14 ივნისს ევროპის უდიდესი საფეხბურთო ზეიმი იწყება. ერთი თვის განმავლობაში 24 ეროვნული ნაკრები 10 სტადიონზე 51 თამაშს ჩაატარებს. უამრავს ილაპარაკებენ მასპინძლის, გერმანიის შანსებზე. იმსჯელებენ, შეძლებს თუ არა საფრანგეთის სუპერგუნდი, რომელსაც ახლა უკვე მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი, კილიამ მბაპე ლიდერობს, ტიტულის მოპოვებას? რას იზამს მოქმედი ჩემპიონი? კიდევ შეძლებს თუ არა ასაკში შესული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შთამბეჭდავი გოლების გატანას? ან, იქნებ, ბოლოს და ბოლოს მოვიდა დრო, რომ ინგლისის ნაკრებმა თასი „შინ დააბრუნოს“?
თუმცა, რადიო თავისუფლება ამჯერად განიხილავს 5 ნაკრებს ჩვენი სამაუწყებლო სივრციდან - უკრაინას, უნგრეთს, რუმინეთს, საქართველოსა და სერბეთს. ამ ქვეყნებს ფავორიტებს შორის ცოტა თუ მოიაზრებს, მაგრამ ყოველ მათგანს საინტერესო ისტორია აქვს. ასე რომ, ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ მათგან, რომელ ფეხბურთელებს მივაქციოთ ყურადღება და პოლიტიკური კუთხეც მიმოვიხილოთ - ეს ხომ ევროპაა, პოლიტიკა და ფეხბურთი კი აქ ოდითგანვე იყო გადაჯაჭვული.
გადადი პირდაპირ სასურველ ქვეთავზე:
- 🇷🇴 რუმინეთი: შვილები მამების ჩრდილიდან გამოდიან
- 🇭🇺 უნგრეთი: გაიღვიძებს თუ არა მძინარე გოლიათი?
- 🇺🇦 უკრაინა: ნეიტრალური ფანების ბუნებრივი არჩევანი
- 🇷🇸 სერბეთი: დებიუტანტი, რომელმაც შესაძლოა ყველა აალაპარაკოს
- 🇬🇪 საქართველო: ფეხბურთი აქ ფეხბურთზე მეტია
🇷🇴 რუმინეთი: შვილები მამების ჩრდილიდან გამოდიან
ზოგიერთ ნაკრებს ვარსკვლავები ჰყავს. ერთი ან ორი ფეხბურთელი, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. რუმინეთი ასეთი არ გახლავთ. ის უფრო კარგად შეკრულ მანქანას წააგავს - განსაკუთრებით ლამაზად არ თამაშობს, შეიძლება მეტისმეტ ყურადღებას ამახვილებდეს დაცვაზე, მაგრამ რთული დასამარცხებელია. რუმინეთმა შესარჩევი ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა და 10 მატჩში მხოლოდ 5 გული გაუშვა. ამ ნაკრებმა შეიძლება გაცილებით მეტს მიაღწიოს, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობენ.
რუმინეთს ზურგს წარსულიც უმაგრებს. ნაკრებმა ყველაზე დიდ წარმატებას 1990-იან წლებში მიაღწია. 30 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთმა დიეგო მარადონას არგენტინა დაამარცხა და მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა შვედეთთან. იმ გუნდის ლიდერი გახლდათ რუმინეთის ალბათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, გეორგე ჰაჯი. ნაკრებს კი ანხელ იორდანესკუ წვრთნიდა. ჰაჯი და იორდანესკუ ნაკრებში დღესაც თამაშობენ. გეორგეს ვაჟი იანის ჰაჯი 25 წლისაა, დრიბლინგი მასაც კარგად შეუძლია, თუმცა მამის სიმაღლეებს ჯერ ვერ სწვდება. ანხელის ვაჟი, ედუარდი კი, რუმინეთს 2022 წლიდან წვრთნის. იქნებ სწორედ ახლაა დრო, რომ შვილები მამების ჩრდილიდან გამოვიდნენ?
რომელ მოთამაშეს დავაკვირდეთ?
ჰაჯის გარდა კიდევ ერთი სახელი უნდა გვახსოვდეს: რადუ დრაგუშინი. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც „იუვენტუსმა“ აიყვანა. იქ მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა, თუმცა შემდეგ „ჯენოას“ შემადგენლობაში თავი გამოიჩინა, როგორც საუკეთესო მცველმა. იმდენად შთამბეჭდავად თამაშობდა, რომ ლონდონის „ტოტენჰემმა“ 2024 წლის იანვარში მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა, რამაც დრაგუშინი ყველა დროის უძვირეს რუმინელ ფეხბურთელად აქცია. თან, ჯერ 22 წლისაა და ყველაფერი კიდევ წინა აქვს.
