Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას რაკეტები უთავდება - აშშ-ის დაზვერვის გაჟონილი საბუთები


საბუთების თანხმად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი მაისის დასაწყისისთვის შეიძლება ამოეწუროს
საბუთების თანხმად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი მაისის დასაწყისისთვის შეიძლება ამოეწუროს

აშშ-ის დაზვევრვის გაჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ პენტაგონი უსმენს კრემლსაც და საკუთარ მოკავშირეებსაც. თეთრმა სახლმა უკვე დაადასტურა, რომ საბუთების ნაწილი ნამდვილია.

საიდუმლო საბუთების 100-ზე მეტი ფოტო სოციალურ ქსელ დისკორდში მატრის დასაწყისში გავრცელდა. თუმცა გამოცემა “ბილინგკეტი” წერს, რომ პენტაგონმა ეს მხოლოდ ერთი თვის თავზე შეამჩნია.

საბუთები ეკუთვნის სხვადასხვა სადაზრვევო უწყებებს, მათ შორის, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA). მათზე წვდომა, ასობით, თუ არა ათასობით ადამიანს ჰქონდა. ამიტომ პენტაგონში ვარაუდობენ, რომ მასალები ამერიკელმა გაავრცელა.

რა წერია საბუთებში?

ის, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტები უთავდება. რამდენიმე დოკუმენტის თანახმად, საზენიტო სარაკეტო კომპლექსების S-300-ისა და ბუკის რაკეტების მარაგი მაისის დასაწყისში ამოიწურება. არადა, საბუთების თანახმად, ეს ორი კომპლექსი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის 89%-ს წარმოადგენს.

ამ საბუთში ჩამოთვლილია, თუ რა ტიპის რაკეტები დარჩა უკრაინას
ამ საბუთში ჩამოთვლილია, თუ რა ტიპის რაკეტები დარჩა უკრაინას

“ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ თუ კიევმა სწრაფად არ მიიღო რაკეტები, რუსეთი კვლავ შეძლებს ბომბდამშენების გამოყენებას, რითიც უკრაინის სახმელეთო ძალები დიდ საფრთხეში აღმოჩნდება. თუმცა, მონაცემები შეგროვებულია თებერვლის ბოლოს, ამიტომ, შესაძლოა, იქიდან მოყოლებული, უკრაინას უკვე მიეღო რაკეტების ახალი პარტია.

საბუთების თანახმად, რუსეთმა ომში უკვე დაკარგა დაახლოებით 200 ათასი ჯარისკაცი, მათგან დაღუპულია დაახლოებით 43 ათასი. რაც შეეხება უკრაინას, მისი დანაკარგებები 130 ათასის ფარგლებშია, დაიღუპა 17 ათასი ჯარისკაცი. თუმცა “ამ მონაცემების სანდოობა დაბალია”.

პენტაგონს ჰყავს წყაროები რუსეთის თავდაცვის სამინინისტროში, გენშტაბში და კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერშიც” კი. მაგალითად, საბუთებიდან ირკვევა, რომ რუსეთი უახლოეს თვეებში გეგმავს დაბომბოს უკრაინის ელექტროსადგურები, რკინიგზა და სატრანსპორტო ხიდები. გარდა ამისა, კრემლი ამზადებს სტრატეგიას ნატოს ტანკებთან საბრძოლველად, რომელთა გამოყენებასაც უკრაინა ამ თვეში დაიწყებს.

ინფორმაციის ნაწილი დაზვერვამ მიიღო “კომუნიკაციაში შეღწევის”, ანუ მიმოწერის წაკითხვისა და საუბრების მოსმენის გზით. ნაწილი კი წყაროებმა მიაწოდეს.

მაგრამ აშშ საკუთარ მეგობრებსაც უსმენს. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. საბუთების თანახმად, თებერვლის ბოლოს ზელენსკის სურდა, “რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით დაებომბა წერტილები, რომელიც რუსულ ჯარს ამარაგებს”.

ამით შეიძლება აიხნას, თუ რატომ თქვა აშშ-მ უარი კიევისთვის გრძელმანძილიანი რაკეტების მიცემაზე - წერს “სიენენი”.

კიდევ ვის უსმენენ?

სამხრეთ კორეის ხელისუფლებას. საბუთების თანახმად, თეთრი სახლი არწმუნებს სეულს, რომ დაეხმაროს უკრაინას იარაღით. თუმცა კორეის ხელისუფლებაში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ასეა თუ ისე, 11 აპრილს სეულის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა”.

აშშ-ის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, ეგვიპტე კი რუსეთისთვის 40 ათასი რაკეტის მიწოდებას საიდუმლოდ გეგმავდა. ეგვიპტის ოფიცილური პოზიციაა, რომ არ ერევა კონფლიქტში და “თანაბარ დისტანციას იცავს ორივე მხარესთან”.

საბუთებში მოხვდა ინფორმაცია ისრაელში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც. ერთ-ერთი ანგარიშში წერია, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახური, მოსადი მოუწოდებს ადამიანებს, გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ რეფორმა, რომელმაც სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა დაუქვემდებაროს. ისრაელმა უკვე უწოდა ამ ინფორმაციას “აბსურდული”.

რა მოჰყვება გაჟონვას?

საბუთებში უკრაინის კონტრშეტევის გეგმა დეტალურად აღწერილი არ ყოფილა, თუმცა უკრაინამ ის უკვე შეცვალა. CNN წერს, რომ ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა. უკრაინის ოფიციალური პოზიცია კი პრეზიდენტის სპიკერმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააჟღერა. მისი თქმით, საბუთები “დაფოტოშოპებულია”.

გამოცემა Politico-ს თანახმად, აშშ-ს მოკავშირეებს არ გაკვირვებიათ, რომ დაზვერვა მათ უსმენს, თუმცა გაჟონვით უკმაყოფილოები არიან. პენტაგონის პრეს-სპიკერის, საბრინა სინგჰის თქმით, თეთრი სახლი საგულდაგულოდ შეამოწმებს თითოეული საბუთის ნამდვილობას. გარდა ამისა, შეფასდება ისიც, თუ რა ხიფათი შეიძლება შექმნას გაჟონვამ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

პენტაგონში შიშობენ, რომ გაჟონვის წყალობით, კრემლი შეიძლება გავიდეს აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე და დაადუმოს ისინი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლ რუსული ჯარის გეგმებზე კიევს ესე ხშირად ვეღარ გააფრთხილებს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG