომ სხვა საქმე გამონახეს. ზოგმა მალიარობა ისწავლა, ზოგი ტაქსის მძღოლი გახდა და გადაეწყვნენ სხვა რელსებზე. რესტორანი ძალიან მძიმე სამუშაოა. 8-9 საათის განმავლობაში გიწევს უამრავი აზროვნებისა და ხასიათის ადამიანთან ურთიერთობა. სულ ყურადღებით ყოფნა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, რაკი სხვა საქმე ნახეს, აღარ უღირთ უკან დაბრუნება. წლების წინ, ხანდახან 14-15 საათი მიწევდა მუშაობა. მიწევდა ღამის თენებაც, ეს კატასტროფა იყო. ის რომ ჩვენ დღეს შეიძლება არ გვყავდეს კარგი და საკმარისი რაოდენობის მიმტანები, იმის ბრალიც არის, რომ არც თუ იშვიათად, ამ ბიზნესში, შექმნილია ისეთი გარემო, რომ მიმტანს სამსახურში მისვლა არ უხარია. შესაბამის დატვირთვას შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა. დამსაქმებლებმა კეთილსინდისიერად უნდა მოაგვარონ ანაზღაურების საკითხი. გარდა ამისა, გამიხარდება თუკი შეიქმნება კოლეჯები, სასწავლებლები, იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ კლასიკური რესტორნის კლასიკური სერვისი. მიმტანის პროფესია არ არის ადვილი პროფესია. მიმტანობა მხოლოდ საჭმლის მიტანა არ არის. მიმტანის საქმე სტუმრის კარში შემოსვლიდან იწყება და მისი გაცილებით მთავრდება. თვალით დანახვა უნდა შეგეძლოს. უსიტყვოდ უნდა კითხულობდე სტუმრის აზრებს. მე მიყვარს ეს საქმე და მიუხედავად ურთულესი წლებისა, ამიტომაც ვარ ამ სფეროში ამდენი წელია. ამასთანავე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაქვს შესაბამისი ანაზღაურებაც. დღეს 500-600 ლარზე ვერ ვიმუშავებ. სწორად გამიგეთ, ჩემს მეუღლის ხელფასზე ცხრაჯერ მაღალი ანაზღაურება მაქვს, არადა ის მეცნიერ-თანამშრომელია, ხელოვნებათმცოდნე“.
დამლაგებლები და მრეცხავები უზბეკეთიდან - პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა
გარდა მიმტანებისა და მზარეულების დეფიციტისა, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები ამ სფეროში არსებული სხვა ძირითადი კადრების, მათ შორის, დამლაგებლებისა და მრეცხავების დეფიციტზეც ლაპარაკობენ.
ამ პრობლემის გადაჭრას რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კადრების საზღვარგარეთიდან, უფრო ზუსტად კი უზბეკეთიდან ჩამოყვანით გეგმავს. როგორც შოთა ბურჯანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ორ კვირაზე მეტია პირადი ბიზნეს-კონტაქტების საშუალებით, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს უზბეკეთში, კოლეგებთან და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უზბეკეთის მოქალაქეების საქართველოში ლეგალურად დასაქმებისთვის აუცილებელი საკითხების მოგვარება მოხერხდება, მაშინ საქართველოში, სარესტორნო ბიზნესში დასასაქმებლად უზბეკეთის მოქალაქეები ჩამოვლენ. შოთა ბურჯანაძის თქმით, უზბეკეთის მოქალაქეებზე იმიტომ შეჩერდა არჩევანი, რომ ისინი გამოირჩევიან შრომისუნარიანობით, აქვთ ამ სფეროში მუშაობის კარგი გამოცდილება და არ ითხოვენ განსაკუთრებით მაღალ ანაზღაურებას:
„ლაპარაკია რამდენიმე ათეულ ადამიანზე, რომლებიც ჯგუფურად ჩამოვლენ. დღეს დამლაგებლისა და მრეცხავის დღიური ხელფასი ჩვენს ბიზნესში 30-დან 50 ლარამდე მერყეობს. სწორედ ამ ტარიფით დასაქმდებიან ისინიც. მათთვის ეს ხელფასი მისაღებია. ჯგუფურად ჩამოსული ადამიანები ხშირად სახლსაც ერთად ქირაობენ და მათთვის, ეს დიდი შეღავათია. რაც შეეხება მათ ლეგალურად დასაქმებას, ცხადია, ამ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა. ისინი, კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა იყვნენ დასაქმებულები. სამსახურის უფლება საქართველოში, ეს არ არის ავტომატური შესაძლებლობა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, არის გარკვეული ბარიერები, რომლის გადალახვაც მოგვიწევს, იმისათვის, რომ ეს ადამიანები საქართველოში ლეგალურად დასაქმდნენ. მათ უნდა აიღონ ხელფასი, უნდა გადაიხადონ საშემოსავლო, ამიტომ ეს პროცესი კანონის სრული დაცვით უნდა წარიმართოს“.
საქართველოში იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესი 2015 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილებითაა დარეგულირებული. ეს წესი ადგენს ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების პირობებს, გარანტიებს, შრომითი მოწყობისა და შრომის გამოყენებისათვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, საქართველოში შრომითი იმიგრანტისა და ადგილობრივი დამსაქმებლის უფლება-მოვალეობებს.