ტრამპმა 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებამდე გაუძლო განხეთქილებას რესპუბლიკურ პარტიაში, მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს წამოჭრილ სამართლებრივ პრობლემებს, მის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობას.
ტრამპმა ასევე გაუძლო დემოკრატიული პარტიის გააფთრებულ თავდასხმას, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ირგვლივ გაერთიანდა.
78 წლის ასაკში ის ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია, ვისაც ოდესმე გაუმარჯვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. წინა რეკორდი მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ეკუთვნოდა, რომელმაც, ოთხი წლის წინ, 77 წლის ასაკში დაამარცხა ტრამპი.
20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპს ასევე შეეძლება, თქვას, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტია. ამერიკის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, გროვერ კლივლენდი, აირჩიეს ორჯერ არა ზედიზედ. ეს 130-ზე მეტი წლის წინ მოხდა.
ტრამპი უკვე გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის იმპიჩმენტიც ორჯერ განხორციელდა. ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
მას ჯერაც წინ აქვს სისხლის სამართლის კიდევ ორი ბრალდება - ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის ხელის შეშლასა და 2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის სავარაუდო მცდელობებთან დაკავშირებით.
ტრამპმა მეოთხე საპრეზიდენტო კამპანიაში დიდი გამოცდილება დააგროვა და დიდი მხარდაჭერა მიიღო.
ბევრი ერთგული მიმდევარი მიესალმა მის უარს ბაიდენის წინააღმდეგ არჩევნებში წაგების აღიარებაზე, მის ცეცხლოვან რიტორიკას პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ და ვარაუდებს, რომ მისი სამართლებრივი პრობლემები მის წინააღმდეგ წამოწყებული "კუდიანებზე ნადირობის" შედეგი იყო.
დონალდ ტრამპი ასევე რეგულარულად ლიდერობდა გამოკითხვებში, სადაც ამომრჩევლებს ეკითხებოდნენ, თუ რომელ კანდიდატს შეეძლო უკეთ გამკლავებოდა იმიგრაციისა და ინფლაციის საკითხებს.
კამპანიის დროს ის ამბობდა, რომ შეეძლო ამერიკის სწორ გზაზე დაყენება, მაშინ, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები იყო არალეგალური იმიგრანტების სიმრავლე, სტაგნაცია და უნიათო საგარეო პოლიტიკა. ამ ყველაფრის უკან კი, მისი თქმით, მთავრობის ჩრდილოვანი წარმომადგენლები და ბიუროკრატები იდგნენ, რომლებსაც ის "ღრმა სახელმწიფოს" - deep state-ს - უწოდებს.
2016 წლის კამპანიის დროს მან ამომრჩევლის გული მოიგო დაპირებით, რომ „ამერიკას დიდებას დაუბრუნებდა“ - დადებდა უკეთეს სავაჭრო გარიგებებს, გაზრდიდა აშშ-ის სამხედრო დაფინანსებას და ქვეყანას მსოფლიოს პატივისცემას აღუდგენდა.
მას ასევე დაეხმარა ნიუ-იორკის უძრავი ქონების მაგნატის სტატუსი, რის გამოც 1980-იანი წლების ბოლოდან უბრალოდ „დონალდად“ მოიხსენიებდნენ. მისი გვარი გამოსახულია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ცათამბჯენებზე. მილიონობით ტელემაყურებელი უცქერდა მის რეალითი შოუს. ტრამპი ბევრის მიერ აღიქმებოდა, როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლია "ჭაობის დაშრობა". ჭაობი მან ვაშინგტონის კორუფციას და ბიუროკრატიას უწოდა.
ამჯერად, 2024 წლის კამპანიისას, ტრამპი აღარ იყო პოლიტიკური აუტსაიდერი; მისი მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ მან გაუძლო ქარიშხალს და დაამტკიცა, რომ ძლიერი, გლობალური მასშტაბის ლიდერი იყო.
არჩევნების შედეგი საბოლოოდ შვიდი, მერყევი შტატის ამომრჩევლებმა განსაზღვრეს, რომელთა უმეტესობამ მიიჩნია, რომ ტრამპი ყველაზე შესაფერისი ლიდერია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების ფონზე.
თავისი პირველი ვადის დროს ტრამპმა ცალმხრივად გამოიყვანა შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და წამოიწყო სავაჭრო ომი ეკონომიკურ კონკურენტ ჩინეთთან.
მან ასევე გამოიყვანა შეერთებული შტატები გლობალური შეთანხმებებიდან, რომლებიც, მისი აზრით, არ იყო ხელსაყრელი ვაშინგტონისთვის და ზეწოლა მოახდინა ნატოს მოკავშირეებზე, რათა გაეზარდათ თავდაცვის დაფინანსება, რაც მათმა უმრავლესობამ გააკეთა.
ტრამპის ადმინისტრაციამ დადო საკამათო გარიგება თალიბანთან, სადაც დაადგინეს პირობები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების სრული გაყვანისთვის 2021 წელს.
ტრამპის ოპონენტებმა ეს შეთანხმება მიიჩნიეს, როგორც თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების საფუძველი. ტრამპმა ბაიდენი და ჰარისი დაადანაშაულა სიტუაციის არასწორად მართვაში, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
თავისი პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპი ცდილობდა შეეცვალა ვაშინგტონის ურთიერთობა რუსეთთან - გაეუმჯობესებინა კავშირები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუმცა, ამავე დროს, მრავალი სადამსჯელო სანქცია მიიღო მოსკოვის წინააღმდეგ.
ტრამპმა თქვა, რომ მისი ურთიერთობა პუტინთან ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ.
ფორუმი