პოლიტიკური კუთხე
რუმინელი „ულტრას“, ანუ გუნდის თავგადაკლული ქომაგები ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ყაიდის ხალხია. არ ვიცით, რამდენნი ჩავლენ გერმანიაში, თუმცა მათზე დაკვირვება საინტერესო იქნება. შარშან, კოსოვოსთან შეხვედრისას დიდი ბანერი აღმართეს, სადაც ეწერა - კოსოვო სერბეთს ეკუთვნის და ბესარაბია - რუმინეთსო. ბესარაბია ისტორიული რეგიონია, რომელიც ახლა მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზეა. უნგრეთთან თამაშის დროს კი ისინი „ტრიანონს“ სკანდირებდნენ. ტრიანონის საზავო ხელშეკრულების დროს, 1920 წელს, რუმინეთს მანამდე ავსტრია-უნგრეთის დაქვემდებარებაში მყოფი ტრანსილვანიის რეგიონი გადასცეს, სადაც დღემდე ბევრი ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს. გეორგე სიმიონი, რუმინელი ულტრამემარჯვენეების ლიდერი, ადრე თავადაც „ულტრას“ წევრი იყო. მისი პარტია უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაცემის წინააღმდეგია. მართალია, ბუქარესტსა და კიევს ზოგადად თბილი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება ნახვა, თუ როგორ მოიქცევიან ორი ქვეყნის ფანები 17 ივნისის შეხვედრის დროს.
🇭🇺 უნგრეთი: გაიღვიძებს თუ არა მძინარე გოლიათი?
იყო დრო, როდესაც უნგრეთის სახელი საფეხბურთო სამყაროს აზანზარებდა. 1952 წელს „ოქროს ნაკრებმა“ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 1950 წლიდან 1956-მდე ისინი მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ეს ერთი მარცხი 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იყო, დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ. გერმანელები ამ მატჩს დღემდე „ბერნის სასწაულს“ უწოდებენ - თამაში სწორედ ამ ქალაქში ჩატარდა. 2016 წელს „ბიბისის“ გამოკითხვამ უნგრეთის ეს გუნდი ყველა დროის საუკეთესო ეროვნულ ნაკრებად დაასახელა - არგენტინის, ბრაზილიის, იტალიისა თუ ესპანეთის ნაკრებებზე წინ.
1956 წელს საბჭოთა კავშირის უნგრეთში შეჭრამ ეს ეპოქა დაასრულა. მას შემდეგ უნგრეთის ნაკრებმა ძველი დიდების დაბრუნება ვეღარ შეძლო. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, შემდეგი 30 წლის განმავლობაში ვერც მსოფლიო და ვერც ევროპის გათამაშებებზე ვეღარ მოხვდნენ. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მათ ავსტრია დაამარცხეს, 4 წლის შემდეგ კი საფრანგეთთან და გერმანიასთან ფრედ ითამაშეს. ახლა კი უნგრეთის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და შესანიშნავი თამაში აჩვენა. ნაკრების ბევრი ფეხბურთელი გერმანიაში თამაშობს, ასე რომ, გარემო მათთვის ნაცნობი იქნება. გუნდს უამრავი უნგრელი გულშემატკივარიც გაამხნევებს. იქნებ სწორედ ახლა დაიწყება უნგრეთის ხელახალი აღმასვლა?
რომელ მოთამაშეს დავაკვირდეთ?
ყველაზე უფრო გამორჩეული ნაკრებში დომინიკ სობოსლაი გახლავთ. აი, ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც ნამდვილად გააჩნია „იქს-ფაქტორი“. იმასაც ამბობენ, სობოსლაი საუკეთესო უნგრელი ფეხბურთელია ლეგენდარული ფერენც პუშკაშის შემდეგო. 21 წლის ასაკში უკვე ნაკრების კაპიტანი გახდა. თანაგუნდელებსაც უყვართ და ფანებიც აღმერთებენ - ბევრს მუშაობს, უსაზღვროდ ნიჭიერია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ამ ყველაფერთან ერთად კინოვარსკვლავის შესახედაობა აქვს.
