Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა კონტრიერიშზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 სექტემბერს


უკრაინის კონტრშეტევამ ტერიტორიები დაიბრუნა რუსეთის საზღვართან ახლოს

უკრაინის ძალები განაგრძობენ ტერიტორიების დაბრუნებას ჩრდილო-აღმოსავლეთის ხარკოვის რეგიონში. რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი აღიარებს, რომ რუსეთის ძალები რიცხვით ბევრად ნაკლები არიან, უკრაინის არმია კი ტერიტორიებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს იბრუნებს.

რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Rossiya 24-თან საუბარში ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა დაიბრუნეს აქამდე რუსეთის მიერ დაკავებული არეალები რეგიონის ჩრდილოეთში და "5000-მდე სამოქალაქო პირი რუსეთშია ევაკუირებული".

უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ადგილობრივი ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ - ბალაკლეის აღებას, მაგრამ დარტყმის მიმართულების შერჩევაში გაუმართლათ და უფრო შორს წავიდნენ. „ნასტოიაშეე ვრემიას“ ეთერში უკრაინის სამხედრო ექსპერტმა მიხაილ ჟიროხოვმა მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე ისაუბრა.

„უახლოეს მომავალში ოპერატიულ პაუზას უნდა ველოდოთ,“- ამბობს ის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზირებისას.

წაიკითხე ინტერვიუ სრულად აქ.

გოგაშვილი ქართულ-რუსული სპეცსამსახურების გარიგებებზე წერს - ხელისუფლება ამას აბსურდს უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გუშინ "ფეისბუკზე" მორიგი განცხადება გამოაქვეყნა რომელშიც ირწმუნება, რომ წლებია, არსებობს „დაცული ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის, სადაც სანქციების გვერდის ავლით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

ეს უკვე მეორე ხმაურიანი განცხადებაა, ბოლო ორ დღეში, რომელიც სუს-ის ფარულ საქმიანობას ეხება. „ტვ პირველის“ გამოძიების თანახმად, რომელიც ჟურნალისტებისთვის სუსის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში.

პარტია "ქართულ ოცნებაში" გოგაშვილის განცხადებებს ტყუილს უწოდებენ და ოპოზიციის „რადიკალურ დღის წესრიგთან“ კავშირზე საუბრობენ.

სუს-ის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საპარლამენტო ფორმატში გამოძიების ინიციატივით გამოვიდა პარტია „ლელო“.

წაიკითხე მეტი.

დღეს ელისაბედ II-ის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ცხედარს შოტლანდიიდან ლონდონში დღეს, 13 სექტემბერს თვითმფრინავით გადაასვენებენ. პროცესია აეროპორტში 17:00-თვის მივა. მანამდე სამეფო ოჯახი სამძიმარს ედინბურგის ტაძარში იღებდა, სადაც დედოფალი გუშინ დაასვენეს.

ბი-ბი-სის ინფორმაციით მასთან ერთად ლონდონისკენ გაფრინდება მისი შვილი, პრინცესა ანაც.

ცხედარი ლონდონში, ბუკინგების სასახლეში ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვის იქნება. მას საპატიო ყარაული დახვდება.

დღესვე მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა ბელფასტში ჩაფრინდებიან, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანს შეხვდებიან. ისინი წმინდა ანას ეკლესიაში წირვასაც დაესწრებიან, რის შემდეგაც ლონდონში დაბრუნდებიან.

ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დედოფლის საბოლოო განსასვენებელი იქნება უინძორების სასახლე, მეფე ჯორჯ VI-ის კაპელა, სადაც დაკრძალულია მისი მამაც.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

რუსეთში 20-მდე მუნიციპალური კანონმდებელი ითხოვს პუტინის გადადგომას

მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და ქალაქ კოპლინოს 18 ოლქის მუნიციპალურმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ პუტინის ნაბიჯებს "ზიანი მოაქვს რუსეთის მომავლისთვის და მისი მოქალაქეებისთვის".

სანკტ-პეტერბურგის სემიონოვსკის მუნიციპალური ტერიტორიის წარმომადგენელმა, კანონმდებელმა ქსენია ტორტსტრემმა 12 სექტემბერს ტვიტერით დაწერა, რომ პეტიციას ამჟამად ხელს აწერს 20-მდე კანონმდებელი და რომ ის განაგრძობს ხელმოწერების შეგროვებას.

კრიტიკის იმპულსებს პუტინი მკაცრად ახშობს მას მერე, რაც თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, თუმცა წინააღმდეგობის ნიშნები მაინც იკვეთება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა უკრაინას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ კონტრშეტევაში წარმატება აქვს.

წაიკითხე მეტი.

რაგბი, ჭადრაკი, პროგრამირება - რას ისწავლიან მოსწავლეები 2022-23 სასწავლო წლიდან

სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს განცხადებას 2022-23 სასწავლო წლის სიახლეების შესახებ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და მოხდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამ მიზნით ზაფხულის განმავლობაში სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით გადამზადდა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო "ბუკებში" ჩაიტვირთება.

წაიკითხე მეტი.

ზელენსკის გაკვეთილები და "ერთსულოვნების რევოლუცია"

უკრაინის პრეზიდენტის პირველი გაკვეთილი, რომელიც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაისწავლონ, ცხადია, კიევში დარჩენა და პირადი მამაცობითა და თავგანწირვით საკუთარი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამხნევებაა.

პირდაპირ ეთერში ჩატარებულ ამ დაუვიწყარ გაკვეთილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მომდევნო დღეებსა და თვეებში, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაყოლა. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან გაკვეთილად შეიძლება ჩავთვალოთ 11 სექტემბრის მიმართვაც. უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მორიგ დაბომბვას. გვიანი ღამით, როცა პრეზიდენტი საუბრობდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ხარკოვის, სუმისა და პოლტავის ოლქები ჩაბნელებული იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლებას ჰკითხა, ნუთუ კვლავაც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დააშინონ, გატეხონ და დაიყოლიონ უკრაინელები?

„მართლა ვერაფერი გაიგეთ?
ვერ გაიგეთ ვინ ვართ? რისთვის ვართ? რა გვინდა?
ტუჩების მოძრაობით გამოიცანით:
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი - ჩვენთვის ისეთი საშიში და სასიკვდილო არ არის, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობაა“.

მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
და ჩვენ ვიქნებით გაზით, შუქით, წყლით, საკვებით... ოღონდ თქვენ გარეშე!“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამარხზე და ამ სიტყვებით რუსეთის მიერ შევიწროებული ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სათქმელიც თქვა.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის თვალსაზრისში.

თბილისში იმყოფება ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერალი, იურისტი და სამართლის პროფესორი ბერნჰარდ შლინკი, ავტორი მსოფლიო ბესტსელერისა „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის მიხედვითაც, 2008 წელს, ამერიკელმა რეჟისორმა დალდრიმ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG