“პური და შოკოლადი” (”Pane e cioccolata” იტალია, 1973, რეჟისორი ფრანკო ბრუზატი)
14 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა ფრანგული ”ახალი ტალღის” მუზა, ანა კარინა, მსახიობი, რომელმაც კინოს მოყვარულებს, პირველ რიგში, ჟან-ლუკ გოდარის ფილმებით დაამახსოვრა თავი. ანა კარინა ყველასთან შესანიშნავია - ანიეს ვარდასთან, ვისკონტისთან, ფასბინდერთან... ვალერიო ძურლინის ფილმში ნახეთ, აბა - ”ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ”; ამდენი გმირია და ანა კარინა მაინც გამორჩეულია. თუმცა ამ კვირაში მე სულ სხვა ფილმი მინდა შემოგთავაზოთ ანა კარინას მონაწილეობით - უსამართლოდ დავიწყებული შედევრი, ფრანკო ბრუზატის ”პური და შოკოლადი”, რომელიც, სხვათა შორის, საბჭოთა კინოთეატრებშიც გადიოდა, როგორც პროპაგანდისტული სურათი, რომელსაც ”კომუნისტურ სამოთხეში” მცხოვრებნი უნდა დაერწმუნებინა, რომ დასავლეთის ქვეყნები არაადამიანური სისასტიკით უსწორდებიან ემიგრანტებს, რომ ყველა ემიგრანტს აქ შიმშილი და გაჭირვება ემუქრება. ბრუზატის ფილმის პრემიერა დაემთხვა საბჭოთა ებრაელთა მასობრივ ემიგრაციას ისრაელში, დაემთხვა იმ დროს, როცა საბჭოთა მწერლები, მსახიობები, მეცნიერები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ დასავლეთში.
”პური და შოკოლადი” არ გამოდგა, როგორც კონტრპროპაგანდის ნიმუში. ყველას, ვისაც ფილმი მოგვეწონა, გვესმოდა, რომ ფრანკო ბრუზატისთვის მთავარი არა კონკრეტული სისტემის კრიტიკა იყო, არამედ, ზოგადად, ადამიანთა უთანასწორობის, შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის მხილება. იტალიელი ნინო გაროფალი, რომლის როლსაც ნინო მანფრედი ასრულებს, სამუშაოსა და ბედნიერი ცხოვრების საძებნელად შვეიცარიაში მიემგზავრება და ცოტა ჰგავს კიდეც ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმხანადაც, როცა ”პური და შოკოლადი” ეკრანებზე გამოვიდა და მერეც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცდილობენ რუსეთში დაიმკვიდრონ ადგილი, იქ კი მათ ”ЛКН”-ს, ანუ ”Лица кавказской национальности”-ს უწოდებენ, ”შავებს” ეჭვით უყურებენ, ქურდებად, გადამყიდველებად, მაფიის ხლართებში ჩართულებად მიიჩნევენ.
ეს მაშინდელი აღქმაა. ”პური და შოკოლადის” აღქმა საბჭოთა პროპაგანდის ფონზე.
მაგრამ დღეს ფრანკო ბრუზატის ტრაგიკომედია, ვეჭვობ, აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქმება. აგერ, ამას წინათ ბიძინა ივანიშვილმა მოგვახსენა, სულ მალე გერმანიაში ლეგალურად შეძლებთ დასაქმებას, ქუთაისიდან გაფრინდებითო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დააიმედა ხალხი: დღეს თუ არალეგალურად მუშაობთ და თქვენს ოჯახებს იქიდან ეხმარებით, ხვალ სხვებსაც ”ოფიციალურად” შეგეძლებათ აიბარგოთო.
ცხადია, გაგვეცინა ამაზე. მწარედ გაგვეცინა.
მოსკოვში, ბედნიერების საძებნელად ჩასული ქართველებისგან განსხვავებით, უმრავლესობას დღეს, ნინო გაროფალის მსგავსად, ენობრივი პრობლემის გადაწყვეტაც არ შეუძლია. ”პური და შოკოლადის” ცენტრალური ეპიზოდია სცენა საქათმეში, როცა სამუშაოს ძებნაში ნინო თანამემამულეებს მიაკითხავს ქალაქის გარეუბანში. იტალიელებს აქ ქათმების მოშენება დაუწყიათ. აუტანელ პირობებში ცხოვრობენ, ერთმანეთს ”ქათმების ენაზე” ელაპარაკებიან (გროტესკის სიმწარე ამ ეპიზოდში კულმინაციას აღწევს). სცენის დრამატული ზემოქმედება ძლიერდება მაშინ, როდესაც მიტოვებული საქათმის ტერიტორიაზე მოულოდნელად ჩნდებიან ცხენებზე შემომსხდარი ქერა (!) შვეიცარიელები. ქათმების გალიიდან ბუმბულში ამოსვრილი იტალიელები ცრემლიანი თვალებით შესცქერიან ”ქერათა ლივლივს”.
”პური და შოკოლადი” თავიდან ვნახე და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ეპიზოდი დღეს მეტისმეტად სწორხაზოვნად აღიქმებოდა, ისევე როგორც მთლიანად ფილმიც. თანამედროვე სოციალურ კინოში, სამწუხაროდ, რაღაც იდეოლოგიური სქემები დამკვიდრდა და ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რომელიმე რეჟისორმა გაბედოს და გაემიჯნოს ამ სქემებს (კარგი მაგალითია გიგა ლიკლიკაძის ”ღორი”, რომელიც ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ არაპოლიტკორექტულობის გამო დაიწუნა სწორედ, თუმცა ამას პირდაპირ არ აღიარებდნენ). ფრანკო ბრუზატის ფილმში სულ გექნებათ მოლოდინი, რომ ”ცივილიზებულ შვეიცარიაში” გადახვეწილი იტალიელები გაერთიანდებიან და ერთად დაიწყებენ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისთვის. ეს სქემა უკვე დაგვაზეპირებინეს და თავში ჩაგვიჭედეს! აგერ, ნინო გაფორმდება ოფიციანტად რესტორანში, სადაც კიდევ ერთი მიგრანტი, ეთნიკური თურქი, მუშაობს. ნინო, რომელსაც შვეიცარიელები განუწყვეტლივ ჭკუას არიგებენ, შენიშვნებს აძლევენ, ანდა, უბრალოდ, დასცინიან, თურქთან დამოკიდებულებაში თითქოს ივიწყებს ამ დამცირებას და თავად იქცევა ”ექსპლუატატორივით”, რადგანაც, ამ თურქთან შედარებით, უფრო ”ცივილიზებული ქვეყნის” მოქალაქედ მიაჩნია თავი. აქ ბრუზატის პესიმიზმი მწვერვალს აღწევს. მას არ სჯერა მონათა სოლიდარობისა. იგი საერთოდ ვერ ხედავს გამოსავალს კატასტროფული უსამართლობიდან, უთანასწორობიდან.
მაგრამ ”პური და შოკოლადი” იმიტომაც არის კარგი ფილმი, რომ თავისი პესიმიზმით და სევდით ჩვენ, მაყურებელს, გვიწვევს ფიქრისთვის და თუ გნებავთ, ბრძოლისთვის. ანა კარინა, ბერძენი ქალი ელენე, შეიძლება ითქვას, ფილმის ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ნინოს მიიღებს სწორედ ისეთს, როგორიც ის არის და არა შენიღბულს და ფერშეცვლილს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). გამოსავალი, შესაძლებელია, არის არა დიდი ჯგუფების, კლასების სოლიდარობაში (ბრუზატი დარწმუნებულია, რომ ეს არ გამოდის), არამედ კონკრეტული ადამიანების უნარში გაუგონ და უთანაგრძნონ ერთმანეთს. ანა კარინას დიდი და ჭკვიანი თვალები, მისი სევდიანი და ოდნავ ირონიული მზერა მაყურებლის ”რაკურსია” სწორედ - ”პური და შოკოლადის” გმირს ჩვენ თითქოს მისი თვალით ვუყურებთ. ნინო გაროფალის დაუხვეწაობა, არასრულფასოვნების კომპლექსები, ზოგჯერ სიმხდალე და გაიძვერობა მისი ერთი მხარეა, მაგრამ მეორეცაა - არტისტულობა, ფანტაზია, მუდმივი ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც საშინელ გაჭირვებაში დატოვა იტალიაში.
არც ცხოვრებაა ”ერთი ჟანრის” და არც ადამიანი. ის ისეთივე ღრმა და მრავალფეროვანია, როგორც ფილმი ”პური და შოკოლადი”.
ერთი რამ კი ძალიან მწარეა ”პური და შოკოლადის” ისტორიაში. იტალია ბრუზატის ფილმში ეკონომიკურად ჩამორჩენილი, გაჭირვებული ქვეყანაა, საიდანაც ადამიანები შვეიცარიაში გარბიან ლუკმაპურის საშოვნელად. იმ დროს, როცა ”პური და შოკოლადი” საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მრავალი წლის შემდეგ ქართველები... სწორედ იტალიაში გაემართებოდნენ სამუშაოს საძებნელად. ეს სამუშაო არალეგალურია. ისეთივე, როგორც სამუშაო, რომელსაც ბრუზატის ფილმში იტალიელები შოულობენ. მაგრამ არაფერია. აგერ, დაგვპირდა ივანიშვილი, რომ სულ მალე ლეგალურად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დატოვებას. ქუთაისიდან, იაფი რეისებით.
ტრაგიკომედიაა ეს. აბა, რა არის?