პოლიტიკური კუთხე
მოდი, ასე ვთქვათ - უნგრეთის სულ უფრო ავტორიტარულ პრემიერს, ვიქტორ ორბანს ფეხბურთი ლამის ყველაფერზე მეტად უყვარს. ამბობენ, დღეში რამდენიმე მატჩს უყურებსო. ახალგაზრდობაში თავადაც თამაშობდა და მისი დაფუძნებული კლუბი, რომელიც მის მშობლიურ სოფელს წარმოადგენს, ახლა უნგრეთის უმაღლეს დივიზიაში თამაშობს. ამ კლუბისათვის ორბანმა ულტრათანამედროვე სტადიონი ააშენა, რომელიც 3800 მაყურებელს იტევს (სოფელში ამის ნახევარი მოსახლეობა ცხოვრობს). „ფიდესის“ მთავრობამ, რომელიც სათავეში 2010 წელს მოვიდა, უამრავი ფული დახარჯა ორმოცი სტადიონის აშენებასა თუ რემონტში. გრანდიოზული ეროვნული სტადიონი (რომელიც პუშკაშის სახელს ატარებს) 2026 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს. ორბანი, ძველი რომაელების მსგავსად, პუბლიკას „პურსა და სანახაობას“ სთავაზობს.
თუმცა, ორბანის მცდელობებს ზოგჯერ საპირისპირო შედეგი მოაქვს. „ფიდესის“ ინიციატივით შეიქმნა „კარპატთა ბრიგადა“ - ნაკრების მხარდამჭერთა არაოფიციალური კავშირი, რომელიც სხვადასხვა კლუბის ფანებს აერთიანებს. თუმცა, ეს დაჯგუფება მალევე იქცა ულტრამემარჯვენეების თავშესაფრად. შავებში გამოწყობილმა ფანებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი სკანდალი გამოიწვიეს - მოწინააღმდეგე გუნდების შავკანიან მოთამაშეებს მიაყენეს შეურაცხყოფა და რამდენჯერმე ჰომოფობიური ბანერებიც გაშალეს სტადიონზე. ამ ინციდენტების გამო ეროვნული ნაკრები რამდენჯერმე დაისაჯა. ევროპის ჩემპიონატი პრაიდის თვის დროს მიმდინარეობს და საინტერესოა, თუ როგორი იქნება „ბრიგადის“ რეაქცია.
🇺🇦 უკრაინა: ნეიტრალური ფანების ბუნებრივი არჩევანი
უკრაინელებს ნამდვილად სჭირდებათ გამხნევება მათ ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე. იმედია, რომ რუსეთის ორწლიანი თავდასხმის მსხვერპლს შვებას სპორტი მაინც მოჰგვრის. უკრაინის ნაკრებს კი ამისათვის ნიჭიც აქვს და სულისკვეთებაც. გუნდმა საბრძოლო სული შესარჩევი ტურნირის დროს აჩვენა. ჯერ იყო და ბოსნია-ჰერეცეგოვინასთან მატჩის დროს შეძლეს და თამაშის მიწურულს ორი გოლი გაიტანეს, ხუთი დღის შემდეგ კი ისლანდიასთან შემოაბრუნეს მატჩის ბედი და ჩემპიონატის საგზური გაინაღდეს.
ფინალურ ეტაპზე მათ შედარებით იოლი ჯგუფი შეხვდათ და ამიტომ კარგი შანსი აქვთ, რომ 2020 წლის შედეგის მსგავსად ჯგუფიდან გავიდნენ. ამჯერად კი მათ გაცილებით მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ.
რომელ მოთამაშეს დავაკვირდეთ?
არჩევანი დიდია. შეგვიძლია გუნდის კაპიტანი და თილისმა ანდრიი იარმოლენკო ვახსენოთ, ან მეკარე ანრიი ლუნინი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მადრიდის „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაში. შეგვეძლო არტემ დოვბიკი დაგვესახელებინა, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ესპანეთის ლიგაში. თუმცა, მოდი ოლექსანდრ ზინჩენკო ავირჩიოთ. „არსენალის“ ფეხბურთელს შეუძლია ყველა პოზიციაზე თამაში და ამას კარგად აკეთებს კიდეც.
პოლიტიკური კუთხე
ამას ბევრი ახსნა არც უნდა სჭირდებოდეს. ნაკრების წევრებს კარგად ესმით, რომ ისინი მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან. ყველა მათგანი მხოლოდ უკრაინულად ლაპარაკობს. ზინჩენკომ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად იყო ფრონტზე წასასვლელად, თუკი მას გაიწვევდნენ. დოვბიკმა და ჩელსის მოთამაშე მიხაილო მუდრიკმა ფული გადარიცხეს, რათა ჯარს დრონები შეეძინა. თუმცა, მთავარი სალაპარაკო ალბათ გუნდის ცისფერ-ყვითელი მაისურებია. წინა ჩემპიონატზე, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ და უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმამდე ჩატარდა, მაისურებს ორი რამის გამო განიხილავდნენ. ერთი ის იყო, რომ მაისურის წინა მხარეს უკრაინის რუკა იყო გამოსახული, რომელიც, ბუნებრივია, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსაც მოიცავდა. ეს პოტენციურად პროვოკაციულად მიიჩნიეს, რადგან იმ ჩემპიონატზე რუსეთიც გამოდიოდა, თუმცა უეფამ გუნდს ამ მაისურის ტარების ნება დართო, რადგან მასზე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო გამოსახული. მაგრამ, უეფამ პრობლემურად მიიჩნია მაისურზე „სლავა უკრაინის“ დაწერა, რაც პოლიტიკურ ნაბიჯად ჩათვალეს. საბოლოოდ კომპრომისს მიაღწიეს და წარწერა მაისურის შიგნით დაიტანეს. შემდეგ კი პრობლემა წამოიჭრა ამ მაისურების მწარმოებელ ესპანურ კომპანია Joma-სთან, რომელმაც გადაწყვიტა რუსული კლუბის, სანქტ-პეტერბურგის ზენიტის ფორმა შეეკერა. უკრაინამ Joma-სთან თანამშრომლობა დაასრულა. ეროვნული ნაკრების ფორმა უბრალო სამოსი არ გახლავთ.
🇷🇸 სერბეთი: დებიუტანტი, რომელმაც შესაძლოა ყველა აალაპარაკოს
24 წლის შემდეგ სერბეთი ევროპის ჩემპიონატს უბრუნდება. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაკრები სერბეთის რესპუბლიკის სახელით იასპარეზებს. 2000 წელს ის იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის სახელით გამოდიოდა, მანამდე კი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის სახელით იყო ცნობილი.
თავის დროზე იუგოსლავია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ნაკრები იყო, რას უნდა ველოდეთ მათგან ახლა? სერბეთზე ბევრს არავინ ლაპარაკობს, და სულ ტყუილადაც. მათ უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ - არაერთი მისი წევრი ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშობს და ბევრი მათგანი 2015 წლის ოც წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. გერმანიაში მათ ბევრის მიღწევა შეუძლიათ.
რომელ მოთამაშეს დავაკვირდეთ?
არჩევანი დიდია, თუმცა ნაკრების მამოძრავებელი ძალა მისი კაპიტანი დუშან ტადიჩია, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. 35 წლის ტადიჩი „ჭეშმარიტი 10 ნომერია“ - ფეხმარდი, ტანმორჩილი, პასების დიდოსტატი... როდესაც ფორმაშია, გეგონება, კი არ თამაშობს, ცეკვავსო.
პოლიტიკური კუთხე
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთში თითქმის ყველა სფეროს საკვანძო ფიგურაა და არც ფეხბურთია გამონაკლისი. სერბეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დრაგან ჯაიჩი ახლა ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტია და ის ამ თანამდებობაზე სწორედ ვუჩიჩის წყალობით მოხვდა - ვუჩიჩის ხალხმა მისი მეტოქის მხარდამჭერებს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. მანამდე ჯაიჩი ქვეყნის უდიდესი კლუბის, „ბელგრადის წითელი ვარსკვლავის“ პრეზიდენტი იყო, სადაც მას ფინანსურ მაქინაციებში დასდეს ბრალი. ახლა დრაგან ჯაიჩი ვუჩიჩის პარტიის წევრია. თუმცა, ამბობენ, რომ ფედერაციას სინამდვილეში ჩრდილიდან მართავს მისი ვიცე-პრეზიდენტი ბრანისლავ ნედიმოვიჩი, ყოფილი მინისტრი და ვუჩიჩთან დაახლოებული პირი, რომელსაც საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნია.
სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის ნაკრებთან შეხვედრა ჩაატარა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. უეფამ რუსეთს ყველანაირ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა მას ამხანაგური თამაშების ჩატარების უფლება აქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინა გეგმავდა რუსეთთან შეხვედრას, თუმცა, ფეხბურთელების პროტესტის შემდეგ მატჩი გაუქმდა. სერბეთი კი მოსკოვში მარტში ჩავიდა და 0-4 დამარცხდა.
🇬🇪 საქართველო: ფეხბურთი აქ ფეხბურთზე მეტია
თუ აუტსაიდერის მხარდაჭერა გინდებათ, საქართველო უნდა აირჩიოთ. ჩემპიონატში მონაწილე 24 ქვეყნიდან მათ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ - 75-ე ადგილზე არიან. მონაწილეებიდან მათთან ყველაზე ახლოს სლოვენიაა, რომელიც 57-ე ადგილზეა. მათი შეხვედრები კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასა და 20-ჯერ უფრო დიდ თურქეთთან ნამდვილი დავითისა და გოლიათის შერკინებები იქნება. თუმცა, ამ პატარა კავკასიურ ქვეყანას ფეხბურთის მიმართ დიდი სიყვარული აქვს.
