Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა - რას მოასწავებს ეს ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებისთვის


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

1 ივლისს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო ხდება უნგრეთი - რომლის პრემიერ-მინისტრია მემარჯვენე ნაციონალისტი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსი, ვიქტორ ორბანი. ამავე დროს, დასავლეთში ღრმავდება შეშფოთება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების შესახებ, მთელი კონტინენტის მასშტაბით.

"ეს დაუჯერებელი ამბავია. თითქოს სასამართლო სხდომაზე განსასჯელი უეცრად ბრალმდებელი გახდა", - უთხრა უნგრელმა ჟურნალისტმა და ორბანის ბიოგრაფმა, პოლ ლენდვაიმ სააგენტო AFP-ს, ორბანის მხრიდან ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ ხანგრძლივ წინააღმდეგობაზე მინიშნებით.

ორბანი უნგრეთს საპარლამენტო უმრავლესობით 2010 წლიდან მართავს და მან ბევრჯერ გამოიწვია ბრიუსელის სიბრაზე - ევროკავშირის ლიდერები თვლიდნენ, რომ ის თავს ესხმოდა დემოკრატიას და ბლოკის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბრიუსელის უკმაყოფილებას ასევე იწვევდა ორბანის წინააღმდეგობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და მისი სიახლოვე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღიად უსაუბრია თავის გეგმებზე - რომ სურს უნგრეთი დემოკრატიიდან გადააქციოს "არალიბერალურ სახელმწიფოდ". ორბანის მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა კონტროლი ქვეყანაში მოქმედ ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაზე.

თუმცა, მისი შეხედულებების მიუხედავად, ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ უნგრეთის ლიდერს, სავარაუდოდ, არ ექნება დიდი გავლენა ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე, ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში.

ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის ცენტრის მკვლევარმა, დორკა ტაკაშჩიმ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" უთხრა, რომ დროის მონაკვეთი, რომელშიც უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე იქნება, ორბანს არ მისცემს ევროკავშირის პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრის საშუალებას და მხოლოდ პერიოდული სკანდალური განცხადებებია მოსალოდნელი. უნგრეთის თავმჯდომარეობა იწყება ზაფხულის პერიოდში და ევროპის ახალი პარლამენტისა თუ კომისიის ფორმირების დღეებში.

"ეს ექვსი თვე, ერთიანად, არ არის ხანგრძლივი პერიოდი, რაც ნიშნავს, რომ ... უნგრეთს არ ექნება დიდი ზიანის გამოწვევის პოტენციალი", - ამბობს მკვლევარი.

ავსტრიელ და ჩეხ მოკავშირეებთან ერთად, ორბანმა 30 ივნისს გამოაცხადა ახალი პოლიტიკური ალიანსის შექმნის გეგმა - ალიანსის, რომელიც, მისი თქმით, სწრაფად დაიპყრობს ევროპის პოლიტიკურად მემარჯვენე სივრცეს.

ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართა წარწერებით "პატრიოტები ევროპისთვის", ორბანმა განაცხადა, ეს რამდენიმე დღეში მოხდება და ამის შემდეგ ვეღარაფერი შეგვაჩერებსო.

ივნისის დასაწყისში გამართულმა არჩევნებმა ევროპის პარლამენტში მემარჯვენე ძალებს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა, თუმცა თავად ორბანის პარტიამ, ფიდესმა დანაკარგები განიცადა, უნგრეთში პეტერ მადიარის ლიდერობით მოქმედ ოპოზიციურ მოძრაობასთან მეტოქეობით.

ევროპის მასშტაბით ულტრამემარჯვენე ძალების წარმატების ფონზეც კი ევროპის პარლამენტის არჩევნებმა გამოაჩინა, რომ პალატაში უცვლელი რჩება სამი უდიდესი პოლიტიკური ჯგუფის კონფიგურაცია.

ბლოკის 27 წევრ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) - რაც, 1999 წლიდან, ყოველთვის ასე ხდებოდა. ვარაუდობენ, რომ ეს პარტია 720-ადგილიან პალატაში 185 მანდატს მოიპოვებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG