13 მარტს ფეისბუკს ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე დიდი შეფერხება ჰქონდა. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მომხმარებლები ვერ აგზავნიდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, ვერ აზიარებდნენ პოსტებს საკუთარ გვერდებზე და გამოსვლის შემდეგ ვეღარ შედიოდნენ ფეისბუკზე. ონლაინ პლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ასაჩივრებდნენ ფეისბუკზე შესვლისა და ნიუსფიდის პრობლემებს. მსგავსი მასშტაბის შეფერხება ფეისბუკს ბოლოს ჰქონდა 2008 წელს, როდესაც მომხმარებლების რიცხვი დაახლოებით 150 მილიონს აღწევდა. დღეს კი მათი რაოდენობა 2,3 მილიარდამდეა.
შეფერხებით მუშაობდა ფეისბუკის პროდუქტებიც - მესინჯერი, ინსტაგრამი და უოტსაპიც.
როდის დაიწყო შეფერხება?
შეფერხება დაიწყო თბილისის დროით დაახლოებით 20:00 საათზე. მომხმარებლები ძირითადად ნიუსფიდზე პოსტვის პრობლემებზე ჩიოდნენ. შეფერხებით მუშაობდა გვერდები და რეკლამებიც.
ასევე პრობლემები ჰქონდა ინსტაგრამსაც - ძირითადად პრობლემები უკავშირდებოდა პროფილების ჩატვირთვას და „სტორების“ გაზიარებას.
12:03 საათზე ფეისბუკმა შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა:
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად ზოგიერთ მომხმარებელს ფეისბუკის აპლიკაციების წვდომის პრობლემები აქვს. ვმუშაობთ პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორებაზე.“
მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ინსტაგრამმაც:
DownDetector-ის მიხედვით, პრობლემა გლობალური იყო.
რა იყო შეფერხების მიზეზი?
შეფერხების ნამდვილი მიზეზის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეფერხების მიზეზი იყო ორგანიზებული DDoS კიბერშეტევა, რაც გულისხმობს შეტევის ობიექტის დაზიანებას ონლაინ ტრეფიკის შეგნებულად გაზრდით.
თუმცა 12:03 საათზე ფეისბუკმა ტვიტერზე გაავრცელა განცხადება, რომ შეფერხება DDos შეტევას არ უკავშირდებოდა.
„ვმუშაობთ პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე. თუმცა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შეფერხება DDos შეტევას არ უკავშირდება.“
როგორ გამოეხმაურა ინტერნეტი ფეისბუკის შეფერხებას?
მსგავსი პრობლემების დროს ინტერნეტში გაბრაზებასთან ერთად ბევრ ორიგინალურ სტატუსს და ფოტოსაც აზიარებენ.
რამდენიმე მათგანი ქართული სოციალური მედიიდან:
შეფერხების დროს მომხმარებლების დიდი ნაწილი ტვიტერზე პოსტავდა. პოპულარული გახდა ორი ჰეშტეგი #FacebookDown და #instagramDown - რომლის ქვეშაც დაახლოებით 150 000 პოსტი დაიწერა.
რამდენიმე სახალისო პოსტი ამ თემაზეც დაიწერა: