უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ იერარქს, სასულიერო პირებს და მრევლს, გაერთიანდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
ეს განცხადება მიტროპოლიტმა ეპიფანემ გააკეთა კიევში მისი ინტრონიზაციის დროს, რაც შედეგად მოჰყვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან.
„მიღებული ტომოსი ამიერიდან ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ერთიანობით, უნდა განვაგრძოთ ეკლესიის განვითარება და გაძლიერება, გავაფართოვოთ მართლმადიდებლური ურთიერთქმედება და და-ძმური კავშირები ადგილობრივ - ეკლესიებთან. გვწამს, რომ ეს ძალისხმევა დასრულდება ჩვენი ადგილობრივი ეკლესიისათვის პატრიარქატის სტატუსის მინიჭებით“, - განაცხადა საინაუგურაციო სიტყვაში მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
ინტრონიზაციის ცერემონიაში, რომელიც კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში გაიმართა, უკრაინისა და უცხოეთის ეკლესიების ათეულობით მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსაგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება“.
უკრაინამ გასულ ოქტომბერში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს თანხმობა მიიღო დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის თაობაზე.
ამ ნაბიჯს სასტიკად დაუპირისპირდა რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლება და მართლმადიდებელი ეკლესია,რომლის დაქვემდებარებაშიც, საუკუნეების განმავლობაში იმყოფება, უკრაინაში არსებული მრავალი მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი.
მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, მსოფლიო პატრიარქმა დანაპირები შეასრულა. 6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი მიიღო.
უკრაინის ეკლესიის 40 წლის თავკაცი, მიტროპოლიტი ეპიფანე მიზნად ისახავს უკრაინაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანებას და აცხადებს, რომ ახლადშექმნილ ეკლესიას უკვე შეურთდა 100-ი ეკლესიის მრევლი.
„ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ ეს მოხდეს მშვიდად და ნებაყოფლობით“, - განცხადა 2 თებერვლას, ინტრონიზაციის წინ, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
ამასთან უკრაინელი მიტროპოლიტი შიშობს, რომ მოსკოვს აქვს კონკრეტული გეგმა, კონფრონტაციისთვის გამოიყენოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაში არსებული ტაძრებისა და საეკლესიო ქონების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განკარგულებაში გადასვლა.
როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში ბოლო ხანს პროვოცირებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ, ვლადიმირ პუტინის უკანასკნელი ფორპოსტი უწოდა უკრაინაში მოქმედ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში პუტინის უკანასკნელი ფორპოსტია, ვინაიდან ეკლესია ღრმად არის ფესვგამჯდარი მორწმუნე უკრაინელების სულებში“, - აღნიშნა ეპიფანემ. უკრაინელი მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინელების გაერთიანების შემდეგ, პუტინი დაკარგავს მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით, რასაც მოჰყვება დონბასში კონფლიქტის დასრულება და ანექსირებული ყირიმის უკრაინაში დაბრუნება.
მიტროპოლიტი ეპიფანე იმედოვნებს, რომ ჯერ საბერძნეთისა და კვიპროსის, შემდეგ კი სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიებიც აღიარებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას.