"ძალიან აღელვებული და გახარებული ვარ. სიმართლე გაირკვა საბოლოოდ და დამტკიცდა ჩემი შვილის უდანაშაულობა. ამის მჯეროდა და მადლობა ყველას", - უთხრა მოზარდის დედამ რადიო თავისუფლებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
საქმე ეხება გასული წლის 30 მაისს, თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში მომხდარ ამბავს, როდესაც 20-მდე მოზარდი სკოლის შემდეგ "საქმის გასარჩევად" შეიკრიბა და შედეგად 15 წლის ბიჭი დაჭრეს.
ამ თემაზე რადიო თავისუფლებამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც გამოკვლეული და აღწერილი იყო ის დარღვევები, რაც ამ საქმის გამოძიებას ახლდა თან. მათ შორის: გამომძიებლების მხრიდან მოზარდებზე ზეწოლა, პოლიციელების მხრიდან ცრუ ჩვენებების მიცემის იძულება და ფაქტების გაყალბება. ამავე გამოძიებაში აღწერილი იყო, როგორ გაქრა 112-ის სერვერიდან ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიციელების კანონდარღვევებს დაადასტურებდა.
მოსამართლემ განხილვის დროს, 12 სექტემბრის სხდომაზე თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება საქმეს დაურთო, როგორც ახალი მტკიცებულება.
მოზარდის უფლებებს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა. პირველივე დღიდან დაცვა ამბობდა, რომ რეალური დამნაშავე გამოძიებას გამოვლენილი არ ჰყავდა. ამის დადასტურება მოახერხა რადიო თავისუფლების ჟურნალისტურმა გამოძიებამაც.
"დღეს სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. 10 თვეა, ვიბრძვით, რომ სიმართლე დადგენილიყო და უდანაშაულო ბავშვი გათავისუფლებულიყო. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ მოწმეებს, რომლებმაც სიმართლე ისაუბრეს, დაზარალებულს, რომელმაც შეძლო დაეძლია წინააღმდეგობა, რასაც ადგილი ჰქონდა და არასწორი ჩვენება მიეცა სხვა მოწმეების მსგავსად. ამ ადამიანმა გამოავლინა დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სიმართლე ისაუბრა", - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
განაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე, 9 ნოემბერს, მოზარდი მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობით, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შუამდგომლობას დაერთო არგუმენტები, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე აღარ არსებობდა.
ბრალდებული გამართლდა - ვინ არის დამნაშავე?
ბრალდებული მოზარდი გამართლებული და თავისუფალია. თუმცა ვინ არის დამნაშავე? ვინ დაჭრა 16 წლის ბიჭი, რომელიც სიკვდილს მხოლოდ შემთხვევითი გამვლელის და ექიმების დახმარებით გადაურჩა?
პროკურატურას უფლება აქვს, არ დაეთანხმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში ამტკიცოს, რომ 15 თებერვალს გამართლებული 16 წლის მოზარდი დამნაშავეა.
გასაჩივრების შემთხვევაში, დავა რამდენიმე თვე გაგრძელდება, გათავისუფლებულ მოზარდს ზემდგომი სასამართლოები, ან კვლავ გაამართლებს, ან ხელახლა დააპატიმრებენ. თუმცა, კანონით, პროკურატურას კიდევ ერთი არჩევანი აქვს: არ გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს განაჩენი ზემდგომ სასამართლოებში და რეალური დამნაშავის დადგენას შეეცადოს. ამ საქმის პროკურორმა ამისათვის სამართლებრივი პროცედურა რამდენიმე თვის წინ მოამზადა. დანაშაული ერთი თვის მომხდარიიყო, როდესაც პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა ცალკე გამოყო საქმე ძალადობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით.
ეს უტოვებს პროკურატურას ბერკეტს, ხელახლა გამოკითხოს ჩხუბში მონაწილე პირები, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, სასამართლოდან გამოითხოვოს გამოკითხულთა ჩვენებები და გამოკვლეული მტკიცებულებები - ეძებოს რეალური დამნაშავის კვალი. .
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
რა მოხდა 2022 წლის 30 მაისს
შემთხვევა თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში, სკოლასთან ახლოს დღისით, დაახლოებით, 13 საათზე მოხდა. პროკურატურის ვერსიაა, რომ 2006 წელს დაბადებული ბიჭი თანატოლმა ცივი იარაღით დაჭრა.
ბრალდებული შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს და მას შემდეგ, 5 თვე, გირაოთი განთავისუფლებამდე, პატიმრობაში იყო.
დაკავებულს თანასკოლელის დაჭრა არასდროს უღიარებია. დაჭრაში ბრალდებულის მონაწილეობას უარყოფს დაზარალებული მოზარდიც.
ამ კონფლიქტს წინ უძღოდა 74-ე სკოლაში სპორტის გაკვეთილზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, როდესაც ორმა მოსწავლემ მასწავლებლისა და მოსწავლეების თანდასწრებით იჩხუბა. მოზარდებმა იქვე დათქვეს, რომ საქმეს გაკვეთილების შემდეგ, სკოლის გარეთ "გაარჩევდნენ".
"გარჩევა" სკოლასთან ახლოს, ე.წ. გარაჟებში გაგრძელდა. იქ 20-მდე არასრულწლოვანი შეიკრიბა, რამდენიმე წამში კი 15 წლის ბიჭს მუცლის არეში ორჯერ მიაყენეს ჭრილობა ცივი იარაღით.