ახლა საქართველოში არეული პოლიტიკური ვითარებაა - რუსული ყაიდის „აგენტების კანონის“ მიღებამ და ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხის ქვეშ მოხვედრამ ასობით ათასი გამოიყვანა ქუჩაში და ნაკრების წარმატება ყველას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. როდესაც საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა დაძაბული პენალტების სერიაში და პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში საერთაშორისო ტურნირზე მოხვდა, მთელი ქვეყანა ზეიმობდა. ჯგუფში ნებისმიერ გამარჯვებას იგივე ეფექტი ექნება, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯგუფიდან გასვლაზე. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ფეხბურთი ეროვნული მოძრაობის ნაირსახეობა იყო და ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ მანამდე გამოეყო, ვიდრე ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ფეხბურთი აქ ფეხბურთზე მეტია.
რომელ მოთამაშეს დავაკვირდეთ?
შეგვეძლო გიორგი მამარდაშვილი დაგვესახელებინა, იმედისმომცემი მეკარე, რომელიც „ვალენსიის“ ღირსებას იცავს და რომელსაც ჩემპიონატზე ალბათ დიდი ჯაფა დაადგება. თუმცა, ამ შეკითხვაზე რეალურად მხოლოდ ერთი პასუხია - ხვიჩა კვარაცხელია, ქვეყნის უდიდესი ვარსკვლავი და ნაკრების იმედი. მაინც რამხელა ვარსკვლავია ის? აი, ნახეთ: ყველამ იცის, როგორ გიჟდებიან იტალიელები ფეხბურთზე. განსაკუთრებით კი ეს სპორტი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ნეაპოლში უყვართ. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ - 1987 და 1990 წლებში გახდა არგენტინელი სუპერვარსკვლავის, დიეგო მარადონას დახმარებით. მარადონა ნეაპოლში ღმერთია, მისი წასვლის შემდეგ „ნაპოლის“ 33 წლის განმავლობაში აღარ მოუპოვებია ტიტული. ნავსი შარშან გატყდა, „ნაპოლიმ“ გაიმარჯვა, კვარაცხელიას კი ნეაპოლელებმა „კვარადონა“ შეარქვეს - ამაზე დიდი აღიარება რთული წარმოსადგენია.
პოლიტიკური კუთხე
ყველა ცდილობს ნაკრები სათავისოდ გამოიყენოს. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ფეხბურთელებთან საზეიმო ფოტოებს იღებს. გერმანიაში ალბათ ჩავლენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც ერთ დროს „მილანში“ თამაშობდა. ლოჟაში ვიხილავთ ლევან კობიაშვილსაც, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი იყო, ახლა კი სამთავრობო პარტიის დეპუტატია. ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი ან გერმანია სანქციებს დაუწესებდა ქართველ მაღალჩინოსნებს და მათ შესაძლებლობა არ მიეცემოდათ ევროპის ჩემპიონატი საკუთარი პიარისთვის გამოეყენებინათ, თუმცა მსგავსი ზომები ახლა მოსალოდნელი არ არის.
რა რეაქცია ჰქონდა ნაკრებს „აგენტების კანონზე“? პირდაპირი საჯარო მხარდაჭერა ჯერჯერობით მხოლოდ 32 წლის მცველმა სოლომონ კვირკველიამ გამოხატა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, ახლა კი საუდის არაბეთში თამაშობს. მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, თუმცა კანონი არ დაუგმიათ. ეს მხიარულმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომელიც კანონის მოწინააღმდეგეთა საყვარელ ფეხბურთელად იქცა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ მისმა ცეკვამ და მისი ოჯახის ისტორიამ - დედამისი აფხაზეთიდან დევნილია - ბუდუ ზივზივაძე უმალ სპორტის და პოლიტიკის ვარსკვლავად აქცია. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც ასევე მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, 10 ნომერი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელმაც „ინსტაგრამზე“ დაწერა: „არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“.
ასევე საინტერესოა, თუ რას იზამს გუნდის კაპიტანი გურამ კაშია. „აგენტების კანონზე“ მას არაფერი უთქვამს, თუმცა წარსულში ლგბტ უფლებების მხარდაჭერა გამოუხატავს. ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებას გეგმავს, მის სიტყვებსა და ქმედებებს გერმანიაში მჭიდროდ დააკვირდებიან.
ფორუმი